"„აშშ-ის საელჩო ენდობა ISFED-ს, ეს არის უაღრესად პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია,"- ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და განმარტავს, რომ პირები, რომლებიც ISFED-ის მიერ დაშვებულ შეცდომას მიზანმიმართულს უწოდებენ, " რეალობის დამახინჯებაა".
"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები 2020-2021 წლების არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა მიანიშნებდა სერიოზულ დარღვევებზე, როგორიცაა დაშინება, ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო "კარუსელი", ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და სხვა დარღვევები, როგორც არჩევნების დღეს, ისე მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში.
არც ერთ ამ ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. ეს დარღვევები არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, როგორც კი ეს შეცდომა დადასტურდა, მათ ამის შესახებ საზოგადოებას შეატყობინეს. ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს მოსაზრება და მე არ მინახავს რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებას დაადასტურებს. ფაქტი ის არის, რომ როგორც კი შეცდომა დადასტურდა და აღმოჩნდა, ის გასაჯაროვდა ისე, რომ მოქალაქეებს გაეგოთ, რა მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასე რომ, ვფიქრობ, იმის თქმა, რომ ეს გამიზნულად მოხდა ან ის რაიმე რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო, რეალობის დამახინჯებაა“, - აღნიშნა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ამერიკის ელჩმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ISFED-ს არ მისცა საშუალება ჩართულიყო პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, რომლის მიზანიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაა.
პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ISFED-მა 2020 წელს "რევოლუციურ სცენარში" მონაწილეობდა. კობახიძის განცხადებების შემდეგ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ თუ ISFED სამუშაო ჯგუფში არ შევიდოდა, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას არც თავად მიიღებდნენ.
„ISFED - ის და სხვა რადიკალური „ენჯეოების“ მონაწილეობა - არ მონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
Facebook Forum