7 წლიანი ტყვეობის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "დრანდის ციხიდან", სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გაანთავისუფლეს. საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ოკუპირებულ ანკლავში, "მრავალწლიან სასჯელს", აფხაზი სეპარატისტების „გატაცებისა და მკვლელობის მუხლით“ იყო დატყვევებული. ლუკავას "ბრალი" არ უღიარებია.
გიორგი ლუკავა 2011 წლის 8 მაისს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე მაშინ დაიჭირეს, როცა შვილების საფლავს ასუფთავებდა.
აფხაზებმა ლუკავა ქართული პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ წევრად გამოაცხადეს და ე.წ "ბრალი", 1994 წელს, ოკუპორებულ სოფელ თაგილონში აფხაზ ე.წ „მესაზღვრეებზე“ შეიარაღებულ თავდასხაში დასდეს, რა დროსაც ორი აფხაზი ადგილზე დაიღუპა, 12 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
საავადმყოფოში მკურნალობა მჭირდება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნერვები არ მყოფნის, ლაპარაკი მიჭირს, უძილობა. მაინც ორივე მხარის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს ცოცხალი, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ“გიორგი ლუკავა, აფხაზების ყოფილი ტყვე
2013 წლის სექტემბერში, ე.წ "სოხუმის სასამართლომ" ლუკავას უკანონოდ, "20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა" და "225 ათასი რუსული რუბლით (10 000 ლარი) დააჯარიმა".
ბოლო წლებში, ჟენევისა და გალის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში, ქართული მხარე ლუკავას გათავისუფლებას მუდმივად მოითხოვდა, რაზეც სეპარატისტების მხარე მუდმივად უარს ამბობდა. 2016 წლის მარტში, პატიმართა და ტყვეთა სამმხრივი (თბილისი-სოხუმი-ცხინვალი) გაცვლის დროს, სიაში ლუკავაც იყო, თუმცა, ბოლო მომენტში, იგი "დრანდის ციხეში" შეაბრუნეს.
გიორგი ლუკავა უკვე თბილისში, მეუღლესთან, რვა შვილთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფება. მისი გათავისუფლება "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით მოხერხდა. 53 წლის გიორგიმ "ამერიკის ხმას" სატელეფონო ინტერვიუში უთხრა, რომ ტყვეობამ ჯანმრთელობა ძალიან შეურყია:
„საავადმყოფოში მკურნალობა მჭირდება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნერვები არ მყოფნის, ლაპარაკი მიჭირს, უძილობა და მაინც ორივე მხარის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს ცოცხალი, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ.“
სოხუმიდან დევნილი ლუკავასთვის ეს რიგით მეორე ტყვეობა იყო. პირველად აფხაზებმა იგი 1996 წელს, ოკუპირებულ გალის რაიონში დაიჭირეს და „მკვლელობებისა“ და „პარტიზანული მოძრაობის წევრობისთვის“ დაატყვევეს. ე.წ "დრანდის ციხეში" პირველი ტყვეობის დროს, ლუკავამ 3 წელი გაატარა. 1999 წელს, მას ტყვეთა გაცვლის პროცესი შეეხო და გათავისუფლდა. საერთო ჯამში, 53 წლის ლუკავამ ე.წ "დრანდის ციხეში" თითქმის, 10 წელი გაატარა.
ლუკავას გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, ე.წ "ცხინვალის ციხიდან" 40 წლის გიორგი გიუნაშვილი გაუშვეს, რომელსაც უკანონოდ ასევე "20 წლიანი პატიმრობა" ჰქონდა "მისჯილი". გიუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2016 წლის 8 ივნისს სოფელ დისევის სიახლოვეს გაიტაცეს და ცხინვალის რეჟიმმა იგი "ტერორიზმის მუხლით" "გაასამართლა".
როგორც ვიცი, იქეთ აფხაზებისთვის პატიმრები არ მიუციათ, ორი პატიმარი ჩვენი გაშვების სანაცვლოდ, ოსებს გადასცეს“
ლუკავა ამბობს, რომ მისი და გიუნაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, სეპარატისტებს ორი პატიმარი გადასცეს, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას დღემდე არ ადასტურებენ:
„როგორც ვიცი, იქეთ აფხაზებისთვის პატიმრები არ მიუციათ, ორი პატიმარი ჩვენი გაშვების სანაცვლოდ ოსებს გადასცეს“
ე.წ "დრანდის ციხეში" ტყვეობაში, ამ დრომდე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რჩება. ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრს, 27 წლის პაატა როგავას, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2017 წლის 5 აპრილს, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მამასთან ერთად გაიტაცეს, „საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის“ 2 წელი და 2 თვე აქვს "მისჯილი". 61 წლის მამა არჩიკო როგავა კი აფხაზებმა 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გურამ ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია. რუსმა ოკუპანტებმა ბესტაევი "საოკუპაციო ხაზის" მესამედ "დარღვევისთვის", 30 ოქტომბერს დაიჭირეს და „ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა“ "შეუფარდეს".