ალაჰუ აკბარ! ალაჰუ აკბარ! ალაჰუ აკბარ! – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებს ჯოყოლოს მოსახლეობა. ეს სოფელი პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, ახმეტიდან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ჯოყოლოს მცხოვრებთა 90 პროცენტზე მეტს ქისტები და ჩეჩნები შეადგენენ, რომლებიც სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან. ჯოყოლოელები სოფლის იმამის, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილის დაპატიმრებას და მისი სახლის ჩრეკას აპროტესტებდნენ.
ჩხრეკის მომენტში სახლში, ბორჩაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი იმყოფებოდა, სოფლის იმამს 9 შვილი ჰყავს. პანკისის ხეობის ყოფილი ემირი ალი ქავთარაშვილი მოუწოდებდა სპეცნაზმის წევრებს, სოფლის იმამისთვის არაფერი ჩაედოთ. „რამის ჩაგდება არაფერი იყოს იცოდეთ, რამის ჩაგდება, მაგას არაფერი არა აქვს.“
აიუფ ბორჩაშვილი კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, შსს-ს სპეცრაზმის წევრებმა 14 ივნისს, ხეობის მიღმა დააკავეს. მას ბრალდება, რომ საქართველოში ტერორისტული ქსელის „ისლამური სახელმწიფოს“ „ოფიციალური წარმომადგენელია“ და საქართველოს მოქალაქეების ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაბირებას ახდენდა.
პოლიციამ ბრალდებულს მოსამართლის განჩინება დაკავების ადგილზე, სოფელ გომბორთან გააცნო „დაკავებული ბრძანდებით, ბრალდებულის სახით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და იქ, პირების გადაბირებასთან დაკავშირებით..“
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯოყოლოს სოფლის იმამმა, გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. ეს ბიჭები, მშობლების დაუკითხავად, 2015 წლის 2 აპრილს თბილისის აეროპორტიდან თურქეთში, სტამბულში გაფრინდნენ. მოგვიანებით კი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აღმოჩდნენ.
ჯოყოლოს გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სხვა სოფლებშიც ჩატარდა, თუმცა დაკავებულები, მათ შორის, „ისლამური სახელწიფოს“ ტერორისტული ქსელის, ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ახლო ნათესავები გუშინვე გაანთავისუფლეს.
პანკისის ხეობის ყოფილი ემირი ალი ქავთარაშვილი ადასტურებს, რომ აიუფ ბორჩაშვილი ნამდვილად არის „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. თავად ბორჩაშვილი ამას კატეგორიულად უარყოფს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე პატიმრობა ელის.
დაკავებულს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იცავს: „თუ ჩვენების მიცემა გვენდომება ბრალის წაყენების დროს, როდესაც ვნახავთ კონკრეტულად რას ედავებიან, მას შემდეგ მივცემთ ჩვენებას თუ არა დუმილის უფლებას გამოვიყენებთ.“
აიუფ ბორჩაშვილი პანკისში თავიდან თვითნასწავლი ექიმბაშის რეპუტაციით სარგებლობდა და სამკურნალო ზეთებს ამზადებდა. 2005 წლიდან შპს „ჰალალის“ დირექტორი და მეწილეა. 2013 წელს კი სოფოლ ჯოყოლოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაინახები ადამიანის უფლებებისათვის“ პრეზიდენტი. ბოლო წლებში, ეს ორგანიზაცია ხშირად საუბრობდა, რომ პანკისელ ქისტებზე ზეწოლა რელიგიური ნიშნით ხდებოდა.
კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, ბორჩაშვილი მოგზაურობდა თურქეთსა და ეგვიპტეში, სადაც არაბული ენა შეისწავლა. იგი ვაჰაბიტური სწავლების ცენტრის გახსნას ჯოყოლოში აპირებდა, თუმცა სპეცსამსახურებმა ამის საშუალება არ მისცეს.
განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ სახელმწიფის მხრიდან საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა, საფრთხის უფრო ფართო გააზრება, რომ პანკისის ხეობაში შეღწეული „ვაჰაბიზმის ბაცილა“ საქართველოს სხვა რეგიონებში არ გავრცელდეს.
„ჩემი აზრით, არის პანკისის საკითხი, სადაც გარდა უშიშროების სამსახურების აქტიური მუშაობისა, საჭიროა მუშაობა, ზოგადად, ამ ხეობის ინტეგრაციაზე. მაგრამ, არსებობს სტრატეგიულად უფრო სერიოზული პრობლემა, რომ ეს ისლამური რადიკალიზმის ბაცილა პანკისიდან არ გამოვიდეს. ჩვენ გვყავს გაცილებით უფრო დიდი მუსლიმური მოსახლეობა, როგორც ეთნიკურდა ქართველი, ისე ეთნიკურად აზერბაიჯანელი, რომელიც აქამდე, მაინცდამაინც რადიკალური ისლამის გავლენის ქვეშ არ ყოფილა, მაგრამ ეს ვითარება უკვე იცვლება. ამიტომ, აქ არ უნდა მოხდეს ამ ბაცილის გადასვლა და ეს აღარ არის უკვე მხოლოდ სპეცსამსახურების საქმე, არამედ, ეს არის ზოგადად საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის მიმართ პოლიტიკის პრობლემა, რომ მათ არ უნდა იგრძნონ თავი რაღაც მეორეხარისხოვან მოქალაქეებად.“
დღეისათვის, სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე, ტერორისტული ქსელის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, საქართველოს დაახლოებით 200-მდე მოქალაქე იბრძვის. მათი დიდი ნაწილი პანკისის ხეობიდან არის. თუმცა, ასევე არიან აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის მკვიდრნიც. ბოლო ორი წლის მანძილზე, სირიაში საქართველოს 12 მოქალაქე დაიღუპა. უმრავლესობა პანკისელი ქისტები არიან.
სირიის სამოქალაქო ომში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2015) ჰამზათ აჭიშვილი, ხალიდ აჭიშვილი, რუსლან მაჩალიკაშვილი, ბესო კუშტანაშვილი, რუსტამ გელაევი, აბდულ-მალიქ მუთოშვილი, გურამ გუმაშვილი, დავით სვიაკაური, ისრაფილ ცათიაშვილი, ზელიმხან ცათიაშვილი, იბრაჰიმ ცათიაშვილი, ლევან ნაკაიძე