რუმინეთის ცენტრისტი და მემარცხენე პარტიები, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მემარჯვენე ნაციონალისტური ტალღის მოგერიებას ცდილობდნენ იმ დროს, როდესაც ყურადღება გადაერთო უზენაესი სასამართლოსკენ, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის ანულირების საკითხი უნდა გადაეწყვეტა.
ევროკავშირის და ნატოს წევრ რუმინეთში, არეულობა გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნების 24 ნოემბერს ჩატარებული პირველი ტურის შედეგმა. გამარჯვებას ნაკლებად ცნობილი უკიდურესად მემარჯვენე კანდიდატი მიუახლოვდა, რამაც აღძრა ეჭვი, რომ იმ ქვეყნის არჩევნებში, რომელიც უკრაინის მტკიცე მოკავშირე იყო, გარედან ჩარევა მოხდა.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი რაუნდის ხმების ხელახალი დათვლის ორდერი გასცა და მისი შედეგის საფუძველზე, საპრეზიდენტო კენჭისყრის დამტკიცების საკითხს გადაწყვეტს.
თუ სასამართლო შედეგს დაამტკიცებს, დამოუკიდებელი, უკიდურესად მემარჯვენე გალინ გეორგესკუ 8 დეკემბერს, განმეორებით არჩევნებში, მემარჯვენე ცენტრისტ კანდიდატ ელენა ლასკონის დაუპირისპირდება.
რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტონი გრებლამ ორშაბათს თქვა, რომ პირველ რაუნდში მიცემული 9.46 მილიონი ხმის გადათვლამ დიდი განსხვავებები არ აჩვენა.
რუმინეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანა საკვანძო სამიზნეა ისეთი მტრული აქტორებისთვის, როგორიც რუსეთია და ბრალი დასდო ვიდეოს გამავრცელებელ პლატფორმა „ტიკ-ტოკს“, რომ ერთ კანდიდატს უპირატეს პირობებს უქმნიდა. ყველა ბრალდებას უარყოფს როგორც რუსეთი, ასევე „ტიკ-ტოკი“.
კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტია პირველ ადგილზე გავიდა და სავარაუდოდ მომზადდა ნიადაგი იმისთვის, რაც სავარაუდოდ ცენტრისტულ პარტიებთან შექმნილი კოალიციის პერიოდი იქნება.
საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 99.97 პროცენტის დათვლის შედეგად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 22.3 პროცენტი მიიღო და გაუსწრო უკიდურესად მემარჯვენე ალიანსს „რუმინელების გაერთიანებისთვის“, რომელმაც ხმების 18.3 პროცენტი მიიღო.
ლასკონის ცენტრისტულ ოპოზიციას 12.3 პროცენტი აქვს. მმართველი კოალიციის უმცროს მოკავშირე ლიბერალებს 14.3 პროცენტი, ორ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფს SOS და POT - 7.8 და 6.4 პროცენტი და ეთნიკურ უნგრულ პარტია UDMR-ს 6.4 პროცენტი.
თუმცა, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, საბოლოოდ, დამოკიდებული იქნება იმაზე თუ საპრეზიდენტო რბოლაში ვინ გაიმარჯვებს, რადგან პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და ამის ვადები ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ეს იმას ნიშნავს, რომ გეორგესკუ, შესაძლოა, აღმოჩნდეს პოზიციაზე, რომ უკიდურესად მემარჯვენე პარტიებს, რომლებმაც ერთობლივად ხმების 30 პროცენტი მიიღეს, მთავრობის ჩამოყალიბების შანსი მისცეს.