ოთხშაბათს რუმინეთმა და ბულგარეთმა ევროკავშირის „შენგენის ზონის“ სრული წევრობისთვის, სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი გააუქმეს და შეუერთდნენ ქვეყნების ბლოკს, რომლის მცხოვრებლებსაც საპასპორტო კონტროლის გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ.
შუაღამეს ბულგარეთის სასაზღვრო პუნქტთან ცა ფოიერვერკმა გაანათა, როდესაც ბულგარეთის და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მდინარე დუნაის მეგობრობის ხიდზე ბარიერი სიმბოლურად გახსნეს. გადასასვლელი საერთაშორისო ვაჭრობის ტრანზიტის მნიშვნელოვანი პუნქტია და იქ მოძრაობა ხშირად ფერხდება.
„ეს ისტორიული მომენტია“, თქვა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარ გლავჩევმა. „სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, საბერძნეთიდან ფინეთამდე და დასავლეთისკენ პორტუგალიამდე საზღვრების გარეშე მოგზაურობა შეგიძლია“.
ბულგარეთიდან და რუმინეთიდან საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით მოგზაურობაზე სასაზღვრო კონტროლი 2024 წლის მარტში გაუქმდა, მაგრამ სახმელეთო კონტროლი გრძელდებოდა, სანამ გასულ თვეში ავსტრიამ ვეტო არ გაიწვია. ავსტრიას ვეტო ჰქონდა დადებული, რადგან მიაჩნდა, რომ უწესრიგო მიგრაციის შესაჩერებლად, მეტი უნდა გაკეთებულიყო.
საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგს შორის სასაზღვრო კონტროლი პირველად 1985 წელს გაუქმდა. ახლა „შენგენის ზონა“ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 25 წევრს მოიცავს. ამ ზონაში ასევე არიან ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.
ირლანდია და კვიპროსი „შენგენის ზონაში“ არ შედიან.