ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

200-მდე ბრალდებული $2,75-მილიარდიანი თაღლითობისთვის ჯანდაცვის სფეროში


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 200-მდე ჯანდაცვის პროფესიონალს წაუყენა ბრალი, სხვადასხვა მაქინაციებში და თაღლითობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლითაც მათ მთავრობა 2,75 მილიარდი დოლარით დააზარალეს.

”იუსტიციის დეპარტამენტი მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს დამნაშავეებს, რომლებიც ატყუებენ ამერიკელებს, იპარავენ გადასახადებს გადამხდელთა მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან და აყენებენ ადამიანებს საფრთხეში [საკუთარი] მოგების გამო,” - განაცხადა 27 ივნისს შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.

ორკვირიანი ოპერაციის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სფეროს თაღლითობაში ჩართული 193 ბრალდებულია დაკავებული. მათ შორის 76 ექიმი, მედდა და სამედიცინო სფეროს სხვა ლიცენზირებული პროფესიონალია.

სხვა ქვეყნებთან თანმშრომლობის შედეგად, ასევე დაყადაღდა 231 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ძვირადღირებული მანქანები, ოქრო და სხვა ტიპის აქტივები.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ფლორიდელი მედდა იყო, რომელმაც პაციენტებს 1,5 მილიონზე მეტი აბი გამოუწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თქვა იუსტიციის დეპარტამენტმა. ეს მან თავის კომპანიაში არსებული, რეცეპტით გამოწერილი წამლების ავტომატური შევსების პოლიტიკის მეშვეობით შეძლო.

„სავარაუდოდ, ექთანმა პრეპარატი "ადეროლი" და სხვა სტიმულატორები ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოუწერა და აგრძელებდა "ადეროლის" რეცეპტების გაცემას პაციენტებზე მას შემდეგაც, რაც ისინი გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალნენ“, - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი დანაშაულებრივი სქემა და არსებობდა რამდენიმე სხვა მაქინაცია.

სამედიცინო სქემების მთავარი გამომძიებელი იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური თაღლითობის განყოფილება იყო. გამოძიებაში ჩართული სხვა უწყებები იყვნენ ასევე გამოძიების ფედერალურ ბიურო [FBI], ჯანდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისი და ნარკოტიკების აღსრულების ადმინისტრაცია.

XS
SM
MD
LG