ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის რეიტინგი ეცემა


დარია მარჩენკოს "ომის სახე", რუსული ტყვიებით შესრულებული პუტინის პორტრეტი.
დარია მარჩენკოს "ომის სახე", რუსული ტყვიებით შესრულებული პუტინის პორტრეტი.

ასობით მილიონი დოლარის პროპაგანდისტულ მანქანაში დაბანდების მიუხედავად, რუსეთი და მისი ლიდერი მხოლოდ სამ ქვეყანაში: ვიეტნამში, განაში და ჩინეთში მოსწონთ.

აგვისტოს ომის დაწყების 7 წლისთავამდე სამი დღით ადრე ვაშინგტონში მოქმედმა პიუს კვლევითმა ცენტრმა რუსეთის შესახებ საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი ქვეყნის გარეთ ძალიან დაბალია. ასობით მილიონი დოლარის პროპაგანდისტულ მანქანაში დაბანდების მიუხედავად, რუსეთი და მისი ლიდერი მხოლოდ სამ ქვეყანაში მოსწონთ: ესენია: ვიეტნამი, განა და ჩინეთი. საშუალოდ მოსკოვის პოლიტიკას დადებითად მსოფლიოს მოსახლეობის სულ 30 პროცენტი აფასებს და კიდევ უფრო ნაკლები, 24 პროცენტი თვლის, რომ პუტინი მსოფლიო პოლიტიკაში დადებით როლს თამაშობს.

პიუს კვლევითი ცენტრის ანალიზში რუსეთის პოპულარობის მონაცემები რამდენიმე წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, მათ შორის ამერიკის, ჩინეთის და გერმანიის რეპუტაციასთან არის შედარებული. ანალიტიკოსები რამდენიმე დასკვნას გამოყოფენ:

  • მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რუსეთის პოლიტიკას უარყოფითად აფასებს
  • რუსეთის რეიტინგი ამერიკასთან შედარებით მთელ მსოფლიოში გაცილებით დაბალია
  • ორივე ქვეყანაში, რუსეთში და ამერიკაში, ერთმანეთის შესახებ წარმოდგენა თანდათან უარესდება
  • ჩინეთს და რუსეთს შორის განსხვავებული დინამიკაა: რუსეთში ჩინეთის რეიტინგი გაიზარდა, მაშინ როცა ჩინეთში რუსეთის ავტორიტეტი კლებულობს
  • გერმანიაში რუსეთის რეიტინგმა კლება ჯერ კიდევ უკრაინის კონფლიქტამდე დაიწყო. რუსეთში გერმანიის რეიტინგი 2011 წლიდან იკლებდა, მაგრამ 2013-ის შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო
  • ვლადიმირ პუტინს მთელ მსოფლიოში ცუდი რეპუტაცია აქვს
  • ამერიკის ლიდერის, ბარაკ ობამას რეიტინგი რუსეთის პრეზიდენტთან შედარებით მთელ მსოფლიოში ბევრად მაღალია

პიუს კვლევითი ცენტრის ფოტო
პიუს კვლევითი ცენტრის ფოტო

შეერთებულ შტატებში რუსეთზე შეხედულება ბოლო წლებში გაცილებით გაუარესდა. თუ 2011 წელს მოსკოვის პოლიტიკას ამერიკელთა თითქმის ნახევარი, 49 პროცენტი დადებითად აფასებდა, ეს მონაცემი 2015 წელს 22 პროცენტამდე ჩამოვიდა. ანტირუსული სენტიმენტები სხვადასხვაა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. 50 წელს გადაცილებულ ამერიკელებში მოსკოვის პოლიტიკას გაცილებით უფრო კრიტიკულად უყურებენ და რუსეთი 78 პროცენტს არ მოსწონს. მაშინ, როცა 18-დან 29 წლამდე ამერიკელებში ეს მონაცემი 56 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივ ჯგუფებში მსგავსი განსხვავებებია კანადაში, ესპანეთში და ავსტრალიაში. საინტერესოა პარტიული ნიშნით მიღებული სხვაობა, რომელიც საფრანგეთში ფიქსირდება: მართალია, ორივე წამყვან პარტიაში რუსეთი უმეტესობას არ მოსწონს, მაგრამ ფრანგ სოციალისტებში რუსეთს უარყოფითად 78 პროცენტი აფასებს, მემარჯვენეებში კი - 67.

რუსეთზე ყველაზე ცუდი შეხედულება პოლონეთში და იორდანიაში აქვთ, ორივე ქვეყანაში ეს მონაცემი 80 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდის: ისრაელი 74 პროცენტით, იაპონია 73-ით, გერმანია და საფრანგეთი 70-70-ით. რაც შეეხება დადებით შეფასებებს, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად რუსეთი ვიეტნამში მოსწონთ, 75 პროცენტს. მეორე ადგილზეა განა 56 პროცენტით და მესამეზე - ჩინეთი 51-ით. პრეზიდენტ პუტინს ყველაზე კრიტიკულად ესპანეთში აფასებენ (91%). შემდეგ ადგილებზეა პოლონეთი (87), საფრანგეთი (85) და უკრაინა (84).

ევროპაში ამერიკის პოლიტიკა გამოკითხულთა 69 პროცენტს მოსწონს, რუსეთის კი მხოლოდ 26-ს. ორი ქვეყნის პოპულარობას შორის აფრიკის კონტინენტზეც თითქმის ასეთივე განსხვავებაა: ამერიკას მოსახლეობის 79 პროცენტი კარგი თვალით უყურებს, რუსეთს კი - 37.

სატელეფონო და პირისპირ ჩატარებული გამოკითხვა 40 ქვეყანაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 45 435 რესპონდენტი იღებდა. გამოკითხვას მეთვალყურეობდა ორგანიზაცია Princeton Survey Research Associates International. რუსეთის რეიტინგის შესახებ პიუს კვლევითი ცენტრის გამოკითხვის შედეგების უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პიუს კვლევითი ცენტრი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას იმ საკითხების, მოვლენების, თუ განვითარებათა შესახებ, რომლებიც გავლენას ამერიკის შეერთებულ შტატებზე და დანარჩენ მსოფლიოზე ახდენენ. ცენტრი პერიოდულად საზოგადოებრივ გამოკითხვებს და სხვადასხვა ტიპის კვლევებს აქვეყნებს.

XS
SM
MD
LG