ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხოვრება სინათლის გარეშე


ამ დრომდე ვერ ხერხდება გარკვევა იმის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ომის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის კომუნალური მომსახურების ხარჯების დაფარვაზე

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:01 0:00
ბმული
დღეს უშუქობის მეათე დღეა იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის, რომლებიც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში არიან შესახლებულნი. ამ დრომდე ვერ ხერხდება გარკვევა იმისა, თუ ვინაა პასუხისმგებელი ომის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების კომუნალური მომსახურების ხარჯები დაფაროს.

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 9 ობიექტია, სადაც ცხოვრობენ დევნილები, ვისაც დევნილის სტატუსი არ გააჩნია. „ამერიკის ხმას“ არაერთხელ გაუშუქებია ვითარება, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლებშია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. ეს ოჯახებიც, რომელთა საცხოვრებელი პირობები ჩასახლების ობიექტებში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, სწორედ ამ ტერიტორიებიდან გახდნენ იძულებულნი წამოსულიყვნენ.

ერთგვარი არაორდინალური ვითარების გამო, ისინი დევნილის სტატუსს ოფიციალურად ვერ იღებენ. კანონმდებლობა, რაც ამ საკითხს აწესრიგებდა 2011 წლის შემდგომ იმგვარად შეიცვალა, რომ პირი, თუ ის მაინცდამაინც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი არ იყო, დევნილის სტატუსს ვერ იღებდა. რეალურად კი ქვეყანაში აღმოჩნდა ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელიც დევნილი არა ოკუპირებული ტერიტორიიდან, არამედ ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან იყო, თუმცა მათი სახლები ისეთ ადგილას მდებარეობდა, სადაც ცხოვრება, უსაფრთხოების არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო. ასეთ ოჯახებს სახელწიფომ თავშესაფარი საბავშვო ბაღებში მისცა და კომუნალურ ხარჯებსაც უნაზღაურებდა, ელოდა რა, საფრთხის განეიტრალებას და ფიქრობდა ამ ადამიანების დაბრუნებას სოფლებში. თუმცა ომიდან ხუთი წლის შემდომაც კი ამგვარი პერსპექტივა ბუნდოვანია. მიმდინარე წელს ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარი თქვა. მიზეზს, რასაც სამინისტრო ამ შემთხვევაში ასახელებს ისაა, რომ საბავშვო ბაღებში მაცხოვრებელი ადამიანები სტატუსიანი დევნილები არ არიან, ამდენად, სამინისტრო გონივრულად მიიჩნევს მათზე პასუხისმგებლობა მოიხსნას. ამგვარი მიდგომის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა იმ ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს, სადაც ეს ადამიანები არიან ჩაწერილი. ამ შემთხვევაში ეს გორის მუნიციპალიტეტია, თუმცა გორის მუნიციპალიტეტს, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პრობლემა გასულ წელს ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებია, საამისო თანხებსაც ვერ პოულობს. ამ მოჯადოებულ წრეში კიდევ ერთი მოთამაშე ენერგო პრო ჯორჯიაა, კომპანია, რომელმაც 28 ათასი ლარის დავალიანების გამო დევნილებს ელექტროენერგია გაუთიშა და თანხის ანაზრაურებას ითხოვს.

ლელა დავითაძე ერთ-ერთია, ვინც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზიდან, რომელიც ამჟამად ქართველი სამართალდამცავების მიერ კონტროლირებადი სოფელია, წამოსულიყო. მათი ოჯახის კუთვნილი სახლი იმ ზონაშია მოყოლილი, სადაც, ადმინსიტრაციული საზღვარი გადის. სახლი ომის შემდეგ დაზიანდა, რეაბილიტაციისთვის სოფლებში ჩასული ჯგუფებისთვის 2008 წელს, შემოდგომაზე სახლამდე მისვლა, შეკეთების მიზნით, შეუძლებელი აღმოჩნდა. პასუხისმგებლობას მათ უსაფრთხოებაზე, დაბრუნების შემთხვევაში დღესაც ვერავინ იღებს, ამიტომ ლელა ჯერაც საბავშვო ბაღში რჩება მეუღლესთან, დედამთილთან და თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომლებიც ომის შემდგომ დაიბადნენ ამავე საბავშვო ბაღში.

„დიდი სისუფთავე არც მაშინ იყო, როდესაც წყალი მოდიოდა, საბავშვო ბაღში 25 ოჯახია შემოსახლებული და მხოლოდ ორი საერთო საპირფარეშოა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება. კანალიზაციის სისტემაც გაფუჭებულია. წყლის შეწყვეტის შემდეგ, რადგან ესეც დენზეა დამოკიდებული, შენობაში ცხვირს ვერ შეჰყოფ, აუტანელი სუნია. მოტანილი წყლით რამდენ ხანს გაძლებ? ელექტროენერგია დავალიანების გამო არ გვაქვს, მთავრობა არ რიცხავს,“-
ამბობს ლელა დავითაძე.

ლელას ოჯახი ახლა სოციალური შემწეობითაც ვერ სარგებლობს, რადგან მისმა მეუღლემ თბილისში სამსახური იშოვა, 400 ლარის ანაზრაურებით. დასაქმებული წევრი თუა ოჯახში, სოციალური შემწეობა უქმდება. ლელა დავითიძე:

„ჩემი დედამთილი სამშვიდობო ჯარში მუშაობდა, რომელიც ნიქოზში იდგა ომამდე. მისი სახელფასო საბანკო ბარათით კრედიტი ავიღეთ, სახლის გარემონტება გვინდოდა ნიქოზში. ომამდე ხდებოდა ეს, ინვისი, ივლისში, აგვისტოში ხომ ომიც დაიწყო. ახლაც იქაა ცემენტი, ეზოში გაქვავდა, ოთხასი ლარი გადავიხადეთ. ორიათასამდე საშენი ბლოკიც გვქონდა ნაყიდი, ისიც ეზოშია ახლა ნიქოზში, 400-500 ცალი თუ იქნება დარჩენილი, ტანკებმა რომ იარეს, დაიმტვრა. ომის წინ გამოტანილ კრედიტს ახლაც ვიხდით. რაღაც პერიოდში ვეღარ ვფარავდით ამ ვალს, შემდეგ დავალიანება დაგვერიცხა და თანხა გაიზარდა. ახლა ნაწილ-ნაწილ, დროში გაგვიწერეს დავალიანება და ვფარავთ თანდათან.“

ცისანა თაზიაშვილიც საბავშვო ბაღში ცხოვრობს უკვე მეხუთე წელია. სოციალური აგენტი, რომელმაც მათი ოჯახი შეამოწმა, რათა დადგენილიყო, იმსახურებდა თუ არა ის სიღარიბის პროგრამაში ჩართვას, თაზიაშვილები საბავშვო ბაღის შენობაში აღწერა. ქალბატონი ცისანა ამბობს, რომ ელქეტროენერგიის გარეშე ისინი წყალსაც ვერ იღებენ, წასასვლელი კი არსად აქვთ, ოფიციალური უწყებები კი რომლებსაც მიმართავენ მხოლოდ სხვადასხვა სტრუქტურებში ამისამართებენ.

„არ გვაქვს წყალი, არ გვაქვს შუქი, არ გვაქვს გაზი, არანაირი პირობები არ გვაქვს. ისეთი ანტისანიტარიაა ჩვენს საბავშვო ბაღში, რომ აქ არავინ არ იცხოვრებდა. ზარდიაანთკარში ვერ ვბრუნდებით. სოფელი ახლა კი კონტროლდება, ჩვენი პოლიცია ხომ შევიდა შარშან იქ, მაგრამ ვერ ვბრუნდებით, რადგან სახლები ნგრევის პირასაა. ჩემს სახლში წყალი ჩამოდის წვიმის დროს. კედლები დაბზარულია. ერთ კედელს კი არაუშავს, მაგრამ მეორე მხრიდან, ზემოთ სართულიდან ქვები ცვივა. პირდაპირ ცვივა ქვები. დაბომბისგან და აფეთქებებისგანაა ასე. ამის გამო ვერ ვბრუნდებით. თუკი დაგვეხმარებიან სოფელში, ჩვენ არ ვთხოულობთ საბავშვო ბაღში ცხოვრებას. მაგრამ რამით ხომ უნდა დაგვეხმარონ. აბსოლუტურად ყველა ვაშლის ხე გამხმარია, გუშინ იქ ვიყავი, ჩემი თვალით ნანახს გეუბნებით. ერთ ვაშლსაც კი ვერ მოისხავს. ამ ხუთი წლის მანძილზე უწყლობით გადახმა ხეები,“- ამბობს ცისანა თაზიაშვილი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი თამაზ გვიმრაძე განმარტავს, რომ საბავშვო ბაღებში ჩასახლებული ოჯახების ელექტროენერგიით უზრუვნელყოფის საკითხი ამჟამად ცენტრალურ დონეზე განხილვის პროცესშია.

„გორის მუნიციპალიტეტმა სთხოვა სამინისტროს, რომ შეიქმნას კომისია, რათა გაირკვეს, ვის ეკუთვნის ამ შენობებში ყოფნა და ვის არ ეკუთვნის. ეს დავალიანება და ეს ყველაფერი იწვევს პრობლემებს“,- ამბობს გვიმრაძე.

შიდა ქართლში მეათე დღეა ელექტროენერგია გათიშული აქვს იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეგრეთ წოდებულ უსტატუსო დევნილებს ცხრა ჩასახლებაში.
XS
SM
MD
LG