ბრიუსელში დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის კრიზისზე და მასში რუსეთის როლზე იმსჯელეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შვიდეულმა ბოიკოტი გამოუცხადა და ის სამიტზე არ მიუწვევია. საუბარი ასევე მიმდინარეობდა ევროპის ქვეყნების წინაშე არსებულ იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელიც მათ მთავრობებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემთხვევაში ელოდება.
ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ რუსეთმა მეზობელ ქვეყანასთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. სამიტის დასასრულს დიდი შვიდეულის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და დაწესდება „მნიშვნელოვანი დამატებითი შეზღუდვები“, რაც მოსკოვს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება. ბრიუსელის სამიტზე რუსეთს მოუწოდეს პატივი სცეს უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სრულად გაიყვანოს უკრაინის საზღვართან შეკრებილი ჯარის ნაწილები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მებრძოლების და შეიარაღების გაგზავნა.
შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის, რაზეც სამიტზე ისაუბრეს, რეალური ეკონომიკური დარტყმა იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთთან ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. თუმცა, სასწორზე ის პრინციპები და ღირებულებებიცაა, რომელიც რუსეთმა უგულვებელყო.
„არჩევანი ნათელია: ევროპელებმა ეს იდეალები და პრინციპები უნდა დაიცვან, თუნდაც ეკონომიკური უხერხულობის შექმნის ფასად“ - განაცხადა შეერთებული შტატების ლიდერმა. მისი თქმით, ამერიკა ისეთი სანქციების შემუშავებას ცდილობს, რომელიც რუსეთს მაქსიმალურ ზარალს მიაყენებს, მაგრამ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე მინიმალური ეკონომიკური ეფექტი ექნება. პრეზიდენტმა ობამამ განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნა საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთისთვის სამხედრო გემების მშენებლობას ითვალისწინებს. ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო.
სამიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ და პრემიერმა დევიდ კამერონმა უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და პეტრო პოროშენკოს გამარჯვებას მაღალი შეფასება მისცეს. მათი განცხადებით, არჩევნები რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის განახლების შანსს აძლევს.
დევიდ კამერონი რუსეთს და პირადად პრეზიდენტ პუტინს ახალი სანქციების დაწესებით საკმაოდ მკაცრი ტონით დაემუქრა, თუკი ის სასწრაფოდ არ შეცვლის უკრაინასთან ურთიერთობის ფორმატს.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აღიაროს პრეზიდენტ პოროშენკოს ლეგიტიმური არჩევა. მან უნდა შეწყვიტოს უკრაინაში იარაღის გაგზავნა და სეპარატისტული ჯგუფების რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტი ობამა მიზნად რუსეთის მხრიდან უკრაინაში აგრესიის ზრდის შემთხვევაში, მოსკოვის კიდევ უფრო მეტ იზოლირებას და ამ საქმეში ევროპის ქვეყნების ფართო მხარდაჭერას და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას ისახავდა. სამიტზე თვალსაჩინოდ გამოიკვეთა, რომ კრემლის ეკონომიკური იზოლირების სურვილს ობამას ყველა ევროპელი კოლეგა ერთნაირად არ იზიარებს.
შვიდეულის შეხვედრის დასასრულს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევრაზიის კონტინენტზე შექმნილი კრიზისი თანდათან დაცხრება და დაძაბულობა დროთა განმავლობაში განიმუხტება. მითუმეტეს, რომ ამის მცირე, მაგრამ იმედისმომცემი ნიშნები უკვე სახეზეა. პრეზიდენტი გულისხმობდა იმას, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან თავმოყრილი არმიის ნაწილი უკან დააბრუნა.