შეერთებული შტატების პროკურორების განცხადებით, ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს მიაჩნდა, რომ ის საგადასახადო და საბანკო კანონებზე მაღლა იდგა. პროკურორები აცხადებენ, რომ მანაფორტმა უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობით გამომუშავებული მილიონობით დოლარი მრავალ ოფშორულ ანგარიშზე გადაამისამართა. მანაფორტის ადვოკატებმა კი ბრალი მის ბიზნეს პარტნიორს დასდეს.
მანაფორტის ადვოკატმა თომას ზელნემ, სასამართლო მოსმენის შესავალ სიტყვაში თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სასამართლოში მხოლოდ ერთი ადამიანის, რიკ გეითსის გამო მოხვდა.
ზელნემ ბრალი გეითსს და უკრაინელ ოლიგარქებს დასდო, რომლებმაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისთვის მანაფორტის მიერ გაწეული პოლიტიკური კონსულტაციების გასამრჯელოს დიდი ნაწილი გადაიხადეს.
გეითსმა, ორი ნაკლებად მძიმე ბრალი თებერვალში აღიარა და საგანგებო პროკურორის გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.
Facebook Forum