ჰონგ-კონგის სასამართლომ 36 წლის აქტივისტს, ჩოუ ჰენგ-ტანგს, 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამშაბათს, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო არავტორიზებულ შეკრებაში მონაწილეობასა და იმ ადამიანთა ხსოვნისადმი პატივის მიგებაში, ვინც 1989 წელს, პრო-დემოკრატიული დემონსტრაციების დროს, პეკინის ტიანანმენის მოედანზე, დარბევისას დაიღუპნენ.
1989 წლის მასობრივი ხოცვა-ჟლეტისას დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გასული წლის 4 ივნისს, ჰონგ-კონგის ახლა უკვე აკრძალული ორგანიზაციის, "ჩინეთის პატრიოტულ-დემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერთა ალინსის" წევრები შეიკრიბნენ. ჩოუ ჰენგ-ტანგი შეკრებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. ხოლო ალიანსი "უცხო ძალების აგენტობის" ბრალდების გამოძიების ფონზე იქნა დახურული.
ტიანანმენის მოვლენების მსხვრეპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრებები, პოლიციიამ ჰონგ-კონგში ორი წელია აკრძალა. ოფიციალური მიზეზი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა.
თუმცა, აქტივისტები ამ დასაბუთებას არ იზიარებენ და თვლიან, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რათა მათ შეკრება აუკრძალონ. ამიტომ, შეზღუდვების მიუხედავად, 2020 და 2021 წლებში, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა გარდაცვლილების ხსოვნისთვის სანთლებითა და ყვავილებით პატივი მიეგოთ.
აქტივისტის დაკავებამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და სოციალურ ქსელში გაჩნდა პოსტები სათაურით: "სანთლის დანთება დანაშაული არ არის".
ჩოუს ასევე წარდგენილი აქვს დაუმორჩილებლობისთვის მოწოდების ბრალდება, 2020 წლის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, რომელიც პეკინს ჰონგ-კონგზე უფრო მეტ კონტროლს ანიჭებს. ჩოუ ერთ-ერთია ათობით აქტივისტთა შორის, რომლებიც ამ დემონსტრაციების დროს დააკავეს.
ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, ჰონგ-კონგი, ჩინეთს 1997 წელს გადაეცა, პირობით რომ ქალაქი სხვადასხვა თავისუფლებებით და ავტონომიით ისარგებლებდა, "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პრინციპით. თუმცა უკანასკნელ პერიოდში, ჩინეთი ზღუდავს ჰონგ-კონგის ავტონომიას, რასაც 2019 წელს მასშტაბური საპროტეტო გამოსვლები მოჰყვა. 1989 წლის მოვლენებთან დაკავშირებული დემონსტრაციებისა თუ სხვა ღონისძიებების აკრძალვა ამის ერთ-ერთი მაგალითია.
1989 წელს, პეკინის ტიანანმენის მოედანზე სტუდენტების საპროტესტო გამოსვლის დარბევისას ოფიციალური ინფორმაციით 300 ადამიანი დაიღუპა. თუმცა პეკინს მომხდარის შესახებ სრული ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების თქმით, რეალურად მსხვერპლის რაოდენობა ათასებს უტოლდება.
Facebook Forum