ტრამპის ადმინისტრაცია დროებით აჩერებს ზოგიერთ საიმიგრაციო შუამდგომლობას მიგრანტებისგან, რომლებიც შეერთებულ შტატებში კონკრეტული პროგრამებით დაუშვეს (პაროლი).
ეს ნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურმა შეაჩერა განაცხადების განხილვა მათგან, ვინც თავისი სტატუსის უფრო მუდმივი საიმიგრაციო სტატუსით შეცვლას ითხოვს.
დროებითი პაუზა ეხება მათ, ვინც შეერთებულ შტატებში პაროლის ისეთი პროგრამებით შემოვიდა, როგორიცაა „გაერთიანება უკრაინისთვის“ (U4U), ასევე კუბელებისთვის, ჰაიტელებისთვის, ნიკარაგუელებისთვის და ვენესუელელებისთვის არსებული CHNV და ოჯახების გასაერთიანებელი პაროლი (FRP).
მთავრობის ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ დროებით შეჩერების მიზეზი უსაფრთხოების საკითხების გადახედვაა.
პაროლის მინიჭების უფლება აღმასრულებელ ხელისუფლებას კონგრესმა 1952 წელს მიანიჭა, რომლითაც პრეზიდენტს უფლება აქვს ცალკეულ შემთხვევებში, გადაუდებელი ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ზოგიერთი პირი ქვეყანაში დაუშვას.
ჰუმანიტარული პაროლი განმცხადებელს უფლებას აძლევდა შეერთებულ შტატებში დროებით ლეგალურად ეცხოვრა და ემუშავა, მაგრამ მუდმივი მცხოვრების სტატუსისკენ არ მიჰყავდა.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალური პირის თანახმად, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და საიმიგრაციო სისტემის განსამტკიცებლად, დამატებითი შემოწმებებისკენ მოუწოდებს.
ტრამპის ადმინისტრაციას არ გამოუცხადებია დეტალები იმის შესახებ, თუ პროცესის გადახედვის საჭიროება კონკრეტულად რამ გამოიწვია ან რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.
მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ქეთლინ ბუშ-ჯოზეფმა X-ზე გამოაქვეყნა, რომ პროცესის შეჩერების მიუხედავად, ადამიანების „დეპორტაცია შესაბამისი ორდერის გარეშე ვერ მოხდება“.
ამჟამად ნათელი არ არის განმცხადებლებს თავისი განაცხადის ხელახლა შეტანა დასჭირდებათ, თუ მათი საქმეების განხილვა ჩვეულებრივად განახლდება.