ორი ღამის განმავლობაში თბილისში პოლიციისა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან. ძალოვანი უწყებების მხრიდან, გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე საუბრობენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით, იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი და ასევე მხუთავი აირის კაფსულები. საია შსს-გან ითხოვს განმარტებას იმის თაობაზე, თუ რა ნივთიერებებია გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.
29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილეს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური შემადგენლობის თაობაზე განმარტება არ გაუკეთებია.
საია ამბობს, რომ სხვადასხვა საშუალების ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენების თაობაზე აკრძალვა შსს-მ გააუქმა, რათა, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით, გაემარტივებინა დემონსტრანტების დაშლის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა.
„ძალადობის ხარისხი და ასეთი ფაქტების სიმრავლე, გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ გასული ღამის (29-30 ნოემბერი) განმავლობაში 107 მოქალაქეა დაკავებული. მათ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე ედავებიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
28-29 ნოემბრის ღამეს, დემონსტრაციის პირველ დღეს, პოლიციამ 43 პირი დააკავა. პოლიცია მათაც ედავება სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.