მძაფრი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე, რომელიც სასამართლოს მიერ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას მოჰყვა, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო აგრძელებს, წინა ხელისუფლების დროს, უკანონოდ ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნების ურთულეს პროცესს.
„ამერიკის ხმას“ მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაასრულა კიდევ სამი საქმე. 10 „ტოიოტას“ მარკის პიკაპი უბრუნდება კომპანია „მათე მოტორსის“ მეპატრონე გელა ბარკალაიას. მან ეს ავტომობილები, საერთო ღირებულებით, 270 000 დოლარი, 2010 წელს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფოს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებით „აჩუქა“.
ბარკალია ზეწოლაში შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, გენერალ შალვა ჯანაშვილს ადანაშაულებდა. გამოძიების დროს ასევე გამოიკვეთა, კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნების დანაშაულის ნიშნები. მთავრობის მეთაურმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ რთულ საქმეებს ეტაპობრივად მოაგვარებენ.
„წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს კიდევ 12 ავტომანქანას ვუბრუნებთ სამ კერძო პირს. 2010 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს ავტომანქანები. ასე, რომ ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ, ამ მეტად რთულ საქმეს, ეტაპობრივად, ვაგვარებთ.“
კიდევ ერთ ჩამორთმეულ ავტომანქანას- „ნისან მურანო“ დაუბრუნებენ ფოთში რეგისტრირებული კომპანია XG-ის მენეჯერს გივი ღუჭაშვილს, მან ეს ავტომობილი, სამხედრო პოლიციის ზეწოლით, 2010 წელს, თავდაცვის მინისტრის მაშინდელ მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილს გადასცა.
2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, პროკურატურამ დაზარალებულებს სულ რამდენიმე ათეული ავტომობილი და უძრავი ქონება დაუბრუნა. მაშინ როცა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობით, როგორც მათ კომიტეტში, ისე პროკურატურაში, 20 ათასზე მეტი განცხადებაა შესული, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ეხება.
მთავრობა აცხადებს, რომ როცა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ბენეფიციარი სახელმწიფოა, აქ შედარებით მარტივად არის საქმე. თუ ქონება პრივატიზებული არ არის, მაშინ დაზარალებულს უბრუნდება ან მომავალში დაუბრუნდება. და, თუ უკვე გაყიდულია, მაშინ ყოფილ მფლობელებს: კონპენსაციის სახით ობლიგაციები შესთავაზებენ.
ბოლო წლებში, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ფაქტებიდან აღსანიშნავია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის „სონგო კომპანის“ დაბრუნება, რომელსაც სიღნაღში, 35 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობები ეკუთვნის.
სულ სხვა სიტუაცია, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, "ალბატროს დელუქსის" ძვირადღირებულ ოფისთან დაკავშირებით. 2011 წელს ეს ოფისი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ღირს, მფლობელს ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილს დაპატიმრების შემდეგ ჩამოართვეს. მოგვიანებით, ბეგიაშვილი გაანთავისუფლეს, ის შვეიცარიაში გაიქცა და პოლიტიკური თავშსაფარი მიიღო.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბეგიაშვილმა წართმეული ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, სახელმწიფომ ბეგიაშვილი "ალბატროს დელუქსის" ოფისში მხოლოდ მოიჯერად შეუშვა. დაპირება, რომ სამ თვეში წართმეულ ქონებას უკან დაუბრუნებდნენ არ შესრულდა.
ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რა პრინციპით აბრუნებს სახელმწიფო უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას. მისი აზრით, სახელმწიფო მექანიზმები უკიდურესად არაეფექტურია და მთელი ეს პროცესი უამრავ კითხვას ბადებს:
„ის ინსტრუმენტები, ის მექანიზმები და ის დეპარტამენტიც პროკურატურაში, რომელიც სახელმწიფომ შექმნა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ღიად უნდა ვთქვათ, რომ უკიდურესად არაეფექტურია. უკიდურესად გაუმჭირვალეა, თუ როგორ მუშაობს ეს დეპარტამენტი.
და ეს გაუმჭირვალობა ქმნის ძალიან სერიოზულ რისკს, არა მხოლოდ პოტენციური დამნაშავეების მიმართ შერჩევითი სამართლის, არამედ დაზარალებულების მიმართ შერჩევითი სამართლის, იმიტომ, რომ არავინ დღემდე არ იცის, რა კრიტერიუმებით ანიჭებს ესა თუ ის დეპარტამენტი რომელიმე საქმეს უპირატესობას: სიმძიმის მიხედვით, დროის მიხედვით თუ ვინ პირველი მიმართავს?“
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორინგის მიხედვით, 2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5634 უძრავ-მოძრავი ქონება დათმეს. კერძოდ, სახელმწიფოს ჩუქების ფორმით გადაეცა - 369 ერთეული ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი - 1941.
მათ შორის, სახელმწიფოს სასარგებლოდ, მოქალაქეებმა წილები და აქციები დათმეს - 150-ჯერ, ავტომობილები კი - 864 ჯერ. არაოფიციალურად, ქონების დათმობის შემთხვევები - 9000-ს აღემატება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მონაცემებით კი სახელმწიფოსთვის უკანონოდ დათმობილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და წილების საბაზრო ღირებულება - 100 მილიონ ლარსა და ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა, დღეს, ეს თანხა შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს.