ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპონენტები: რუსი გენერლის პრეზიდენტად არჩევა ინტერპოლს რუსეთის პოლიციად აქცევს


ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ მაიორი ალექსანდერ პროკოპჩუკი (მარცხნივ) და ინტერპოლის პრეზიდენტი მენგ ჰონგეი (მარჯვნივ)
ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ მაიორი ალექსანდერ პროკოპჩუკი (მარცხნივ) და ინტერპოლის პრეზიდენტი მენგ ჰონგეი (მარჯვნივ)

ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნები 21 ნოემბერს გაიმართება და პოლიციის საერთაშორისო უწყების პრეზიდენტი შესაძლოა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ მაიორი ალექსანდერ პროკოპჩუკი გახდეს. პროკოპჩუკი ამჟამად ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტია.

ინფორმაცია რუსეთის პოლიციის მაღალჩინოსნის ინტერპოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესაძლო არჩევის შესახებ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, რასაც შეერთებულ შტატებში სწრაფი რეაგირება მოჰყვა.

ამერიკის სენატში ჰელსინკის კომისიის წევრებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი სისტემატიურად ბოროტად იყენებს ინტერპოლის მექანიზმებს და პროკოპჩუკი ამ ქმედებების პირდაპირი მონაწილეა.

რუსეთს ინტერპოლის ბოროტად გამოყენება აღარ დასჭირდება საკუთარი მიზნების მისაღწევად. კრემლს უბრალოდ შეეძლება ორგანიზაცია საკუთარ სამსახურში ჩააყენოს.
ვლადიმირ კარა-მურზა

განცხადება, რომელსაც ხელს სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ უიკერი, კრის კუნსი და მარკო რუბიო აწერენ, ტრამპის ადმინისტრაციას და ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას სთხოვს, წინააღმდეგობა გაუწიოს პროკოპჩუკის კანდიდატურის გასვლას.

„რუსეთი უწყვეტად ახდენს ინტერპოლის ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების, დისიდენტებისა და ჟურნალისტების შესავიწროებლად. ალექსანდერ პროკოპჩუკი პირადად არის ჩართული დაშინების ამ სტრატეგიაში, რაც საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას და პუტინის ავტორიატარული რეჟიმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად,“ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სენატორების თქმით, პროკოპჩუკის ინტერპოლის პრეზიდენტად არჩევა უწყების „ინსტიტუციონალურ გამოყენებას“ უზრუნველყოფს და იქ საჭირო რეფორმების განხორციელებას ხელს შეუშლის. სენატორებს ასევე მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პროკოპჩუკი გააგრძელებს წითელი ცირკულარების კრემლის სასარგებლოდ გამოყენებას.

რუსეთის მთავრობამ უკვე გააკეთა განცხადება პროკოპჩუკის კანდიდატურის დასაცავად. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ეს საერთაშორისო ორგანიზაციის არჩევნებში ჩარევის ერთგვარი მექანიზმია.“

სენატორებთან ერთად, პროკოპჩუკის ინტერპოპლის პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივას აკრიტიკებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც.

თუ ვლადიმირ პუტინმა ინტერპოლში საკუთარი ერთგული ქვეშევრდომის დანიშნვა შეძლო, ამით საკუთარ კრიმინალურ საცეცებს დედამიწის ყველა კუთხეში გაავრცელებს.
ბილ ბროუდერი

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა ამბობს, რომ თუ პროკოპჩუკი ინტერპოლის პრეზიდენტი გახდა, „რუსეთს ინტერპოლის ბოროტად გამოყენება აღარ დასჭირდება საკუთარი მიზნების მისაღწევად. კრემლს უბრალოდ შეეძლება ორგანიზაცია საკუთარ სამსახურში ჩააყენოს.“

კარა-მურზა ასევე დასძენს, რომ წითელი ცირკულარების ბოროტად გამოყენება ისეთი დიდი სატკივარი არ არის, როგორიც ინფორმაციის. „ორგანიზაციის მთავარი მიზანი ინფორმაციის გაზიარება და ყველა ქვეყნის ეროვნული პოლიციის მიერ ერთმანეთისთვის დახმარების გაწევაა. წარმოიდგინეთ რის გაკეთება შეეძლება კრემლს მსოფლიოს მასშტაბით კონფიდენციალურ მონაცემთა ბაზაზე წვდომის მიღების შემთხვევაში,“ წერს კარა-მურზა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ წერილში.

ბრიტანელი ფინანსისტი ბილ ბროუდერი კი ამბობს, რომ რუსი გენერლის გამარჯვება „აღმაშფოთებელი“ იქნება. ბროუდერი თავად იყო პროკოპჩუკის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარის ბოროტად გამოყენების მსხვერპლი. რუსეთის მოთხოვნით, ის ინტერპოლმა რამდენიმე ქვეყანაში უკვე რამდენჯერმა დაკავა. ბოლოს, ის ესპანეთში მაისში დააკავეს თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ბროუდერის თქმით, თუ ვლადიმირ პუტინმა ინტერპოლში საკუთარი ერთგული ქვეშევრდომის დანიშნვა შეძლო, ამით „საკუთარ კრიმინალურ საცეცებს დედამიწის ყველა კუთხეში გაავრცელებს.“

ბროუდერი, რომელიც სერგეი მაგნიტსკის პარტნიორი იყო, რამდენიმე ქვეყანაში ინტერპოლის წითელი ცირკულარების გამო ვერ ჩადის სავარაუდო ლეგალური რისკების გამო. მაგნიტსკიმ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ კი, ის ციხეში, სავარაუდო, წამების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, ბროუდერი აქტიურად ჩაერთო ამერიკის კონგრესში, ეგრეთწოდებული, „მაგნიტსკის აქტის“ მიღებაში, რომელიც ადამიანების უფლებების დამრღვევებს, მათ შორის, რუსეთში, სანქციებს უწესებს.

ინტერპოლში 192 ქვეყანა შედის და წითელი ცირკულარის გაცემის შემთხვევაში ადამიანის დაკავების სანქცია თითოეულ მათგანს ეგზავნება. ამასთან, ორგანიზაციას წვდომა აქვს უზარმაზარ საინფორმაციო ბაზებზე, რაც წესით სამართალდაცვას უნდა ემსახურებოდეს. თუმცა, ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების, განცხადებისა და თუ მეზობლების ტერიტორიების დაპყრობის ფონზე, რუსი გენერლის ხელში ამ დიდძალი ინფორმაციის მოხვედრა კრემლის მიერ საკუთარი ინტერესების დასაწინაურებლად იქნება გამოყენებული.

ინტერპოლის ახალი პრეზიდენტი ყოფილ ხელმძღვანელ მენგ ჰონგვის შეცვლის. ის სექტემბერში მშობლიურ ჩინეთში გაუჩინარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის კორუფციის ბრალდებით ჰყავს დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG