ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ოკუპირებული რეგიონის მეშვეობით, თბილისზე ზეწოლას აძლიერებს


რუსული პროპაგანდა ოკუპირებული ცხინვალის ქუჩებში
რუსული პროპაგანდა ოკუპირებული ცხინვალის ქუჩებში

რუსეთი ასიმეტრიულად უპასუხებს, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "ვიზიტის" დროს, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.

„მოსკოვმა და ცხინვალმა ოპერატიულად უნდა შევიმუშავოთ ახალი გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიური თანამშრომლობა დავამყაროთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისა და ბრიუსელის დაახლოების ფონზე“ - აღნიშნა ცხინვალში სურკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი პირველად შეხვდა სეპარატისტების ახალ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს, რომელმაც ოკუპირებულ ანკლავში. ე.წ „საპარლამენტო არჩევნებში“ „გაიმარჯვა“ და ე.წ „ოსური პარლამენტის“ ახალი „თავმჯდომარე“ გახდა.

„ერთიანი ოსეთის“ ახალი ლიდერი, აქტიურად უჭერს მხარს ე.წ „სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას“ და რუსეთის ფედერაციაში შესვლას. ბიბილოვი ამ საკითხზე ცხინვალში მორიგი „რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმას. ე.წ „რეფერენდუმის“ დასაფინანსებლად კი ფულის გამოყოფას ბიბილოვი ისევ მოსკოვს სთხოვს.

„ჩვენ გვინდა რუსეთთან გაერთიანება, ჩვენს ხალხს უნდა ეს, რუსეთის ხალხს უნდა ეს, ამიტომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს?!

სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ რეფერენდუმის გამართვის იდეა, რომ გავიგოთ რას ფიქრობს ჩვენი ხალხი. ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად ასეთი რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაშიც უნდა გაიმართოს, მაგრამ მხოლოდ სურვილი, რომ აი, მე ეს მინდა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის“ - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

რუსეთი ანექსირებული ყირიმის მსგავსად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერთებას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სურკოვმა ბიბილოვის წინადადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გეგმა ბოლომდე დამუშავებული არ არის.

რუსეთმა საქართველოს ძირძველი ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში მოახდინა. იმავე წლის 26 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთად, ცხინვალის ე.წ „დამოუკიდებლობა“ აღიარა. მოსკოვის აქტიური მხარდაჭერით ცხინვალის „დამოუკიდებლობა“ ასევე აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

გასულ კვირას კი ცხინვალის მარიონეტულმა რუსულმა რეჟიმმა თავად „სცნო“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი ე.წ „ლუღანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „დამოუკიდებლობა“.

ამ ფონზე, რუსეთის სახელიწუფლებო წრეებში, სკეპტიკურად უყურებენ ბიბილოვის და სხვა ოსი სეპარატისტების ინიციატივას, „ორი ოსეთის“ გაერთიანების“ თაობაზე.

ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „ორი ოსეთის“ გაერთიანების იდეას, ღიად უპირისპირდებიან ჩრდილო კავკასიური ელიტები და კრემლს არ სურს, ასეთი პრეცედენტის დაშვებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი თავის ტკივილი მიიღოს.

„რუსეთი ამ ხელოვნური გაერთიანებით რას იღებს? ე.წ ორ ოსეთს საკუთარ შემადგენლობაში, მაშინ როცა იქვე გვერდზე აქვს, ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის შერწყმული რესპუბლიკები. ეს ე.წ ოსური გაერთიანება, რა თქმა უნდა, კავკასიურ ელიტებში დიდ აღშფოთებას გამოიწვევს და კრემლში ამას ანგარიშს უწევენ.

სინამდვილეში, ცხინვალელი სეპარატისტების ელიტას არ სურს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, იქ შესვლით ისინი ძალაუფლებას და ფინანსურ ბერკეტებს დაკარგავენ, ცხინვალის შესვლით, ესენი მერე საერთოდ ვის გაახსენდება? ასევე არ სურთ ასეთი გაერთიანება ვლადიკავკაზშიც. ასე, რომ ეს არის გარკვეულწილად თამაში, საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად, რომ თბილისმა დასავლური ინტეგრაციის ტემპი შეანელოს ან საერთოდ შეცვალოს“ - მიაჩნია მერაბ ჩუხუას.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ქი განხორციელებული სასტიკი ეთნიკური წმენდის შედეგად, რა დროსაც ძირძველი ქართული მიწებიდან მთლიანად იქნა გამოდევნილი ქართული მოსახლეობა, ამჟამად, დაახლოებით, 30 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

კრემლის ანტიქართული პოლიტიკის შედეგად, ისტორიული ქართული მხარიდან, 1990 წლიდან, რამდენიმე ეტაპად, დაახლოებით, 50 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველია გამოდევნილი.


XS
SM
MD
LG