ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“სერფისი“ თუ „აიფედი“?


სპეციალისტები "სერფისს" მაღალ შეფასებას აძლევენ, თუმცა მომხმარებელი სიახლეს უფრო სკეპტიკურად უყურებს

კომპანია მაიკროსოფტის მიერ ლოს ანჯელესში მოწყობილი პრეზენტაცია საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ტაბლეტ-კომპიუტერი „სერფისი“ საკმაოდ მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა და ანალოგიური პროდუქტებისგან განსხვავებით არამარტო გასართობად, არამედ სამუშაოდაც ვარგისია.

ბრენდა ესტრელა ამბობს, რომ სამუშაოდ მისთვის მთავარი კომპიუტერი ლეპტოპია. თუმცა „სერფისმა“ ზომით და მობილურობით მოხიბლა და მზად არის მაიკროსოფტის სიახლეც გამოსცადოს:

აიფედი“ ჩემთვის უფრო გასართობი მოწყობილობაა. ბევრს უჭირავს ხელში, ფოტოებს იღებენ, კითხულობენ. ჩემთვის ის არაპრაქტიკულია. ასე რომ მაიკროსოფტის ახალ ტაბლეტს ვცდი. მასზე ბეჭდვაც შეიძლება და თითის გასრიალების გარდა დამატებით სხვადასხვა ფუნქციებსაც ასრულებს. ვფიქრობ, ეს უფრო გამომადგება“.

მაიკროსოფტის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბოლმერმა „სერფისი“ მომხმარებელს პირველად სულ ახლახანს, 18 ივნისს წარუდგინა და ის „ვინდოუს-8“ საოპერაციო სისტემის პროგრამათა პაკეტით მუშაობს. „სერფისის“ ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ბაზარზე პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიყიდება, წონით და სისქით „აიფედის“ ტოლია. ოღონდ ოდნავ დიდი, 27-სანტიმეტრიანი ეკრანი აქვს. მეორე ვერსია ცოტა უფრო მძიმეა და როგორც ამბობენ, ის მსუბუქ ლეპტოპებსაც გაუწევს კონკურენციას. მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, „სერფისის“ ფასებიც ანალოგებთან შედარებით ბევრად მისაღები იქნება.

„სერფისს“ სხვა ტაბლეტებისგან განსხვავებით უფრო მოსახერხებელი საზურგე, ეკრანის დამჭერი აქვს და მისი კლავიატურაც ბევრად გაუმჯობესებულია. მაიკროსოფტის მესვეურები აღნიშნავენ, რომ ახალი პროდუქტის შექმნის მიზანია „მოხმარებას და შემოქმედებას შორის ლავირება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე მოხდეს“.

ტექნოლოგიის სპეციალისტებს „სერფისის“ ნახვის საშუალება პირველად მისი პრეზენტაციის დღეს მიეცათ. ფოქს ვან ალენი კომპანიიდან „ტეკა“ აღნიშნავს, რომ მისი უპირატესობა სწორედ სამუშაო კომპიუტერულ ფუნქციებშია:

„ძალიან საინტერესო ახალი მოწყობილობაა. ვფიქრობ, მთავარი ღირებულება ის გახლავთ, რომ ეს არ არის ახალი „აიპედი“, არამედ ისეთი აპარატია, რომელიც პირადი კომპიუტერის თითქმის ყველა ფუნქციას შეცვლის“.

პოპულაურულ ყავახანაში მსხდომი ვაშინგტონლები სიახლისადმი ცოტა უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ საეჭვოა მაირკოსოფტმა ეფლს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. „აიფედს“ ხომ ამერიკული ბაზარი უკვე 2 წელია რაც პრაქტიკულად დაპყრობილი აქვს.

არა მგონია „აიფედი“ რაიმემ შემიცვალოს. მე მხოლოდ ეფლის პროდუქტები მომწონს. მიხარია, რომ კონკურენცია იქნება და ალტერნატიული პროდუქტები იარსებებს. თუმცა, მე ისევ ეფლთან ვრჩები“- ამბობს ჯონ აიალა, რომელიც „აიფედით“ წიგნს კითხულობს. „დააგვიანეს. ძალიანაც ცუდი მათთვის“ - ამბობს მის გვერდით მჯდომი დანიელ მეიდანი.

მაიკროსოფტი უკვე რამდენი ხანია, რაც კომპიუტერულ პროგრამებს ქმნის, რომელსაც მერე სხვა კომპანიები საკუთარ კომპიუტერებზე იყენებენ. ახლა „სერფისის“ მეშვეობით მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპიუტერების პროგრამების კომპანია ბაზარზე საკუთარი კომპიუტერით გამოდის და იმედი აქვს, რომ ახალი სტრატეგია გაამართლებს.
XS
SM
MD
LG