უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, საცხოვრებელი სახლი 7.1 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა და ქვეყნის შიგნით სხვაგან შეაფარა თავი. უკრაინელ დევნილთა შესახებ ახალი ანგარიში სამშაბათს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) გამოაქვეყნა.
ეს ორგანიზაციის უკვე მეორე ანგარიშია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მარტის შუა რიცხვებთან შედარებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში უკრაინაში დევნილთა რაოდენობის 10%-იან ზრდას აჩვენებს.
"ხალხი ომის გამო შინიდან გარბის... ჰუმანიტარული დერეფნები სასწრაფო საჭიროებას წარმოადგენს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხოდ მოხდეს, უზრუნველყოფილ იქნას მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება" - ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ანტონიო ვიტორინო.
უკრაინელ დევნილთა 50%-ზე მეტს ბავშვები ჰყავს. მათ 57%-ს მოხუცები შეადგენენ და 30%-ს ქრონიკული დაავადებები აქვს. ანგარიში ასევე საუბრობს მათ შორის შემოსავლის მკვეთრ კლებაზე ან მის არქონაზე. იძულებით გადაადგილებულთა შორის მესამედს ბოლო ერთ თვეში არანაირი შემოსავალი აღარ ჰქონია.
ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფო საჭიროებებს შორის სახელდება: ნაღდი ფული და ფინანსური მხარდაჭერა, ტრანსპორტირება, საკვები, თავშესაფარი, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური და ფსიქოლოგიური დახმარება, თუ საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის პრევენციის წინააღმდეგ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაცია მთავრობებს და მიგრანტებს სთავაზობს რჩევებს და მომსახურებას, დახმარებას უწევს იძულებით გადაადგილებულებს, ლტოლვილებს და მიგრაციის სამსახურებს.
Facebook Forum