ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული ნაკრები: შეძლებს ვაისი ცხადაძის შედეგების გაუმჯობესებას?


სლოვაკი ვლადიმერ ვაისი - ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელია
სლოვაკი ვლადიმერ ვაისი - ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 51 წლის სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი გახდა. ფეხბურთის ფედერაციამ მასთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ვაისი თვეში ხელფასის სახით - 25000 აშშ დოლარს მიიღებს. ამასთან, ყოველ მოპოვებულ ქულაზე, სლოვაკს ფედერაცია დამატებით - 12 500 აშშ დოლარს დაურიცხავს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, ვაისს ბონუსის სახით - 1 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიან. მეორე ადგილზე გასვლა სლოვაკს 562 ათასს, ხოლო მესამე ადგილი - 375 ათასს დოლარს მოუტანს.

ვაისი ბოლო წლებში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სლოვაკი მწვრთნელია. 2005 წელს, მან პროვინციური, სლოვაკური კლუბი პეტრჟალკას „არტმედია“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2010 წელს, პირველად სლოვაკური ფეხბურთის ისტორიაში, სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშა. ბოლოს, ვაისი ყახაზურ „ქაირათში“ მუშაობდა, რომელიც შარშან ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გაიყვანა.

სლოვაკურის გარდა, ვლადიმერ ვაისი საუბრობს ინგლისურად, გერმანულად და რუსულად. თბილისურ პრეზენტაციაზე მან რატომღაც პუბლიკას სწორედ რუსულ ენაზე მიმართა და თქვა, რომ საქართველოში ფულის გასაკეთებლად არ ჩამოსულა:

„მწვრთნელის ცხოვრება მარტივი არ არის, ყველაფერი დამოკიდებულია შედეგზე. მე იმედი მაქვს, რომ ერთად რამდენიმე წელი ვიმუშავებთ. მე არ ჩამოვსულვარ აქ მხოლოდ თბილისის და ეროვნული სტადიონის დასათვალიერებლად, მით უმეტეს, ფულის გასაკეთებლად, მე მოვედი წარმატების მისაღწევად და ამ მისიას მთელი პასუხისმგებლობით ვაცნობიერებ.“

საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე იანვარში დარჩა. მაშინ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასა და ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის დიდი კონფლიქტი, სწორედ კონტრაქტთან დაკავშირებით მოხდა. ცხადაძემ ეროვნული ნაკრები 2015 წლის იანვარში, ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის დროს ჩაიბარა. ცხადაძის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა 10 მატჩიდან 3 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და 6 შეხვედრა წააგო.

ცხადაძესთან ორწლიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული. ამ კონტრაქტის მოსაშლელად, ფედერაციის ახალი პრეზიდენტი და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდნენ, მათ თავად გაამჟღავნეს კონფიდენციალური კონტრაქტის დეტალები. ცხადაძეს ფედერაციის ცნობით, 2 წელიწადში, 3 მილიონი ლარი უნდა აეღო, ხოლო მის სტაფს 1.6 მილიონი ლარი. ანუ გადასახადების გამოკლებით, ცხადაძის თვიური ხელფასი 40 ათასს აშშ დოლარს შეადგენდა.

ლევან კობიაშვილმა კახი ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან იანვრის ბოლოს გაუშვა
ლევან კობიაშვილმა კახი ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან იანვრის ბოლოს გაუშვა

ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამტკიცებს, რომ ცხადაძეს კონტრაქტის გადახედვა, ბონუსს სისტემაზე გადასვლა და ანაზღაურების შემცირება, თვეში, 25 ათასს დოლარამდე შესთავაზა.

ცხადაძე ამბობს, რომ თანახმა იყო ამ თანხაზე მუშაობა გაეგრძელებინა, თუმცა მისი აზრით, ფედერაციაში მოსულ ახალ გუნდს მისი მოშორება სურდა. სწორედ ამ მიზნით, გაახმაურა კობიაშვილმა რომ ცხადაძის კონტრაქტის დეტალები და ის ფაქტი, რომ ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის შუამავლობით, ცხადაძეს ბანკიდან 100 ათასი დოლარი უპროცენტო სესხი ჰქონდა აღებული.

ვლადიმერ ვაისის წარდგენისას, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ კახი ცხადაძესთან კონტრაქტი "ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე" შეწყდა და ყოფილ მწვრთნელს კონპენსაციას გადაუხდიან. კობიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ვაისსთან ის კონტრაქტი გაფორმდა, რომელზეც ცხადაძემ თავად უარი თქვა":

„პირველად ხდება, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ექნება მსგავსი ხელშეკრულება, ანუ ფიქსირებული თანხა, პლუს, შედეგზე ორიენტირებული პრემიის სისტემა. ეს აქამდე არასდროს ყოფილა. ისევე, როგორც ჩვენს მთავარ მწვრთნელს აქამდე ნაკრების დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.“

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში რიგით მეექვსე უცხოელი მწვრთნელია. ხორვატი ივო შუშაკის შემდეგ კი მეორე აღმოსავლეთ ევროპელია, რომელიც ქართველების მთავარ გუნდს გაწვრთნის.

ბოლო წლებში, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის 120-ეულის მიღმაა, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმ ღრმა კრიზისს, რომელშიც ქვეყნის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იმყოფება.

ვაისი სადებიუტო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან ერთად, 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ოფიციალური შეხვედრა კი ქართველებს 5 სექტემბერს ელით, როცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, თბილისში, ავსტრიას უმასპინძლებენ. შეძლებს თუა ვაისი ცხადაძის შედეგების გაუმჯობესებას სწორედ ამ შესარჩევ ციკლში გამოჩნდება.


XS
SM
MD
LG