გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ხუთშაბათს გააკრიტიკა მისი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც პარლამენტში გადაწყვეტილების მისაღებად მემარჯვენე რადიკალური ძალების მხარდაჭერას დაეყრდნო.
„მჯერა, რომ ეს არასწორია,“ – განაცხადა მერკელმა, პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე საუბრისას, რომლის დროსაც CDU-ის მიერ წარდგენილი წინადადება მიღებულ იქნა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და სხვა პარტიების მხარდაჭერით. ეს ნაბიჯი არღვევს გერმანიაში დიდხანს ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ტაბუს, რომლის თანახმადაც დემოკრატიული პარტიები მემარჯვენე რადიკალებთან არ თანამშრომლობენ.
მერკელმა, რომელიც იშვიათად აკეთებს განცხადებებს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ყოფილი მეტოქე მერცი დაადანაშაულა იმაში, რომ მან უღალატა ნოემბრის დაპირებას, რომ უმრავლესობის მოსაპოვებლად უნდა ემუშავა მხოლოდ ძირითად პარტიებთან და არა AfD-სთან.
AfD, რომელიც, ფედერალურ არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მეორე ადგილზეა, მერცის კონსერვატიული ბლოკის შემდეგ, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მემარჯვენე ექსტრემიზმის ეჭვით დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მერკელმა მოუწოდა „დემოკრატიულ პარტიებს“ ერთად იმუშაონ და აღკვეთონ ძალადობრივი თავდასხმები, როგორიც ბოლო პერიოდში მაგდებურგსა და აშაფენბურგში მოხდა. ორივე შემთხვევაში ბრალდებულები წარსულში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსით იყვნენ რეგისტრირებული, რამაც წინასაარჩევნო დებატებში, მიგრაციისა და საზღვრის დაცვის საკითხები წინ წამოწია.