ზუსტად 117 წლის წინ, 9 სექტემბერს, თბილისში ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი) დაიბადა. მეოცე საუკუნის ლეგენდარული ავიაკონსტუქტორი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი გახდა.
117 წლის შემდეგ, ალექსანდრე ქართველის დაბადების დღე, მშობლიურ ქალაქში, საქართველოს ისტორიაში პირველი ავია-შოუთი აღნიშნეს.
ავიაშოუზე უმაღლესი პილოტაჟის ელემენტები თავდაცვის სამინისტროს, სახმელეთო ჯარების საავიაციო ბრიგადის შეიარაღებაში მყოფმა SU-25 "სკორპიონსებმა" შეასრულეს. თბილისის ცაზე ასევე იფრინეს, ჩეხური წარმოების, L-39 ალბატროსის ტიპის, სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებმა.
ალექსანდრე ქართველი არის ამერიკის სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი.მისი სახელის პოპულარიზაცია, მისი ღვაწლის აღნიშვნა, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა ღრმაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მეგობრობა.“ირაკლი ალასანია
საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო ავია შოუ, ორმა პარაშუტისტმა გახსნა. ისინი АN-2 ტიპის თვითმფრინავიდან გადმოხტნენ და ცაში სიმბოლურად საქართველოს და ამერიკის შეერთეებული შტატების სახელმწიფო დროშები გაშალეს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომლის იდეაც გახლდათ პირველი ქართული ავია შოუთი ალექსანდრე ქართველიშვილის გახსენება, კერძოდ აღნიშნა:
„ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ავია შოუ პირველად იმართება, არამედ იმით, თუ ვისაც ეძღვნება. ეს არის ალექსანდრე ქართველი, რომელიც ამერიკის სამხედრო ავიაციის ფუძემდებელია.
მისი სახელის პოპულარიზაცია, მისი ღვაწლის აღნიშვნა, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა ღრმაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მეგობრობა.“
1896 წელს თბილისში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ავიაციით პირველად, სწორედ მშობლიურ ქალაქში დაინტერესდა. გასული საუკუნის 10-იან წლებში, იგი ჰაერნაოსნობის წრის აქტიური წევრი იყო.
1914 წელს, ქართველიშვილი პეტერბურგის პრაქტიკულ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მექანიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, სწავლას მეორე კურსიდან ეთიშება და რუსეთის იმპერიის, ერთ-ერთ გამორჩეულ სამხედრო ცენტრში, კონსტანტინეს სახელობის საარტილერიო სასწავლებელში გადადის.
შემდეგ არის სამხედრო სამსახური ჯერ მეფის რუსეთის ჯარში და ომი თურქეთთან, სადაც ქართველიშვილი მძიმედ დაიჭრა.
ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდეგ კი ქართველიშვილი სამხედრო სამსახურს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში აგრძელებს და ზოგიერთი ცნობით, 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომშიც მონაწილეობს.
უმორჩილესად გთხოვთ ბატონო მინისტრო, მოახდინოთ ჯეროვანი განკარგულება, რათა ვიქნე გაგზავნილი საზღვარგარეთ, სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის დასამთავრებლად. დარწმუნებული ვარ, შევძლებ სამაგიერო სარგებლის მოტანას ჩემი სამშობლოსთვის".ალექსანდრე ქართველიშვილის 1919 წლის წერილიდან
1919 წელს, ქართველიშვილი საქართველოს სახალხო განათლების მინისტრს წერს: "სამწუხაროდ, ახლა სხვის დაუხმარებლად, ჩემთვის ყოვლად შეუძლებელია სწავლის დამთავრება. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ბატონო მინისტრო, მოახდინოთ ჯეროვანი განკარგულება, რათა ვიქნე გაგზავნილი საზღვარგარეთ, სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის დასამთავრებლად. დარწმუნებული ვარ, შევძლებ სამაგიერო სარგებლის მოტანას ჩემი სამშობლოსთვის".
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ცნობილი ქართველი იურისტის მიხეილ ქართველიშვილის ვაჟს თხოვნა დაუკმაყოფილა, სწავლის საფასური დაუფინანსა და სასწავლებლად საფრანგეთში მიავლინა.
ქართველიშვილი პარიზში დედასთან ერთად გაემგზავრა და ავიაციის უმაღლესი სკოლა 1922 წელს დაამთავრა. რუსულ-საბჭოთა ანექსიის გამო, უკან საქართველოში აღარ დაბრუნებულა და გასაგები მიზეზების გამო, "სამშობლოს ვეღარ გამოადგა".
ქართველმა პარიზში მუშაობა ლეგენდარული ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანია - Bleriot დაიწყო. საფრანგეთში მან მფრინავის პროფესიაც აითვისა, თუმცა, ერთ-ერთი საცდელი გაფრენის დროს, მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა და ალექსანდრე სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.
ქართველმა კისერი და ხერხემლის ორი მალა მოიტეხა. ბოლოს აღიარა, რომ სამხრეთული ტემპერამენტის გამო, მფრინავის პროფესია მისი ძლიერი მხარე არ იყო და ისევ ავია ინჟინერიას დაუბრუნდა.
საფრანგეთში ქართველმა მონაწილეობდა მიიღო, თოთხმეტ ადგილიანი სამოქალაქო თვითმფრინავის Bernard-60 და ერთადგილიანი Bernard-Ferbois V.2 შექმნაში.
1927 წლიდან ქართველიშვილი საფრანგეთიდან აშშ-ში ჩადის. ნიუ იორკში იგი შეუერთდა, ავიაციით შეპყრობილი მულტიმილიონერის ჩარლზ ლევინის მიერ შექმნილ ავიაკონსტრუქტორთა ძლიერ გუნდს. ლევინს ქართველი ძალიან მოეწონა, პირად კონსტრუქტორად აიყვანა და აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლაც დაუფინანსა.
"ლაიფთან" ინტერვიუში ქართველი იხსენებს, რომ მან ინგლისური არ იცოდა, ლევინს კი ფრანგული და რუსული არ ესმოდა. "ერთმანეთს რამდენიმე, "ნატეხი" გერმანული სიტყვითთ ვაგებინებდით და საერთო ენა მაინც გამოვნახეთ".
1931 წელს, ქართველიშვილი, ასევე თბილისში დაბადებული, უკვე ცნობილი რუსი ავიატორის ალექსანდრე სევერსკის კომპანია - Seversky Aircraft Co-ში გადადის. სევერსკისთან რთული და დაძაბული თანამშრომლობის პერიოდში, ქართველი 1936 წელს - Seversky P-35 და 1940 წელს კი Republic P-43 Lancer ქმნის.
ამ დროისთვის სევერსკის კომპანიამ დიდი ზარალი ნახა, გაკოტრდა, აქციონერები, სახელი შეიცვალა და Republic Avia Corporation გახდა. ახალ კომპანიაში ქართველიშვილი უკვე ვიცე-პრეზიდენტისა და მთავარი ინჟინრის პოსტს იკავებს.
ამ პერიოდში, 1937 წელს, ალექსანდრე ნიუ იორკიდან, გასაბჭოებულ თბილისში დას, თამარ ქართველიშვილს და მის ოჯახს უკავშირდება, ცდილობს ფულადი დახმარება აღმოუჩინოს და მასთან კავშირი აღადგინოს. საბჭოთა კაგებეს ზეწოლით, ნათესავებმა საპასუხო წერილში, "მოღალატე" უწოდეს და "უარყვეს". ეს ქართველზე დიდი დარტყმა იყო.
„მეხთამფქვევებმა“ ნახევარ მილიონზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, რა დროსაც - მტრის 4000 თვითმფრინავი, 9000 სარკინიგზო შემადგენლობა, 86 ათასი სატვირთო ავტომანქანა და 6 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ანუ ქართველის Republic P-47 Thunderbolt უზარმაზარი წვლილი შეიტანა, მეორე მსოფლიოში მოკავშირეების გამარჯვებაში
მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს, , ქართველიშვილის, როგორც მსოფლიოში გამორჩეული და თამამი იდეების მქონე ავიაკონსტრუქტორის ცხოვრებაში, "ოქროს ხანა" დგება.
ქართელი ლეგენდარულ „მეხთამფქვევს“, Republic P-47 Thunderbolt ქმნის, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი ავიაგამანადგურებელი ხდება. ამ დროს, ქართველის წლიური ხელფასი, 35 ათასი დოლარია და მას კომპანიაში 200 ადამიანი აბარია.
1942-წლიდან აშშ-ში P-47 ტიპის 15 683 ავიაგამანადგურებელი გამოუშვეს. ქართველიშვილის ავიამოიერიშეებს იყენებს არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ, დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებიც.
მიუხედავად იმისა, რომ Republic P-47 საბრძოლო ნათლობა, მხოლოდ 1943 წლის აპრილში შედგა, „მეხთამფქვევებმა“ ევროპასა და წყნარ ოკეანეში, ნახევარ მილიონზე მეტი საბრძოლო გაფრენა მოასწრეს.
საერთო ჯამში, P-47-მა მტრის 4000 თვითმფრინავი, 9000 სარკინიგზო შემადგენლობა, 86 ათასი სატვირთო ავტომანქანა და 6 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურა. ანუ ქართველის Republic P-47 Thunderbolt უზარმაზარი წვლილი შეიტანა, მეორე მსოფლიო ომში, მოკავშირეების გამარჯვებაში. 15 683 Republic P-47 მოწინააღმდეგემ მხოლოდ 3499-ის ჩამოგება შეძლო, რაც საოცარი სტატისტიკაა.
თავად ალექსანდრე არც ისე მაღალი აზრის ყოფილა P-47-ზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი ამბობს, "კი, კარგი თვითმფრინავია, მაგრამ ძალიან დიდია. თავიდან, მე არც კი ვიცოდი, იფრენდა თუ არა P-47. თუ, მფრინავი უბრალოდ ტროტუარზე აღმოჩნდებოდა".
1947 წელს, ქართველიშვილმა უკვე Republic F-84 Thunderjet შექმნა, პირველი რეაქტიული ავიაგამანადგურებელი, რომელიც ნატოს ქვეყნების შეიარაღებაში გამოჩნდა.
F-84 აქტიურად გამოიყენებოდა კორეის ომში, საბჭოთა წარმოების MIG-15-ის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი ერთადგილიანი, ამერიკული ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ატომური ბომბის წაღებაც შეეძლო.
1958 წელს, ქართველიშვილის ახალი პირმშო Republic F-105 Thunderchief გამოჩნდა, ეს ავიაგამანადგურებელი აქტიურად უკვე, ვიეტნამის ომში ჩაერთო..
ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს NASA დაკვეთით, ქართველიშვილი 1959-70-იან წლებში, ასევე მონაწილეობდა ექსპერიმენტული თვითმფრინავების Republic XR-12 Rainbow და X-15-ის შექმნაში.
ალექსანდრე ქართველიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა და ცხოვრობდა ფარმინგდეილში, ნიუ იორკის კუნძულ ლონგ-აილენდზე, სადაც Republic Aviation შტაბ-ბინა მდებარეობდა. "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ Republic Aviation ბოსები ალექსანდრეს, "ბატონო ქართველი" ასე მიმართავდნენ, მეგობრებისთვის კი უბრალოდ, "ალეკო" ან "საშა" იყო.
"ეს ჩემი ცხოვრებაა და მე სამსახურისგან წარმოუდგენელ სიამოვნებას ვიღებ. ჩემთვის მოსაწყენია სახლში ჯდომა"
იგი ორჯერ გავიდა პენსიაში, მაგრამ ორჯერვე, უკან კომპანიაში კონსულტანტად დაბრუნდა. "ეს ჩემი ცხოვრებაა და მე სამსახურისგან წარმოუდგენელ სიამოვნებას ვიღებ. ჩემთვის მოსაწყენია სახლში ჯდომა" - ამბობდა ქართველი. 1956 წელს, მას გარდაეცვალა დედა, ელენე ქართველიშვილი.
თავად ლეგენდა 77 წლის ასაკში, 1974 წლის 20 ივლისს, ჰანთიგთონის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, გულის შეტევა სახლში დაემართა.
წინა დღე, ქართველმა ტრადიციულად, სამსახურში, ახალ პროექტზე მუშაობაში გაატარა. ქართველი დაქორწინებული იყო ამერიკელ ჯინ რობინსზე, მაგრამ მემკვიდრე არ დარჩენია.
მისი გარდაცვალებიდან 3 თვეში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ავიაციამ შეიარაღებაში A-10 Warthog მიიღო, რომლის შექმნაზეც, სპეციალურ ჯგუფთან ერთად, ქართველიშვილი, როგორც საპატიო ინჟინერი, ისე მუშაობდა.
ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებას, 7 წლის მანძილზე იკვლევდა ქართველი რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი. სწორედ მან აღმოაჩინა ხელახლა, ქართველიშვილის, მისი დედის და მეუღლის საფლავები ლონგ-აილენდის სასაფლაოზე.
აპრილში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროექტი “ალექსანდრე ქართველი და აშშ-ის სამხედრო ავიაცია“. აგვისტოს ბოლოს კი, ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორის საფლავი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოინახულა. რამაზ ბლუაშვილი ამბობს:
„ალექსანდრე ქართველიშვილი იყო ლეგენდარული ქართველი და ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი, შექმნა 14 ლეგენდარული თვითმფრინავირამაზ ბლუაშვილი
„ალექსანდრე ქართველიშვილი იყო ლეგენდარული ქართველი და ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი, შექმნა 14 ლეგენდარული თვითმფრინავი. დღეს დაიწყო ეს პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში გადავიღებთ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, ჩამოვიტანთ ქართველიშვილის შექმნილ ერთ-ერთ თვითმფრინავს და დაიწერება წიგნი მის შესახებ ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.“
დღესვე, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა ოფიციალურად ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის გახდა. ახლო მომავალში კი დაგეგმილია ფილმის გადაღება, რომელშიც ქართველიშვილს როლს, წინასწარი ინფორმაციით, ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე შეასრულებს.
თბილისში, ქართველიშვილის მუზეუმისთვის კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგეგმება მის მიერ შექმნილი ლეგენდარული Republic P-47 Thunderbolt ჩამოტანა, რომელიც საქართველოში სამუდამოდ დაიდებს ბინას.