ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული კავშირები


ირანის საგარეო პოლიტიკას სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი განსაზღვრავს

პარასკევს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ირანელები აჰმადინეჟადის მემკვიდრეს აირჩევენ. ანალიტიკოსების თქმით, მომავალ პრეზიდენტს ქვეყნის მართვა როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მოუწევს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე უდიდეს გავლენას ახდენს სირიაში მიმდინარე ომი. ანალიტიკოსების თქმით, სირიის სამთავრობო არმიის და ლიბანური ჰეზბოლას მიერ ქალაქ ქუსაირის აღებამ კონფლიქტში ირანული მონაწილეობა აშკარა გახადა. ჰაზირ თემურიანი ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ლიბანური ჰეზბოლა ირანის მოკავშირე ძალაა.

„ის ფაქტი, რომ სირიის მთავრობის მხარეს და ამბოხებულების წინააღმდეგ ჰეზბოლას ათასობით მეომარი იბრძვის, ეს ირანის ხელისუფლების ჩართვას ნიშნავს. ამას გარდა, ირანის მთავრობა სირიას შეიარაღებით და ფინანსებითაც ეხმარება,“ - ამბობს თემურიანი.

ანალიტიკოსი შასანქ ჯოში ამბობს, რომ სირიისთვის ირანული დახმარების გაგრძელება თავად ირანში არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„ირანისთვის სირიაში ბრძოლა არსებითია. ისინი ბაშარ ალ-ასადზე შეტევას ირანზე შეტევის პირველ ნაბიჯად განიხილავენ,“ - ამბობს ჯოში.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ირანის საგარეო პოლიტიკას სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი განსაზღვრავს და ამ პოლიტიკის გაგრძელებას საიდ ჯალილის არჩევის შემთხვევაში უნდა ველოდოთ. ჯალილი ამჟამად ირანისლ ბირთვული პროგრამის საკითხებში ირანის მხრიდან საერთაშორისო მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. მან გასულ თვეს განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების განსაახლებლად. როგორც ცნობილია, დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად, ხოლო თეირანი თავის მხრივ ამ ბრალდებას უარყოფს. დასავლეთი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მუდმივად ამკაცრებს. ახალ პრეზიდენტს ქვეყნის მკაცრი იზოლაციის პირობებში მოუწევს მუშაობა.

„ჰეზბოლას გარდა, რომლის შენარჩუნებაც საკმაოდ ძვირი ჯდება, ირანელებს მსოფლიოში მეგობრები ფაქტიურად არ დარჩათ. მათი მეგობრები არიან კონტრაბანდისტები, ადამიანები, რომლებიც ირანულ ნავთობს საერთაშორისო სანქციების მიუხედავად მაინც ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან,“ - ამბობს თემურიანი.

აღნიშნულმა სანქციებმა პრეზიდენტი აჰმადინეჟადი აიძულა კავშირების ძებნა აფრიკაში დაეწყო. აპრილში ის ნავთობით მდიდარ ნიგერს ეწვია, თუმცა შეხვედრა რაიმე სერიოზული სავაჭრო გარიგების გარეშე დასრულდა.
ირანმა ასევე კავშირების გაძლიერება სცადა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და მარტში ვენესუელის ლიდერის უგო ჩავესის დაკრძალვაზე წარმომადგენლობითი დელეგაცია გაგზავნა. გასულ თვეს ირანის ნავთობმრეწველობის მინისტრი ინდოეთს ეწვია და ნედლი ნავთობის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკება გამართა.

ანალიტიკოსი ჯოში ამბობს, რომ სანქციების გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ინდოეთთან და სხვა მიუმხრობელ ქვეყნებთან შეეცდება კავშირების გაძლიერებას. ერთი რაზეც ანალიტიკოსები თანხმდებიან, არის ის, რომ ირანს გლობალურ არენაზე მანევრებისთვის არც თუ დიდი სივრცე რჩება.
XS
SM
MD
LG