ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის სამხედრო ძალები ქვეყანაში წესრიგის დამყარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ


შეერთებული შტატებისა და ერაყის ოფიციალური პირების ცნობით ერაყის სამხედრო ძალები ქვეყანაში წესრიგის დამყარებისთვის მზად არიან

ამ ბოლო ხანებში ერაყი ძალადობამ მოიცვა, რაც ყურადღებას იპყრობს იმის გამო, რომ შეერთებული შტატები ერაყში დისლოცირებული სამხედრო ძალების შემცირებას აპირებს.

სამი დღის მანძილზე შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ერაყში სულ ცოტა 55 ადამიანი დაიღუპა.

1 სექტემბრიდან დაწყებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალების რიცხვი ერაყში 50,000-მდე შემცირდება. ერაყში დარჩენილი ამერიკელი სამხედროების მთავარ ამოცანად ერაყის სამხედრო ძალების მომზადება და მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების წარმართვა დარჩება. შეერთებული შტატებისა და ერაყის ოფიციალური პირები გამუდმებით აცხადებენ, რომ ერაყის უშიშროების ძალები ადეკვატურად არიან მომზადებულები, მაგრამ მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა მნიშვნელოვნად აფერხებს მეამბოხეების განეიტრალების პროცესს.

7 აგვისტოს ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. მართალია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალადობა რელიგიურ საფუძველზე მნიშვნელოვნად შემცირდა, ბომბების აფეთქება და თვითმკვლელების თავდასხმები კვლავინდებურად საკმაოდ ხშირია ერაყში. ამ მოვლენების ფონზე მარტში ჩატარებული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერაყის ხელისუფლებას ქვეყანაში ძალადობის შეჩერება ძალიან გაუჭირდება. ამ შეშფოთების მიუხედავად ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალს გენერალ რეი ოდიერნოს მიაჩნია, რომ ერაყის უშიშროების ძალები სათანადოდ მომზადებულები არიან და შესაბამისად უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე.

„მე ვფიქრობ, რომ 1 სექტემბრისთვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება მთავრობის შექმნის მიზნით, მაგრამ ჩვენი საჯარისო ნაწილების რაოდენობა ერაყის მთავრობის ჩამოყალიბებას არ უკავშირდება. ჩვენი სამხედრო ძალების დონე ერაყელების თავდაცვითუნარიანობით განისაზღვრება. ანუ იმით, თუ რამდენად შეუძლია ერაყის უშიშროების ძალებს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულ პროგრესს ვაღწევთ,“ განაცხადა გენერალმა ოდიერნომ.

„ჩვენი უშიშროების ძალები კარგად არიან მომზადებულები და ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ავიღებთ ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. ჩვენ მზად ვართ გადავიბაროთ პასუხისმგებლობა ამერიკელი სამხედროებისგან ამ სტადიაზე,“ აღნიშნა ერაყის არმიის მეთაურმა გენერალმა ალი ღაიდანმა.

გენერალ ოდიერნოს თქმით, ერაყში 50,000 ამერიკელი ჯარისკაცის დარჩენა „ძალზედ მნიშვნელოვან სამხედრო“ ფაქტორს წარმოადგენს. მაგრამ დამკვირებლები აღნიშნავენ, რომ ერაყის სამომავლო მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ბევრად უფრო შემაშფოთებელია.

ჰელე დეილი ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჰერიტაჯის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთის მკვლევარია. მას მიაჩნია, რომ ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შემცირების კონტექსტში გადამეტებული ყურადღება ეთმობა ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღს. მისი თქმით:

„ამ თარიღის დასახელების ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ერაყელები მზად უნდა ყოფილიყვნენ ახალი მთავრობის შესაქმნელად. ეს კეთდებოდა ერაყზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, მაგრამ ცხადია, რომ ეს მცდელობა უნაყოფო აღმოჩნდა.“

დეილი აღნიშნავს, რომ თუ ერაყში კოალიციური მთავრობა მალე არ შეიქმნა, მაშინ ქვეყანაში მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარება ისევე როგორც წესრიგის დამყარება შეიძლება მთლიანად ერაყის სამხედრო მეთაურებს დაეკისროს.

გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყის კანონმდებლებს მოუწოდა კოალიციური მთავრობის სწრაფი შექმნისკენ. ერაყში გაეროს მაღალჩინოსანი დიპლომატი ად მელკერტი აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შეფერხება ქვეყანაში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ძალების მიერ, ვისაც ერაყში დემოკრატია არ სურს.

XS
SM
MD
LG