ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი მზადაა კალიფორნიის ბაზაზე მიგრანტი ბავშვები განათავსოს


შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკიდან ემიგრირებულ ათასობით ბავშვს კალიფორნიაში, არმიის ეროვნული გვარდიის ბაზაზე განათავსებს. კემპ-რობერტსზე მშობლების გარეშე საზღვარზე გადმოსული ბავშვების დროებით გადაყვანაზე პენტაგონმა თანხმობა პარასკევს განაცხადა.

აშშ-ის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, შაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, სამხედრო ბაზის გამოყენება "აქტიურად განიხილება" და შესაბამისი დადგენილების მიღების შემთხვევაში, "დაუყოვნებლივ ეცნობება შტატის და ადგილობრივ მთავრობას, ისევე როგორც კონგრესის წევრებს".

მოთხოვნა პენტაგონს სწორედ ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაუგზავნა. ეს ინფორმაცია თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმაც დაადასტურა.

კემპ-რობერტსი სალინასის მდინარის ნაპირზე, ლოს-ანჯელესს და სან-ფრანცისკოს შორის, დაახლოებით შუა გზაზე მდებარეობს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ბავშვების რა რაოდენობის განთავსებაზეა საუბარი.

სასაზღვრო დაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მარტო თებერვალში ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საზღვარი 9 000-ზე მეტმა ბავშვმა გადმოკვეთა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანები კონტროლს სასაზღვრო პატრულთან გადიან, მათ ბედს შემდეგ ჯანდაცვის და სოციალური დაცვის დეპარტამენტი წყვეტს. დროებითი თავშესაფრის მიცემის შემდეგ, ბავშვები ან ახლო ნათესავებს, ან შემოწმებაგავლილ ოჯახებს მიჰყავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG