ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ შეიძლება ახალი რაკეტით კიევში "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს" დაარტყას


28 ნოემბერს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დასავლური წარმოების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის პასუხად, რუსეთმა შეიძლება თავისი ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკი", კიევში „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ თავდასხმისთვის გამოიყენოს.

ამ დრომდე, ომის 33 თვის განმავლობაში, რუსეთს უკრაინის მთავრობის სამინისტროებზე, პარლამენტზე ან პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა არ მიუყენებია.

კიევი კარგად არის დაცული ანტისაჰაერო საშუალებებით, მაგრამ პუტინი ამბობს, რომ შეუძლებელია გზა გადაუჭრან რაკეტა „ორეშნიკს“, რომელიც რუსეთმა უკრაინის ქალაქისკენ პირველად გასულ კვირაში გაუშვა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წარმოების შორი რადიუსის რაკეტებით მიმდინარე დარტყმებზე პასუხს გავცემთ. როგორც უკვე ითქვა, მათ შორის შესაძლოა „ორეშნიკის“ საბრძოლო ვითარებაში გამოცდის გაგრძელებითაც, როგორც ეს 21 ნოემბერს მოხდა“, - უთხრა პუტინმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების ალიანსის ლიდერებს, ყაზახეთში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე.

„ამჟამად, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი, უკრანის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის სამიზნეებს არჩევენ. ეს შეიძლება იყოს სამხედრო ობიექტები, თავდაცვითი და ინდუსტრიული საწარმოები, ან კიევში გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები“, განაცხადა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო პუტინის მიერ „ორეშნიკის“ „რეკლამა“, როგორც ტაქტიკა იმისთვის, რომ ომის დასრულების მცდელობები ჩაშალოს. კერძოდ, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობა.

„ის გააგრძელებს თავისი „ორეშნიკის“ გამოყენებას მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაშალოს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა, რომელსაც ის ინაუგურაციის შემდეგ უეჭველად გააგრძელებს. პუტინს სურს ვითარების იმ ზომამდე ესკალაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობები წარუმატებელი იყოს, რათა მან ომის დასრულება ვერ შეძლოს“, თქვა ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში.

XS
SM
MD
LG