პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ექსპორტის მოცულობა ხუთ წელიწადში გაორმაგდება. ამ მიზნით პრეზიდენტმა გააფართოვა საგანგებოდ შექმნილი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელსაც საზღვარგარეთ ამერიკული ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება ევალება.
პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მცდელობები საზღვარგარეთ ამერიკული წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტის გაზრდასთან დაკავშირებით წარმატებას აღწევს. ამასთან დაკავშირებით ობამამ განაცხადა:
„მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მანძილზე ამერიკული წარმოების პროდუქციის ექსპორტი თითქმის 17 პროცენტით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. რასაკვირველია ნაწილობრივ ეს გლობალური ეკონომიკური გამოცოცხლებით აიხსნება. მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამერიკელი ექსპორტიორების პირობების გასაუმჯობესებლად.“
გუშინ თეთრ სახლში შეკრებილ ბიზნეს ლიდერებს პრეზიდენტმა მოახსენა, რომ გლობალური ბაზარი მოითხოვს ამერიკელი ბიზნესებისგან კონკურენტუნარიანობის მუდმივ ამაღლებას. მისი თქმით:
„მსოფლიოს მომხმარებელთა და მზარდი ბაზრების უმრავლესობა ჩვენს საზღვრებს გარეთ იმყოფება. ამდენად თუ ჩვენ გვსურს შემოსავლის ახალი წყაროები, თუ ჩვენ გვსურს ახალი ბაზრების ათვისება, ჩვენ ამ ახალი მომხმარებლების მოზიდვისთვის სხვა სახელმწიფოებთან კონკურენცია მოგვიხდება.“
ბატონმა ობამამ ამერიკული ექსპორტის გაზრდასთან დაკავშირებით შექმნილ საგანგებო საკონსულტაციო საბჭოში 18 ბიზნეს ლიდერი დანიშნა. მათ დაევალებათ საზღვარგარეთ ამერიკული წარმოების პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. საბჭოში შედიან ისეთი მსხვილი კორპორაციების ლიდერები როგორებიც არიან „ფორდ მოტორსი,“ „ქსეროქსი“ და „უოლტ დისნეი.“
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სავაჭრო სფეროში მისი მთავარი პრიორიტეტია მსოფლიო ასპარეზზე ამერიკული ბიზნესების პოპულარობის გავრცელება. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში ფედერალურმა მთავრობამ 24 ქვეყანაში 18 სავაჭრო მისია მიავლინა.
ობამამ აგრეთვე აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით ფედერალურმა ექსპორტ-იმპორტ ბანკმა ამერიკელი ექსპორტიორებისთვის სესხების გაცემა გააორმაგა. აღსანიშნავია, რომ გაცემულ სესხებში შედის მცირე ბიზნესებისთვის გაცემული სახსრებიც.
ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია დაუღალავად შრომობს ახალი ბაზრების ათვისებასა და ამერიკული ბიზნესებისთვის სავაჭრო შეზღუდვების მოხსნისთვის. მან დადო დაპირება, რომ ყველა ღონეს იხმარს სავაჭრო შეთანხმებების სრული განხორციელების მიზნით. ობამამ დასძინა:
„შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დაბალ სავაჭრო ბარიერებს აწესებს და როცა ჩვენ სხვა სახელმწიფოებს ჩვენ ბაზარზე თავისუფალი და სამართლიანი შესვლის პრივილეგიას ვუზრუნველყოფთ, ჩვენ იგივეს ველით მათგან.“
პრეზიდენტმა სავაჭრო სფეროში მისი ადმინისტრაციის მიღწევები ჩამოთვალა. მათ შორის მან გამოყო რუსეთისთვის ქათმის ხორცის გაყიდვა, ღორის ხორცის ექსპორტი ჩინეთში და ის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ უარი განაცხადა ევროკავშირის მიერ თვითმფრინავების მწარმოებელ კორპორაცია „ეარბასისთვის“ სუბსიდიების გამოყოფაზე.