შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს ხვდება. 22 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, ელ-სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკლ პომპეოს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი 10 წელიწადში პირველი ოფიციალური პირია შეერთებული შტატებიდან, რომელიც ელ-სალვადორს ესტუმრა. თავის მხრივ სახელმწიფო მდივანმა ბუკელეს შეერთებული შტატებთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
“ელ-სალვადორის ახალმა ხელისუფლებამ, ნათელი არჩევანი გააკეთა ებრძოლოს კორუფიცას, ხელიშეუწყოს სამართლიანობას და ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან”, - განაცხადა მან. შეხვედრაზე მან ასევე ხაზი გაუსვა ელ-სალვადორის მიერ ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდაჭერას და მადუროს არალეგიტიმურ მმართველად გამოცხადების მნიშვნელობას.
კითხვაზე, როგორ აღიქვამს ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მაშინ, როცა ვაშინგტონმა ელ-სალვადორს, გვატემალასთან და ჰონდურასთან ერთად დახმარება შეუჩერა აშშ-ის სამხრეთის საზღვარზე იმიგრანტების ტალღის გამო, ელ-სალვადორის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ ელის "უფასო ფულს" და ესმის, რომ საჭიროა ქვეყნის შიდა მდგომარეობის გააუმჯობესება.
კონგრესი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რომ აღადგინოს დახმარება ელ-სალვადორის, გვატემალას და ჰონდურასისთვის. კანონმდებლები ორივე პარტიიდან ამბობენ, რომ იმ ქვეყნებისთვის რომლებიც უკიდურეს სიღარიბეს ებრძვიან, დახმარების შეწყვეტა კონტპროდუქტიულია და პირიქით, ხელს შეუწყობს ემიგრაციის ზრდას.
სან-სალვადორში ჩასვლამდე, სახელმწიფო მდივანი, მექსიკაში, ეკვადორში და არგენტინაში იმყოფებოდა. საუბარი ვენესუელის პოლიტიკურ კრიზისს, კრიზისის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს და აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე იმიგრაციას შეეხო.
ბუენოს-აირესში სახელმწიფო მდივანმა 1994 წლის ტრაგედიის მემორიალი მოინახულა. მაშინ, დაჯგუფება ჰეზბოლამ ებრაულ კულტურულ ცენტრზე შეტევა მიიტანა, შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა.
"ისინი ტერორისტული ჯგუფის წევრებმა მოკლეს, რომელსაც იმ დღეს ირანი ეხმარებოდა", - განაცხადა პომპეომ ბუენოს აირესში. "ტერორიზმის რისკი რეალურია თითოეული ჩვენგანისთვის, და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", - განაცხადა პომპეომ.
Facebook Forum