ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლში დღეს ინდოეთის ლიდერს ელიან


არქივიდან: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მასპინძლობს. ჰიუსტონი, ტეხასი. 22 სექტემბერი, 2019 წ.
არქივიდან: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მასპინძლობს. ჰიუსტონი, ტეხასი. 22 სექტემბერი, 2019 წ.

12 თებერვალს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი შეერთებულ შტატებში ორდღიან ვიზიტს იწყებს. დელიში ოფიციალური პირები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მის ვიზიტთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკების წინ და იმედოვნებენ, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა განახლდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

მოდი ვაშინგტონში საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ ჩადის, სადაც ის ხელოვნური ინტელექტის თემაზე გამართულ გლობალურ შეხვედრას ესწრებოდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიკრამ მისრი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის კავშირები მტკიცეა და რომ ვაშინგტონთან დელის "ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო პარტნიორობა" აკავშირებს.

ვარაუდობენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერთა მოლაპარაკების მთავარ თემებში, რომელთა შორის სახელდება სტრატეგიული პარტნიორობა და იმიგრაცია, წამყვანი მაინც ეკონომიკა და სავაჭრო ტარიფები იქნება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინდოეთი იმ სახელმწიფოებს შორის დაასახელა, ვინც ამერიკული ტარიფებით ზედმეტ სარგებელს იღებს.

გასულ თვეში ნარენდრა მოდისთან გამართულ სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა ხაზი სამართლიანი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის აუცილებლობას გაუსვა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში კევინ ჰასეტმა 10 თებერვალს, CNBC-სთან ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ ინდოეთს "არანორმალურად მაღალი" ტარიფები აქვს, რაც უცხოეთიდან იმპორტს ზღუდავს.

დელი ვაშინგტონთან ვაჭრობის საკითხებში დაძაბულობის თავიდან აცილებას ცდილობს. ამ თვის დასაწყისში ინდოეთმა განაცხადა, რომ ზოგიერთ საიმპორტო საქონელზე საბაჟო გადასახადს შეამცირებს, რაც ხელსაყრელი იქნება ამერიკული ექსპორტისთვის, როგორიცაა ავტომობილები და მოტოციკლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG