ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადიზმი ქართულ ციხეებში


სისტემურმა სადიზმმა „რეფორმირებული“ პენიტენციალური სისტემა გადაიყოლა
სისტემურმა სადიზმმა „რეფორმირებული“ პენიტენციალური სისტემა გადაიყოლა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:12 0:00
ბმული

შემზარავმა ვიდეოკადრებმა, რომელიც ქართულ მედიაში გაავრცელდა, მთლიანად გააშიშვლა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სადიზმი. კადრების მიხედვით, თბილისში, გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების ჯგუფური გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა და დამცირება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

კოშმარული რეალობა საჯარო გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა გახადა, რომელიც ამჟამად ბელგიაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

ვლადიმერ ბედუკაძემ ვიდეოკადრები ქართული ტელევიზიების გარდა ევროპარლამენტსაც მიაწოდა. ბედუკაძე ამტკიცებს, რომ პატიმრების სადისტური წამების მითითებას, უშუალოდ შსს-ს და სასჯელაღსრულების მაღალი თანამდებობის პირები იძლეოდნენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თავად ვისი დავალებით და ხელშეწყობით იღებდა ამ შემზარავ ვიდეოკადრებს? აიღო თუ არა ფული კადრების გადაღებაში და რაც ყველა მთავარია, ამ წლების მანძილზე, მონაწილეობდა თუ არა წამებაში?

„ვადასტურებ, რომ მერვე საპყრობილეში გახსნის დღიდან მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებზე ხდებოდა ზეწოლა, ცემა, წამება, მკვლელობები...

ძალადობაში ვგულისხმობ გაუპატიურების მცდელობას, ჯგუფურ ცემას, არავინ საქმის კურსში არ იყო, არავინ არაფერი არ იცის - მე ვიღებდი ყველა ჩანაწერს ფარულად.

ზეწოლა და წამება ხორციელდება პირადად ბაჩო ახალაიას მითითებით. არანაირი სამინისტრო, არანაირი კალმახელიძე და შაშკინი - ეს არის ბლეფი, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა ევროპელი და ქართული საზოგადოებისთვის.“

გლდანის მერვე ციხეში გადაღებულმა სკანდალურმა კადრებმა ელვისებურ პოლიტიკურ პროცესებს დაუდო სათავე. პირველი შემზარავი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სასჯელაღსრულების 33 წლის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საუბრობდა „გარკვეულ ძალებზე“, რომლებსაც „სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების დასამარება სურდათ.“

ამის მიუხედავად, კალმახელიძემ თანამდებობიდან გაანთავისუფლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი დავით ჭაკუა. უფრო მძიმე ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი, კალმახელიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

კოშმარულ კადრებს დილის ოთხ საათზე გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება:

„ალბათ, როგორც ყველა თქვენგანი, იმ კადრების ხილვის შემდეგ, რომელიც ვრცელდება ტელევიზიების მიერ, მეც ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც სულით ხორცამდე შოკირებული. ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში ეს არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.“

ამ დრომდე უამრავი შეკითხა არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის მიმართ. სამინისტრო გუშინ ამტკიცებდა, რომ პატიმრების წამების ორგანიზება და ვიდეოგადაღება გლდანის ციხის თანამშრომლების ნაწილს, მათ შორის, ვლადიმერ ბედუკაძეს, "გარედან შეუკვეთეს".

შსს-მ ბედუკაძეზე გუშინვე ძებნა გამოაცხადა. ვიდეოგადაღების და ძალადობის ორგანიზატორებად კი გლდანის ციხის პატიმარი, თადარიგის გენერალი თამაზ თამაზაშვილი და ბიზნესმენი, კომპანია „ელიზის“ მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი დაასახელეს.

თამაზ თამაზაშვილი, რომელიც შარშან ოქტომბერში "იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით" დააკავეს, სამ წლიან სასჯელს იხდის. იგი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

ადვოკატმა შალვა თადუმაძემ, რომელმაც გლდანის ციხეში მოინახულა თამაზ თამაზაშვილი შსს-ს ბრალდებას აბსურდი უწოდა. ბრალდება კატეგორიულად უარყო თამაზ ელიზბარაშვილმაც, იგი დღეს თავისი სურვილით წავიდა პროკურატურაში და ჯერჯერობით მისი შემდგომი ბედი უცნობია.

შალვა თადუმაძე: „შევხდი თამაზაშვილს. მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არანაირი ღონისძიებები არ განხორციელებულა, არც ზეწოლას აქვს ჯერჯერობით ადგილი.

მას არც არავინ შეხვედრია მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს წარმომადგენელი იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ თამაზაშვილი დანაშაულის დამკვეთი, მონაწილე და ფულის გადამხდელია. მასთან არც გამომძიებელი შესულა, არც ბრალი წარდგენია.“

თამაზ ელიზბარაშვილი: „ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია, პირადად თამაზ თამაზაშვილს არ ვიცნობ, არც არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. რაიმე დანაშაულზე ლაპარაკიც ზედმეტია. შეხებაც კი არ მაქვს.“

საქართველოს რამდენიმე ქალაქში ამ დრომდე არ წყდება დემონსტრაციები ერთიანი მოთხოვნით - „არ აწამო!“ დემონსტრანტების ნაწილი სასჯელაღსრულების უკვე ყოფილი მინისტრის, კალმახელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.

მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარებაა გლდანის ციხესთან, სადაც მიტინგს პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადაცვითი ორგანიზაციები მართავდნენ. აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

პროკურატურამ სასჯელაღსრულების სისტემის ათი თანამშრომელი დააკავა, მათ შორის დეპარტამენტის და გლდანის ციხის მაღალჩინოსნებიც, თუმცა ახალ შემზარავ ვიდეოკადრებში, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება მრავალი სხვა მოძალადის სახე ჩანს.

ხელისუფლებაში ეჭვი აქვთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს ციხის კადრების გადაღება "ქართული ოცნებიდან" შეუკვეთეს, მომავალი არჩევნების წინ, ხელისუფლების პოზიციების დასუსტების მიზნით. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ ამ "ოპერაციის" უკან, ბიძინა ივანიშვლი და უფრო მეტიც, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიც იდგნენ.

ამ ვერსიას უარყოფს, ბელგიაში გაქცეული ვლადიმერ ბედუკაძე. მისი თქმით, ციხეებში შემზარავი ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებს - 2010, 2011 და 2012 წლებში თავად, ყოველგვარი "ანაზღაურების და დახმარების გარეშე" იღებდა.

საქართველოს პატრიარქმა მომხდარის სასწრაფო გამოძიება და სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა. სკანდალის არნახული მასშტაბების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საერთოდ გააუქმა პეინტენციალური სისტემა, რომლის რეფორმირებაზე, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ასეულობით მილიონი ლარია დახარჯული. პრეზიდენტის ბრძანებით, ციხეები და კოლონიები სამართავად დროებით საპატრულო პოლიციას გადაეცა.

P.S. დღის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოში "სოროსის ფონდის წარმომადგენლობამ" მოითხოვეს იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა.

პატიმრების სიკვდილიანობა საქართველოს ციხეებში (2003-2012)

2003 – 44
2004 – 42
2005 - 40
2006 – 89
2007 – 101
2008 – 90
2009 – 91
2010 – 142
2011 – 140
2012 – 40 (მაისის ჩათვლით)

XS
SM
MD
LG