საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ("საია") შეფასებით, 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება.
ორგანიზაციის ცნობით, „2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა“.
ქალთა საერთაშორისო დღეს საერთაშორისო საზოგადოებას უერთდება საქართველოს სახალხო დამცველიც. მისი თქმით, წლევანდელი თემა, რომელიც უფლებებზე, თანასწორობასა და შესაძლებლობებზეა ორიენტირებული, ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოუწოდებს საზოგადოებებსა და მთავრობებს, უფრო მეტი გააკეთონ რეალური ცვლილებების მისაღწევად.
ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში. მისი თქმით, “ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა”.
ამ თვალსაზრისით, როგორც მან აღნიშნა, ხაზგასასმელია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიცირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან “ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.