მთავრობის წარმომადგენლებისგან ინტენსიური მესიჯები კონფლიქტის ზონის შესახებ ბოლო ორი დღეა ისმის. გუშინ "პარტიოტთა ალიანსთან" შეხვედრისას პარლამენტში პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის მიღებას თავად აპირებს.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ერთად. ყველაფრის გასაჯაროება, ალბათ, რთული იქნება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, პირველ რიგში ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან მინიმუმ მინისტრის დონეზე გადავიდეთ. მე მზად ვარ, პრემიერ მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფუნქცია და მანდატი მივანიჭოთ ამ ფორმატს,“ თქვა პრემიერმა.
ეს განცხადება მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სიფრთხილით შეაფასეს. გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტარმა "ქართული ოცნებიდან" განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა პრემიერის სიტყვები სხვანაირად გაიგეს.
კონფლიქტის ზონების თემატიკა დღესაც მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენდა კვირიკაშვილის ტექსტში, პარლამენტში. მართალია, დღეს მას უკვე აღარ უხსენებია ჟენევის დისკუსიებში პირადად ჩართვის თაობაზე, თუმცა განაცხადა იმის შესახებ, რომ მისი დონე უნდა აიწიოს.
„ჩვენ ვდგამთა ნაბიჯებს საერთაშორისო მასშტაბით იმისთვის, რომ მოვახერხოთ ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის გააქტიურება. გვინდა დონე ავწიოთ ამ ფორმატში და მოვახერხოთ ის, რომ გვქოდეს შესაძლებლობა ამ ფორმატშიც ვიმსჯელოთ კონფლიქტის დარეგულირებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენ ის აუცილებლად უნდა გადავჭრათ, რადგან სიტუაცია კონფლიქტურ ტერიტორიებზე არის ძალიან საგანგაშო. არის საგანგაშო, რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის კუთხითაც. მაგრამ არის საგანგაშო ნამდვილად, თვითონ აფხაზეთისთვის და აფხაზებისთვის, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით და რა თქმა უნდა, ოსებისთვის. მილიტარიზაცია ამ რეგიონებში შეუქცევადად მიდის. ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ჩვენ ყველა ერთად ამას ვუმკურნალებთ,“ ნათქვამია განცხადებაში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთვან ციხელაშვილი აცხადებს: „ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან იმაზე, რომ მოლაპარაკებების ის ფორმატები, რაც გვაქვს, კიდევ უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული, მით უმეტეს, ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს, რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ. იმისთვის, რომ ეს ფორმატი გახდეს ქმედითი იმ საკითხების მიმართ, რაც არის დღის წესრიგში. პრემიერმა ისაუბრა ფართომასშტაბიანი მოგვარების პერსპექტივებზე, რაც ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.“
საქართველოსა და რუსეთს 2011 წლიდან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, რომელიც უკვე შვიდი წელია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, მას აქტუალობა არ დაუკარგავს. ხელშეკრულება პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად დაიდო. რუსეთთან ომიდან სამი წლის შემდგომ, 2011 წელს საქართველომ ხელი მოაწერა მისთვის არც თუ მომხიბვლელ და ბევრი შეფასებით უხერხულ თანხმობას რუსეთისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. სანაცვლოდ, მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად აფხაზეთთან – ფსოუსთან და სამხრეთ ოსეთთან – როკთან ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა მომხდარიყო. ამ პროცესის უზრუნველმყოფად კი ნეიტრალური მხარის, შვეიცარიის კომპანია უნდა ქცეულიყო.
მას შემდგომ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი განცხადება გაკეთდა, თუმცა საქმე ადგილიდან არ დაძრულა. მაქსიმუმი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა და რის თაობაზეც ქართული მხარე მუდმივად აცხადებდა წლების მანძილზე, გახლავთ ის, რომ თბილისს ყველანაირი პროცედურა უკვე გავლილი და დასრულებული აქვს და რომ ტვირთბრუნვის აღრიცხვის პროცესის დაწყებას ხელი იმის გამო ეშლება, რომ რუსეთს ანალოგიური პროცედურები არ გაუვლია.
პარალელურად, რუსული მხარიდან გაკეთებულ განცხადებებში ისმოდა იმის თაობაზე, რომ თბილისი არ თანამშრომლობს ამ საკითხზე. შვეიცარული კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA) ტვირთბრუნვის კონტოლისთვის შეირჩა, მაგრამ ამას ადგილის ტკეპნისთვის ხელი არ შეუშლია. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ „საქართველოს საზღვარი აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ყველა პარტნიორი, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს საზღვარს აღიარებს საერთაშორისოდ არსებულ საზღვრებში. რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, ის ეხება არა საზღვრებს, არამედ სავაჭრო კორიდორებს. კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა შემოსავლების სამსახურსა და კერძო კომპანია SGS –ს შორის, არის მხოლოდ და მხოლოდ საიმპლიმენტაციო კონტრაქტი იმ ძირითად შეთანხმებისა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს. ეს ხელშეკრულება ყველასთვის კარგად ცნობილია და ყველას შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, რომ ის არავითარ დამატებით ვალდებულებას არ გულისხმობს. კონტრაქტის მიხედვით, ეს კერძო კომპანია ვალდებულია მოახდინოს მონიტორინგი იმ პირობების შესაბამისად, რაც დაფიქსირებულია 2011 წლის შეთანხმებაში.“
კვირიკაშვილმა დღეს ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, რომ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით სამთავრობო გუნდი სერიოზული წინადადებების პაკეტის ინიცირებას აპირებს, რომლის თაობაზეც მოგვიანებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გააჟღერებს ინფორმაციას.
მანამდე კი კონფლიქტის ზონაში ადამიანთა უკანონო დაკავების პროცესი გრძელდება. უკანასკნელი ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ქალბატონი, რომელიც ოჯახის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვის მოვლით იყო დაკავებული, რუსმა მესაზღვრეებმა დაატყვევეს და ცხინვალში გადაიყვანეს.