ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-რუსეთი: იქნება თუ არა გადატვირთვა 2017


განხილვა კოლუმბიის უნივერსიტეტში
განხილვა კოლუმბიის უნივერსიტეტში

რამდენად რეალურია ამერიკა-რუსეთს შორის ახალი გადატვირთვის პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის დროს? ამერიკელი ანალიტიკოსები, რომლებიც კოლუმბიის უნივერსიტეტის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ერთობლივ სემინარზე შეიკრიბნენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დათბობას ან დათმობას არ მოელიან. ობამას პრეზიდენტობის ადრეულ წლებში მსგავსი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ექსპერტები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად 2008 წლის აგვისტოს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

"გინდათ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება? ეს მარტივია, მიეცით მას მთლიანი გავლენა რეგიონში, რათა გააკეთოს რაც უნდა-საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში და შეიძლება მოსკოვს მადა გაეზარდოს და ბალსტიისპირეთიც მოუნდეს. ამ შემთხვევაში ჩვენს შორის არჩვეულებრივი ურთიერთობა დამყარდება. აღარ დაგვჭირდება არანაირი გადატვირთვა. მაგრამ თუ არ მისცემ ამის საშუალებას, იქნება დაძაბულობა, მუდმივად გააკრიტიკებ მას და ვერ დალაგდება ურთიერთობა. გინდა ცივი ომი დაარქვით, გინდა ცხელი. ამერიკა -რუსეთს შორის მთავარი პრობლემა არის ინტერესები და ფუნდამენტურ საკითხებზე შეჯახება. თუ მოხდება ამის აღიარება, რომ ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით მაშინ რაღაცის შეცვლასაც უნდა ველოდოთ. თუმცა მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი" - ასეთი პროგნოზი პოლიტიკურ სემინარზე პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ კოტკინმა გააკეთა.

ამერიკა-რუსეთს შორის გადარტვირთვის პოლიტიკის მცდელობა ცივი ომის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტს ჰქონდა. ისტორიამ შემოინახა ფოტოები, სადაც რეიგანი და გორბაჩოვი, ჯორჯ ბუში უფროსი და ელცინი, შემდეგ კლინტონი და ელცინი, პუტინი და უმცროსი ბუში, პუტინი და ობამა ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მეგობრულად იღიმიან. მორიგი ფოტოს მოლოდინში, კი ექსპერტები ანალიზს წარსულს უკეთებენ. მათი შეფასებით, ყველაზე რთული რეალობა და ურთიერთობების რადიკალურად გართულება ელცინის შემდგომი პერიოდიდან იწყება. პიკი 2008 წლის საქართველოში განვითარებული მოვლენებია. აგვისტოს ომი ამერიკელი ექსპერტების აზრით არის მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი, რაც ორ ქვეყანას შორის შორის ურთიერთობების მოწესრიგებას ხელს შეუშლის. დენიელ ნექსონი პენტაგონში რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის სამხედრო საკითხებზე მაშინ მუშაობდა, როდესაც სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ ინიციატივის შესახებ განაცხადა.

დენიელ ნექსონი "ჯორჯთაუნის" უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ამერიკაში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. მაშინ ბარაკ ობამა გამოვიდა და ზომიერი განცხადება გააკეთა, ორივე მხარეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ამას მოჰყვა მკაცრი კრიტიკა, რადგან მან გამოკვეთილად მხარი არ დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას, რასაც შემდგომ მეორე განცხადება მოჰყვა, სადაც ის რუსეთს აკრიტიკებდა და საქართველოს მხარდჭერას უცხადებდა. ეს მოვლენები ისედაც ძალიან რთულ საარჩევნო პროცესებს დაემთხვა შეერთებულ შტატებში, რომლის დროსაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაკკეინი იყო. საპრეზიდენტო კანდიდატების დამოკიდებულებამ ამ მოვლენის მიმართ ამერიკის უსაფრთხოების ინტერესები გამოკვეთა. საინტერესო იყო გავლენა თავად კამპანიაზეც. როდესაც მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და შეუძლებელია მისი ნდობა და მოლაპარაკება, საინტერესო იყო რას იტყოდა ობამა. მის შტაბში იყვნენ საქართველოს ინტერესების დამცველები, იყო ორაზროვანი შეხედულებებიც, რუსეთთან ურთიერთობის ესკალაციასაც ერიდებოდნენ. ამან გავლენა შემდგომ თვეებზეც იქონია. რათქმაუნდა ობამამ მოიგო არჩევნები. მალევე ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა გახდა, რაც როგორც ცნობილია, უშედეგოდ დასრულდა.

იუვალ ვებერს კარნეგის მოსკოვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება აქვს. მან რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ აღარ უნდა ჩაითვალოს რუსეთი, მისი სურვილის მიუხედავად, დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნად. ის თვლის, რომ პუტინის რუსეთი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გავლენას კარგავს. ერთ-ერთ მაგალითად მას მოჰყავს უკრაინის ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მცდელობა, რაც რუსეთის მორიგი მიზანი საქართველოსთან აგვისტოში საომარი მოქმედებების შემდეგ გახდა.

იუვალ ვებერი: რუსეთის მიზანი იყო, უკრაინა რომელსაც ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, ევრაზიულ კავშირში შეეყვანა. ორგანიზაცია, რომელიც პუტინის აზრით იქნებოდა ევროკავშირის ვერსია, რომელიც იქნებოდა ეკონომიკური და უსაფრთხოების ბლოკი რეგიონში. ევრაზიულ კავშირში ცენტრალური ქვეყანა უკრაინა უნდა ყოფილიყო. უკრაინის გარეშე ევრაზიის კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და სხვა პატარა ქვეყნები დარჩნენ. რუსეთმა უკრაინის დამორჩილება ვერ მოახერხა და ამიტომ ვერც რეგიონს აკონტროლებს. ძლევამოსილი ქვეყანა რომ იყოს, რუსეთს რეგიონზე სრული გავლენა უნდა ჰქონდეს.

რამდენად რეალურია კვლავ გაგრძელდეს ნატოს გაფართოება და ამ ჭრილში საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელება. ამერიკის ხმას ამ კითხვაზე დენიელ ნექსონმა უპასუხა.

დენიელ ნექსონი: იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხში საქართველოს მუდმივად აქვს ამერიკის მხარდაჭერა, ორგანიზაციაში მაინც არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს წევრობა ძალიან სარისკო იქნება. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ზოგადად საქართველოს მხარდამჭერებად ითვლებიან და უსაფრთხოების საკითხებში მოსალოდნელია, რომ ასეც გაგრძელდეს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციისგან რა ახალი იდეები იქნება საგარეო კუთხით, ამ სიგნალებს საქართველოს მსგავსად კიდევ ბევრი სხვა ქვეყანაც ელოდება.

XS
SM
MD
LG