ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუჩერა: ვაშინგტონისთვის განსხვავება საგარეო ორიენტირებშია


ამერიკელი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის არაადექვატური მოქმედების შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა ორმხრივ ურთიერთობებს გადახედოს

საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე, თუ რა განასხვავებს მიმდინარე საარჩევნო კამპანიას წინა საარჩევნო პროცესებიდან, ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულებაზე საქართველოსთან ურთიერთობების კუთხით და თუ როგორ აფასებენ დამოუკიდებელი მიმომხილველები თუ ოფიციალური პირები მოვლენებს საქართველოში, „ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ვაშინგტონში მოღვაწე დამოუკიდებელ ჟურნალისტს, გამოცემების - „ევრაზიანეტისა" და „სლეიტის" ხშირ კონტრიბუტორს, ევრაზია-ცენტრალური აზიის საკითხების მიმომხილველს, ჯოშუა კუჩერას გაესაუბრა.

„ამერიკის ხმა": როგორ შეაფასებდით პროცესებს საქართველოში ბოლო არჩევნებიდან დღემდე?

ჯოშუა კუჩერა: ნათელია, რომ მიმდინარე წინა-საარჩევნო ეტაპი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ, რეალურად კონკურენტულ არჩევნებს ემსახურება. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" კი, სააკაშვილის პირველი რეალური ოპონენტები არიან. ვაშინგტონის გადასახედიდან, ურთიერთობები საქართველოსთან შეიცვალა. რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ, ამერიკა თავს იკავებს საქართველო იარაღით აღჭურვოს, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის უპირველესი პრიორიტეტია ამერიკასთან ურთიერთობებში. ამავე დროს, ამერიკა, აცადებს რა, რომ კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ნათელია, რომ ვაშინგტონი ახლა დიდ ენერგიას აღარ უთმობს ამ საკითხს. ურთიერთობებზე საქართველოსთან გავლენა იქონია ამერიკის „გადატვირთვის" პოლიტიკამ რუსთთან - უნდათ თუ არა ამის აღიარება ვაშინგტონში - იმდენად, რამდენადაც მანამდე ამერიკისთვის საქართველოს მხარდაჭერა იყო რუსეთის დასუსტების მცდელობის ნაწილი და არა საქართველოს დახმარება. ახლა კი, როცა ამერიკამ შეიცვალა საკუთარი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, საქართველო აღარ არის იმდენად საჭირო, როგორც მანამდე.

„ამერიკის ხმა": თუ კონკურენციაზე ვსაუბრობთ, რაშია თქვენთვის რეალური განსხვავება ორ მთავარ საარჩევნო სუბიექტს შორის?

ჯოშუა კუჩერა: ოფიციალური ვაშინგტონის გადასახედიდან, განსხვავება ორ ძალას შორის მათ საგარეო პოლიტიკურ აქცენტებშია. სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, არის ძალიან პრო-ამერიკული, პრო-ნატო და ანტი-რუსული ძალა, და ამ მახასიათებლებით სააკაშვილი, ბევრისთვის, გმირია ვაშინგტონში. ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ ის საქართველოს ნატოში გაწევრიანების და პრო-დასავლური ორიენტაციის მომხრეა, თუმცა, ის რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა, რაც ზოგიერთს აეჭვებს იმის შესაძლებლობაში, რომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველო ამერიკის ახლო მოკავშირე იქნება. საქართველო, ვაშინგტონისთვის პოლიტიკური დივიზიის საკითხი გახდა. რესპუბლიკელები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ სააკაშვილს. საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი, რომ ივანიშვილი რუსეთისთვის ერთგვარი „ტროას ცხენია" და ამ იდეას საქართველოს მთავრობის ლობისტები ამყარებენ ვაშინგტონში, ამერიკაში გამოძახილს პოულობს იმ ხალხში, ვინც რუსეთს არ ენდობა.

„ამერიკის ხმა": უკვე გაიჟღერა ოფიციალური ვაშინგტონის შეფასებებმა წინა-საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, იყო ექსპერტთა მოსაზრებები. თქვენი ხედვა როგორია?

ჯოშუა კუჩერა: ბევრი გამოხატავს შეშფოთებას სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სამთავრობო ძალაუფლების გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე დიდი ჯარიმების დაწესების და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებულ დევნა-შევიწროებას. საინტერესო იყო, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა - თომას მელიამ ბოლოს განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ შექმნილი სამოქმედო ველი თანაბარი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის ფულის საშუალებით მოხერხდა იმ წინაღობების გადალახვა, რომელიც მთავრობამ მას შეუქმნა. მაგრამ ვაშინგტონში რჩება იმ ადამიანთა დიდი რაოდენობაც, რომლებიც მზად არიან იგნორირება მოახდინონ ამ დარღვევებზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რწმენით სააკაშვილი ამერიკისთვის უკეთესი მოკავშირეა.

„ამერიკის ხმა": რა შესაძლო სცენარები წარმოგიდგენიათ საარჩევნო შედეგების პროგნოზირების კუთხით?

ჯოშუა კუჩერა: არა მგონია, ვინმემ იცოდეს, თუ რა მოხდება, და მით უმეტეს ვაშინგტონში არავინ იცის ეს. მაგრამ როგორც მე ეს არჩევნები მესმის, "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობითაც რომ გაიმარჯვოს, მათ პარლამენტში უმრავლესობა ვერ ეყოლებათ. ამდენად, პრაქტიკული პირობები დიდ განსხვავებას არ მოიტანს რეალურად. თუ „ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, ეს უდიდესი შოკი იქნება ვაშინგტონში და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი მომავალ წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო გააძლიერებს ვაშინგტონში არსებულ მწვავე დებატებს საქართველოს შესახებ.

„ამერიკის ხმა": „ევრაზიანეტში" საქართველოზე ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაში თქვენ წერთ, რომ 2012 საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში ვაშინგტონი „ლიტმუსის ტესტად" აფასებს. როგორ უნდა გავიგოთ ეს განაცხადი? ამ არჩევნების მნიშვნელობის თქვენეული ინტერპრეტაცია როგორია, როგორც ვაშინგტონში მოღვაწე დამოუკიდებელი ჟურნალისტისა?

ჯოშუა კუჩერა: არაერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის ამერიკის ახალმა ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ეს ფრაზა გამოიყენეს. მათ მხედველობაში ჰქონდათ, რომ საქართველოს სამომავლო თანამშრომლობა დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, თანამშრომლობა თავდაცვისა და სამხედრო სფეროებში, გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ჩაივლის ეს არჩევნები. ჩვენ არ ვიცით სპეციფიური საკითხები - ანუ ის, თუ რას მოიგებს ან დაკარგავს საქართველო ამ არჩევნების ჩატარების ხარისხით, მაგრამ როგორც ჩანს ეს არის თბილისის გასაგონად გაკეთებული კოორდინირებული მესიჯი არაერთი დასავლელი ოფიციალური პირისგან.

„ამერიკის ხმა": თუმცა, საქართველოს ელჩმა აშშ-ში უკვე თქვა, რომ ეს არჩევნები არ უნდა გავიგოთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის შესუსტების ან გაზრდის შესაძლებლობა. თქვენ რას ფიქრობთ?

ჯოშუა კუჩერა: ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.

თუ არჩევნები გაყალბდა, ან თუ მთავრობა ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, ვაშინგტონში ნამდვილად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას მოითხოვენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური მოსაზრებები, სავარაუდოდ, უფრო ძლიერი იქნება და ვაშინგტონში ნამდვილად აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველო, ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის მხარდაჭერას იმსახურებს იმდენად, რამდენადაც ეს ქვეყანა ამერიკას რუსეთის დასუსტებაში ეხმარება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკას, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით უფრო მჭიდრო ურთიერთობები აქვს საუდის არაბეთთან. შესაბამისად, რაღაც ლიმიტი აქვს იმას, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავების დროს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.


„ამერიკის ხმა": როგორ მონიტორინგს გაუწევს ვაშინგტონი საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელ ეტაპს? ექნება თუ არა სტრატეგია ვაშინგტონს ამ არჩევნებისკენ მიმავალ პერიოდში?

ჯოშუა კუჩერა: ეს ნამდვილად საინტერესო საკითხი იქნება. სააკაშვილს აღარ შეუძლია პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი, მაგრამ ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია შეიცვალა, რაც პრემიერ მინისტრს ყველაზე ძლიერ ფიგურად აქცევს ზოგიერთს ვაშინგტონში აფიქრებს, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, პრემიერის რანგში, პუტინის მსგავსად, მოგვევლინოს. ეს კანონიერი იქნება, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები, როგორც ჩანს, სააკაშვილს პირად საუბრებში აფრთილებდნენ, რომ ისინი ამგვარ ნაბიჯს არ მოიწონებენ.
XS
SM
MD
LG