ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგულავას გათავისუფლება მაკკეინმა მოითხოვა?


10 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა ანრო ხიდირბეგიშვილმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ თვის დასაწყისში ამერიკელი სენატორები საქართველოში იმ მიზნით ჩავიდნენ, რომ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ციხიდან გათავისუფლება მოეთხოვათ.

​„მაკკეინი-კაენი ჩამოფრინდა, რათა ოფიციალური თბილისისთვის თბილისის ყოფილი (და მომავალი!) მერის უგულავას, შს ყოფილი „ლეგენდარული“ მინისტრის მერაბიშვილის და ყველა დანარჩენი “პოლიტპატიმრის” ციხიდან სასწრაფოდ გათავისუფლება მოეთხოვა. და მას, როგორც ყოველთვის, უარი არ უთხრეს...“ წერდა ხიდირბეგიშვილი.

საქართველოს ოფიციალურ პირებთან არც ერთი შეხვედრის დროს პატიმრობაში ყოფნა, ან პატიმრის გათავისუფლების საკითხი არ ყოფილა განხილული (პირდაპირ თუ ირიბად).
დავით ბაქრაძე

თუმცა, საქართველოს ოფიციალური პირები, წყაროები კონგრესში და ექსპერტები Polygraph.info-სთან აცხადებენ, რომ ამერიკელი კანონმდებლები საქართველოში პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით არ ჩასულან და რომ ეს თემა შეხვედრებზე განხილული არ ყოფილა.

ამერიკის სამი სენატორი, ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი), ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი) და ემი კლობუჩარი (დემოკრატი) ნატოსთვის და მოკავშირე ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ხუთ ქვეყანას - ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, უკრაინას და საქართველოს - ეწვივნენ. საქართველოში მათი ვიზიტი 1-2 იანვარს შედგა.

6 იანვარს თბილისის ყოფილი მერი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ციხიდან გაათავისუფლეს.

ვიზიტი და ყოფილი მერის გათავისუფლება ერთმანეთთან კავშირში არ იყო. ამის შესახებ Polygraph.info-ს ამერიკაში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომელიც ვიზიტის განმავლობაში ხელისუფლებასა და სენატორებს შორის გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა.

სენატორი მაკკეინი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ღრმა პატივისცემითაა განმსჭვალული, რომელიც წლების მანძილზე ჩამოუყალიბდა. ის დავალებულად გრძნობს თავს, რომ საშუალება მიეცა ეხელმძღვანელა დელეგაციის ვიზიტისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოსა შორის უწყვეტი მეგობრობის ნიშანი იყო.
სენატორი მაკკეინის პრეს-სპიკერი

„საქართველოს ოფიციალურ პირებთან არც ერთი შეხვედრის დროს პატიმრობაში ყოფნა, ან პატიმრის გათავისუფლების საკითხი არ ყოფილა განხილული (პირდაპირ თუ ირიბად),“ უპასუხა ელჩმა Polygraph.info-ის წერილობით შეკითხვას. „წლების მანძილზე, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერების მხარდაჭერას,“ ნათქვამია განცხადებაში.

სენატორი მაკკეინის პრეს-სამსახურმა კომენტარი არ გააკეთა იმაზე, განხილული იყო თუ არა პატიმრების გათავისუფლების თემა შეხვედრებზე. თუმცა წერილობით პასუხში, მისმა პრეს-სპიკერმა დელეგაციის ვიზიტი „კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის გამოხატვად“ დაახასიათა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სენატორი მაკკეინი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ღრმა პატივისცემითაა განმსჭვალული, რომელიც წლების მანძილზე ჩამოუყალიბდა. ის დავალებულად გრძნობს თავს, რომ საშუალება მიეცა ეხელმძღვანელა დელეგაციის ვიზიტისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოსა შორის უწყვეტი მეგობრობის ნიშანი იყო.“

ვიზიტის განმავლობაში სენატორები საქართველოს პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს, პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეერთებული შტატების კონგრესი ამერიკის საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტს ამტკიცებს. როგორც მათი ოფიციალური საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ამერიკის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები რეგულარულად სტუმრობენ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის დახმარებას იღებს. კონგრესის დელეგაციების ამ ვიზიტების მიზანი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გაგრძელებაში დარწმუნება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული პროგრამების ეფექტურობის შემოწმება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების პირადად ნახვაა.

კენეტ იალოვიცი
კენეტ იალოვიცი

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის თქმით, სენატორების ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის იყო, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდაჭერას ახალი ადმინისტრაციის შემდეგაც გააგრძელებს და „ამერიკის პოლიტიკაში თანმიმდევრულობა იქნება.“

Polygraph.info-სთან ინტერვიუში იალოვიცმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან მხოლოდ იმით არის მოტივირებული, რომ „შეერთებული შტატების და მისი პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები დააკნინოს და დაასუსტოს.“

საქართველოს მთავრობამ ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა და ძალაუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის ბრალდებით გაასამართლა. რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებმაც დაკავებამდე ქვეყნის დატოვება შეძლეს, საქართველოში ძებნილებად არიან გამოცხადებული. მათ შორისაა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

წარსულში სენატორმა მაკკეინმა საქართველოს მთავრობა არაერთხელ გააფრთხილა, რომ პატივი ეცათ კანონის უზენაესობისთვის და თავიდან აეცილებინათ სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების თუნდაც შთაბეჭდილება.

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

​თბილისის ყოფილი მერი 2014 წლის ზაფხულში აეროპორტში დააკავეს, როცა ის უკრაინაში გაფრენას ცდილობდა. 2015 წელს ის ციხიდან გაათავისუფლეს. მაშინ სასამართლომ მისი 14 თვიანი წინასწარი პატიმრობა არაკონსტიტუციურად ჩათვალა, რადგან ის კანონით გათვალისწინებულ 9 თვიან ვადას აღემატებოდა. უგულავა გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში სხვა ბრალდებებით ხელახლა დააკავეს.

2017 წლის 6 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ უგულავას ბრალდების რეკლასიფიკაცია მოახდინა, სასჯელი შეუმცირა და ციხიდან გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG