პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო უარს ამბობს მოლაპარაკებების გახსნაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2028 წლამდე, თბილისში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები მოითხოვენ პრორუსული კურსის ცვლილებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას. პროტესტის განმავლობაში, პოლიციამ 150 ადამიანი დააკავა და მათ ნაწილს სასტიკად გაუსწორდა.
30 ნოემბერს, პროტესტის რამდენიმეგზის დარბევისა და სასტიკად მოპყრობის შემდეგ, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება და პოლიციის ქმედებას სიმხეცე უწოდა.
მისი თქმით, „ფიზიკური ანგარიშსწორება, კიდევ მსუბუქი ნათქვამია. ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეც-რაზმელები, როდესაც დაკავების შემდეგ, მანქანით გადაჰყავდათ იზოლატორში. ამ შუალედში მათზე ხორციელდებოდა ისეთი იმდაგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება... ვნახე ადამიანი, ვისაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთი ჭრილობებით სავსე. ეს არის რაღაც სიმხეცე. ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავის უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. გასაგებია, შეიძლება, ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა. ასეთი რამ დაუშვებელია. მინდა მოვუწოდო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები. ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი. გაცილებით მეტი, ვიდრე წინა და ერთი წლის წინ აქციებზე. ეს პროცესი თუ არ შეჩერდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში,“- აცხადებს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
სახალხო დამცველი დღეს პირველად გამოჩნდა კამერების წინ, მას შემდეგ, რაც აქციების დარბევა დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ, 26 ნოემბერს, ომბუდსმენი საკუთარი თანამშრომლებისგანვე აღმოჩნდა კრიტიკის ქვეშ იმის გამო, რომ ის დაესწრო პარლამენტის პირველ სხდომას 25 ნოემბერს. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების განცხადებით, ამით, სახალხო დამცველმა კონსტიტუცია დაარღვია.
"25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს. ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას,"- განაცხადეს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა.
საკუთარი უწყების წარმომადგენლებისგანვე მიღებული კრიტიკის შემდეგ, ლევან იოსელიანმა დღეს პირადად მოინახულა აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანები დიღმის იზოლატორში. მისი თქმით, ომბუდსმენის მოვალეობა ადამიანის უფლებებზე მონიტორინგია. დაესწრება თუ არა პირადად, საპროტესტო აქციებს, მონიტორინგის მიზნით, ამის თაობაზე ჟურნალისტის კითხვისთვის მას პასუხი არ გაუცია.