მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში პროდასავლელმა ლიდერმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო. 24 დეკემბერს გამართული ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, სანდუ ქვეყანას მეორე ვადით გაუძღვება.
პროდასავლელი ლიდერის ხელმეორედ არჩევას ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოში, ანალიტიკოსები ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საეტაპო მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევენ. ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სანდუს მთავარი ოპონენტი პრორუსულად განწყობილი ალექსანდრ სტოიანოგლო იყო.
სანდუს გამარჯვებას დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან და განიხილავენ როგორც მაგალითს, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიას რუსეთის ძალების არჩევნებში ჩარევის დამარცხება.
მოლდოვის პრეზიდენტს განათლება შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. წარსულში ის მსოფლიო ბანკის თანამშრომელი იყო.
ინაუგურაციის ცერემონიაზე გაკეთებულ მიმართვაში მაია სანდუმ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტობის მეორე, ოთხწლიანი ვადა მის მემკვიდრეობას "მოლდოვის ევროპის კავშირში ყოფნასთან" დააკავშირებს. სანდუს პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, 2022 წელს მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, 2024 წელს კი დაიწყო მოლაპარაკება დასავლურ ბლოკში გაწევრიანების შესახებ.
სანდუს მმართველობის დროს, მოლდოვა რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი, მეზობელი უკრაინის სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერი იყო. კიშინიოვი რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაკისრებულ სანქციებსაც მყისიერად შეუერთდა.
Facebook Forum