ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან მომხდარ ავიაკატასტროფაში ყველა მგზავრი დაიღუპა. 29 იანვარს, ვაშინგტონის მახლობლად მდებარე რონალდ რეიგანის საერთაშორისო აეროპორტთან სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო შვეულმფრენს ჰაერში შეეჯახა.
"ამერიკული ავიახაზების" თვითმფრინავი კანზასის შტატის ქალაქ ვიჩიტიდან დედაქალაქისკენ მიფრინავდა. მის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. აეროპორტში დაშვებისას, დასაფრენი ზოლის სიახლოვეს, თვითმფრინავს სამხედრო შვეულმფრენი შეეჯახა, რომელზეც ეკიპაჟის სამი წევრი იყო.
შედეგად, ორივე საჰაერო ხომალდი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. სამხედრო შვეულმფრენი Black Hawk სასწავლო ფრენას ახორციელებდა.
სამაშველო ჯგუფები, მათ შორის ნავები და მყვინთავები, აეროპორტის მიმდებარე მდინარეში, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დრომდე ნაპოვნია 30-მდე ცხედარი.