ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ქიმიაში კვანტური წერტილების 3 ამერიკელ აღმომჩენს გადაეცემა


ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების გამოცხადება. სტოკჰოლმი, შვედეთი. 4 ოქტომბერი, 2023 წ.
ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების გამოცხადება. სტოკჰოლმი, შვედეთი. 4 ოქტომბერი, 2023 წ.

ცნობილი გახდა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთა სახელები. ესენი არიან ამერიკელი მეცნიერები: მუნგი ბავენდი, ლუის ბრუსი და ალექსეი ეკიმოვი. პრესტიჟული ჯილდო და ფულადი პრემია სამ მეცნიერს ატომთა კლასტერების აღმოჩენისთვის გადაეცემა, რომლებიც კვანტური წერტილების სახელითაა ცნობილი.

მათი აღმოჩენა საფუძვლად დაედო მასალების ახალი კლასის შექმნას, რომელსაც ფართოდ იყენებენ სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიების თუ სამეცნიერო სფეროში. კვანტურ წერტილებს იყენებს უახლესი თაობის ბრტყელი ეკრანები, სადაც ისინი უზრუნველყოფენ ფერთა მაღალ გარჩევადობას. ის ასევე გამოიყენება მედიცინაში, მაგალითად - ქირურგიაში, სადაც მისი საშუალებით სისხლძარღვებსა და კიბოს უჯრედებს იკვლევენ. კვანტურ წერტილებს იყენებენ მზის ბატარეებში, ნახევარგამტარულ მოწყობილობებსა თუ კვანტური კომპიუტერების საშენ ბლოკებში.

შვედეთის აკადემიამ განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს, სტოკჰოლმში გააკეთა. კომიტეტის წევრთა თქმით, მეცნიერებმა "ნანოტექნოლოგიაში ფერი შეიტანეს" და თავისი აღმოჩენით ბევრ სფეროს შეუქმნეს დიდი პოტენციალი.

"კვანტური წერტილების ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი და უჩვეულო თვისება ისაა, რომ მათ სხვადახვა შეფერილობის განათების შექმნა ისე შეუძლიათ, რომ ატომური სტრუქტურა არ იცვლება", - განაცხადა ჯოან აქვისტმა, ქიმიის დარგში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სამივე გამარჯვებული ლაურეატი შეერთებული შტატებიდანაა. მუნგი ბავენდი საფრანგეთში დაიბადა, 1996 წლიდან კი პროფესორია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). ლუის ბრუსი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია, 23 წლის განმავლობაში კომპანიის "ეი-თი-ენდ-თი" (AT&T) ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდა. ალექსეი ეკიმოვი წარმოშობით რუსია და ის საბჭოთა კავშირში დაიბადა. მეცნიერი ათწლეულებია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და 1999 წლიდან მუშაობს კომპანიაში "ნანოკრისტალების ტექნოლოგია" (Nanocrystals Technology Inc).

საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ნობელის პრემია სამეცნიერო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის პრიზს თან ფულადი ჯილდოც ახლავს, რომელიც 11 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. ეს დაახლოებით 1 მილიონამდე ამერიკული დოლარია.

შვედი ქიმიკოსის და გამომგონებლის, ალფრედ ნობელის მიერ დაწესებული ჯილდო მხოლოდ მეცნიერებს არ გადაეცემათ. ერთ-ერთი ყველაზე საპატიოა ნობელის პრემია ლიტერატურაში და მშვიდობის დარგში. მოგვიანებით მათ სიას დაემატა ნობელის პრემია ეკონომიკაშიც, რომელიც შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ ფინანსდება. დაჯილდოების ცერემონია 1901 წლიდან იმართება და ის მხოლოდ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაში გაუქმდა, ძირითადად - მსოფლიო ომების გამო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG