რესპუბლიკელების ნაწილმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 11 თებერვალს ნატოზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ტრამპმა მისი პრეზიდენტობის დროინდელი საუბარი გაიხსენა და თქვა, მაშინ ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ თუ ალიანსის ქვეყნები თავდაცვაზე იმდენს არ დახარჯავენ, რამდენიც ეკუთვნით, მაშინ ამერიკა მათ რუსეთის პოტენციური საფრთხისგან არ დაიცავს.
"სწორედ ამიტომ ვამბობ ამდენი ხანია, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის შესაფერისი არ არის", - განაცხადა კრის კრისტიმ, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, რომელიც პრეზიდენტობისთვის პარტიის ნომინაციისთვისაც ბრძოლას ცოტა ხნის წინ გამოაკლდა.
შაბათს, სამხრეთ კაროლინაში ტურის დროს, ტრამპმა დაიჩივლა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი საკმარისს არ ხარჯავს, ან დროულად არ გამოყოფს თავდაცვაზე დასახარჯ თანხებს.
"არა, მე არ დაგიცავდით. მეტიც, მოვუწოდებდი [რუსეთს] რომ რაც გაუხარდებათ ის გაეკეთებინათ. უნდა გადაიხადოთ", - განაცხადა ტრამპმა.
თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებებს, "შემაძრწუნებელი" უწოდა. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოწვია დასავლელი ლიდერებისგანაც.
ნატოს წევრ ქვეყნებს პირობა აქვთ დადებული, რომ თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ ცოტა, 2 პროცენტი მაინც უნდა დახარჯონ. თუმცა, ალიანსის 31 წევრიდან 2 პროცენტიან ვალდებულებას მხოლოდ 11 ქვეყანა ასრულებს. ეს დაძაბულობას იწვევს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც ალიანსის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ.