ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას მოიტანს რუსულ-ქართული საეკლესიო „ალიანსი“ ოკუპირებულ აფხაზეთში?


გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მიერ 999 წელს აშენებული ბედიის მონასტერი დღეს, ოკუპირებული აფხაზეთი
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მიერ 999 წელს აშენებული ბედიის მონასტერი დღეს, ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკულად შეხვდნენ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების წინასწარ შეთანხმებას, „აფხაზეთის საეკლესიო საკითხზე“ "ერთობლივი კომისიის" შექმნის შესახებ.

სწორედ ამ მოულოდნელი მისიით სტუმრობდა წინა კვირას, თბილისს, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გავლენიანი წევრი, ვოლოკალამსკელი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი. იგი რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეებს განაგებს.

პარტიარქ ილია მეორის შეხვედრა რუს მიტროპოლიტ ილარიონთან
პარტიარქ ილია მეორის შეხვედრა რუს მიტროპოლიტ ილარიონთან

მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საეკლესიო კანონებიდან გამომდინარე, იძულებულია, აფხაზეთი (და ცხინვალის რეგიონიც) ფორმალურად, ისევ, საქართველოს ეკლესიის „კანონიკურ ტერიტორიად“ აღიაროს, გაღიზიანებას არ მალავს იმ ფაქტით, რომ ანკლავში დარჩენილ მრევლზე, ე.წ „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს“ (შესაბამისად, კონსტანტინოპოლის ეკლესიის) გავლენა იზრდება.

მით უმეტეს, რომ აფხაზ „ავტოკეფალისტებს", რომლებსაც როგორც მოსკოვის, ისე საქართველოს საპატრიარქო „რასკოლნიკებად“ (განხეთქილებაში მყოფებად) მოიხსენიებს, 2011 წლიდან, კათედრად, გუდაუთის რაიონში მდებარე, ახალი ათონის მონასტერი აქვთ გამოცხადებული.

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდი აღშფოთებულია, რომ სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში, რომელიც 1875 წელს, საბერძნეთში, ათონზე მოღვაწე, წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის ბერებმა დაარსეს, აფხაზები მოსკოვის საპატრიარქოს ხელდასმულ წინაძღვარს იღუმენ ეფრემ ვინოგრადოვს მეექვსე წელია „ჯიუტად“ არ უშვებენ.

ამის გამო, რუსეთის ეკლესიის რამდენიმე სამიტროპოლიტომ საკუთარ მრევლს ახალი ათონის მონასტრის მოლოცვაც კი აუკრძალა.

ახალი ათონის მონასტერი, ოკუპირებული აფხაზეთი
ახალი ათონის მონასტერი, ოკუპირებული აფხაზეთი

ახალი ათონის მონასტრის "დასახსნელად" მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა თბილისში, რუსეთის პატრიარქ კირილეს წინადადება ჩამოიტანა, რომ „აფხაზეთის საკითხზე“ ერთობლივი კომისია სამ-სამი ადამიანით დაკომპლექტდეს. პატრიარქმა ილია მეორემ მოულოდნელად კომისიაში წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია წარადგინა, რუსებს კი აფხაზი რეზო კაციას შეყვანა შესთავაზა.

"აფხაზეთში საეკლესიო უთანხმოება ძალიან მტკივნეული თემაა. რაღაცამდე უნდა მივიდეთ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არცერთ მხარეს არ აქვს. ასეთ შეხვედრაზე რომც წავიდე არანაირი „მზა რეცეპტი“ არ მაქვს“
რეზო კაცია, აფხაზთა ე.წ "რელიგიის საქმეების" ხელმძღვანელი

პროფესიით ისტორიკოსი რეზო კაცია, რომელიც სეპარატისტულ ანკლავში ე.წ „რელიგიის საქმეებს“ განაგებს, საქართველოს პატრიარქის ამ წინადადებით გაოცებული დარჩა, რადგან "ილია მეორეს არასდროს შეხვედრია".

მისი თქმით, აფხაზებისთვის ასეთი კომისიის შექმნის შესახებ არავის უცნობებია და ასეთი შეხვედრა რომც შედგეს, გამოსავლის პოვნის შანსს ვერ ხედავს:

„აფხაზეთში საეკლესიო უთანხმოების დაძლევის საკითხი პერიოდულად წამოიწევს ხოლმე. ჩემი აზრით, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. რაღაცამდე უნდა მივიდეთ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არცერთ მხარეს არ აქვს.

პირდაპირ ვამბობ, რომ ასეთ შეხვედრაზე რომც წავიდე არანაირი „მზა რეცეპტი“ არ მაქვს, არავის აქვს ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილება.“

საქართველოს ეკლესიის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრებისა და ბერ-მონაზვრების გამოძევების ძირითადი ეტაპი, სეპარატისტული ანკლავიდან, 1993 წლის სექტემბრის ბოლოდან, ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის პარალელურად დაიწყო.

მანამდე, 5 ივლისს კომანის ეკლესიაში ლოცვის დროს, აფხაზებმა და რუსებმა დახვრიტეს მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი და იპოდიაკონი იური ანუა. საქართველოს ეკლესიის ეპარქიამ ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებობა სრულად 2009 წლის აპრილში შეწყვიტა, როცა ოკუპირებული კოდორის ხეობის, სოფელ აჟარის, წმინდა გიორგის მონასტრიდან უკანასკნელი ქართველი ბერები გამოყარეს.

1990 წელი, საქართველოს პატრიარქის ერთ-ერთი ბოლო მოლოცვა სოხუმში
1990 წელი, საქართველოს პატრიარქის ერთ-ერთი ბოლო მოლოცვა სოხუმში

ოკუპაციის პირველივე წლებიდან (1993-94-95) საქართველოს ეკლესია იძულებული გახდა „კანონიკური საზღვრების ურღვევობის დაცვის“ სანაცვლოდ, ანკლავზე რუსეთის ეკლესიის დე-ფაქტო მმართველობა ეღიარებინა.

რუსეთის ეკლესიამ თავიდან აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ, ერთადერთ აფხაზ მღდელ ბესარიონ აფლიააზე გააკეთა, რომელიც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის (1981-92) დავით ჭკადუას მიერ იყო ხელდასმული.

აფლიაა ფორმალურად, საქართველოს ეკლესიის ეპარქიის „დროებითი მმართველის“ სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა მკვეთრად გამოხატულ პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა.

1998-2000 წლებში კი ანკლავში რუსეთის სასულიერო სემინარიებში განათლება მიღებული ახალგაზრდა აფხაზი მღდლები გამოჩდნენ. მათგან, მხოლოდ ერთს - დავით სარსანიას ჰქონდა ქართული ეკლესიიდან ხელდასხმა, დანარჩენები - დოროფეი დბარი, ანდრეი ამპარი და სხვები, მოსკოვის საპატრიარქოს კლირიკების ხელდასმულნი იყვნენ, რაც საეკლესიო კანონის უხეში დარღვევა იყო. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს ამასთან შეგუება უწევდა.

ე.წ აფხაზურ „საეკლესიო წრეებში“ 2007 წლიდან იღებს სათავეს კონფლიქტი „მამებსა და შვილებს“ შორის, რომელიც 2009-2011 წლებში, უკვე დიდ საეკლესიო განხეთქილებაში, "სქიზმაში" გადაიზარდა. 2009 წელს, აფლიაამ საქართველოს ეკლესიის, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია გააუქმა, თავი ე.წ „აფხაზთა მართლმადიდებლური ეკლესიის“ "მმართველად" გამოაცხადა და რუსეთის ეკლესიას „აღიარებისთვის“ მიმართა.

რუსეთის პატრიარქი კირილე ბესარიონ აფლიაასთან (მარცხნიდან მეორე) და აფხაზ "მღვდებთან" ერთად
რუსეთის პატრიარქი კირილე ბესარიონ აფლიაასთან (მარცხნიდან მეორე) და აფხაზ "მღვდებთან" ერთად

მოსკოვის საპატრიარქომ ბუნებრივია, თვითგამოცხადებული ე.წ "ეკლესია" ვერ სცნო, რამაც ახალგაზრდა აფხაზი კლირიკების პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა. "ავტოკეფალისტთა ჯგუფს" დოროფეი დბარი ჩაუდგა სათავეში, რომელიც 2008 წლიდან მღვდლის ხარისხში, უკვე კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ფორმალურად დაქვემდებარებულმა ელადის ეკლესიამ აიყვანა.

„შვილები“ „მამას“ 2011 წელს, საბოლოოდ გაემიჯნენ, ე.წ „აფხაზთა წმიდა სამიტროპოლიტოს“ შექმნა გამოაცხადეს, ახალი ათონის მონასტერი დაიკავეს და "ავტოკეფალურ ეკლესიად" „აღიარებისთვის“ უკვე კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) პატრიარქს მიმართეს. ლიტურგიაში, პირველის - სწორედ ბართლომეოსის მოხსენიება დაიწყეს.

საპასუხოდ, რუსეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დბარსა და კიდევ რამდენიმე „რასკოლნიკს“ მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა. პრორუსულად განწყობილმა, ე.წ „აფხაზთა მართლმადიდებელმა ეკლესიამ“ კი მათ მოღალატეები უწოდა.

2016 წელს, ორ დაპირისპირებულ "ბანაკს" შორის, კინაღამ ხელჩართული ჩხუბიც მოხდა, მას შემდეგ რაც აფლიაამ მომხრეებთან ერთად, ახალი ათონის მონასტერი რამდენიმე საათით დაიკავა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დოროფეი დბართან და დავით სარსანიასთან ერთად
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დოროფეი დბართან და დავით სარსანიასთან ერთად

თეოლოგებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზურ საკითხში საქართველოს საპატრიარქოს მოულოდნელი ჩართვით, აფხაზ სეპარატისტთა „პოლიტიკურ ელიტაზე“ ზეწოლას აძლიერებს, რომლის დიდი ნაწილიც, „ავტოკეფალისტებს“ ანუ ე.წ „აფხაზთა წმიდა სამიტროპოლიტოს“ თანაუგრძნობს.

ასეთი კომისიის ფარგლებში შეხვედრა არ ნიშნავს, რომ იქ მიღებული გადაწყვეტილებები ორივე ეკლესიისთვის ან აფხაზებისთვის იქნება მისაღები, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიის პოზიციებიდან გამომდინარე, ასეთი შეხვედრები და დიალოგი მაინც აუცილებელია“
ლევან აბაშიძე, თეოლოგი

მიუხედავად იმისა, რომ „აფხაზეთის საკითხში“ საქართველოს ეკლესიის პოზიციები ბოლო 25 წელია ყველაზე სუსტია (რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების შემდეგ), თეოლოგი ლევან აბაშიძე ფიქრობს რომ საქართველოს საპატრიარქო მოლაპარაკებებში მაინც უნდა ჩაერთოს:

„თავისთავად ასეთი კომისიის ფარგლებში შეხვედრა არ ნიშნავს, რომ იქ მიღებული გადაწყვეტილებები ორივე ეკლესიისთვის ან აფხაზებისთვის იქნება მისაღები, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიის პოზიციებიდან გამომდინარე, ასეთი შეხვედრები და დიალოგი მაინც აუცილებელია.“

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების „აფხაზური კომისიის“ პირველი შეკრება შესაძლოა, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართოს.

სწორედ ამ დროს აღინიშნება მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავი, რომელზეც საქართველოს პატრიარქ ილია მეორესაც ელოდებიან.

რას ელიან „ერთობლივი კომისიის“ მუშაობიდან, ვინ იქნება კომისიის დანარჩენი ორი წევრი და რა ნიშნით შეირჩა გრიგოლ კაცია, საპატრიარქოში ამ თემაზე დამატებითი კომენტარი არ კეთდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მოსკოვში წალკელი ეპისკოპოსი აუცილებლად გაემგზავრება.

ილია მეორე და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია
ილია მეორე და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია

45 წლის გრიგოლ კაცია ოკუპირებული გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფიდან დევნილია, იგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთის ქალაქ სარატოვში მიიღო. ასპირანტურა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში გაიარა.

„ძალიან უცნაურია ასეთი მაღალი რანგის რუსი იერარქის მხრიდან ახალი ათონის მონასტრის „დაკავებაზე“ საუბარი. ჩვენ ვიმყოფებით, მშობლიურ მიწაზე, ვცხოვრობთ დამოუკიდებელ ქვეყანაში, როგორ შეიძლება „მონასტრის ძალით დაკავებაზე“ საუბარი, როცა ეს ჩვენი სამშობლოს ნაწილია?“
დავით სარსანია

2010 წელს, 38 წლის ასაკში კი მოულოდნელად საქართველოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა, 2013 წლიდან კი წალკელი ეპისკოპოსია. მეუფე გრიგოლი რუსეთის საპატრიარქოს ვებ გამოცემის pravoslavie.ru-ს ერთ-ერთი ავტორია.

ე.წ „აფხაზთა წმიდა სამიტროპოლიტოში“ უკვე განაცხადეს, რომ რუსულ-ქართული ეკლესიების კომისიაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ „დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა“ ერთადერთი სწორი გზაა.

იეროდიაკონმა დავით სარსანიამ, რომელიც 2000 წელს, 22 წლის ასაკში ბერად თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს, ხარისხში კი პატრიარქმა ილია მეორემ აიყვანა, 2006 წლიდან კი „ანტისაეკლესიო მოღვაწეობის გამო“ განკვეთილია, ვოლოკალამსკელი მიტროპოლიტი ილარიონის თბილისში გაკეთებული განცხადება დაგმო.

„ძალიან უცნაურია ასეთი მაღალი რანგის რუსი იერარქის მხრიდან ახალი ათონის მონასტრის „დაკავებაზე“ საუბარი.

ჩვენ ვიმყოფებით, მშობლიურ მიწაზე, ვცხოვრობთ დამოუკიდებელ ქვეყანაში, როგორ შეიძლება „მონასტრის ძალით დაკავებაზე“ საუბარი, როცა ეს ჩვენი სამშობლოს ნაწილია?“ - ბრძანა დავით სარსანიამ.

რუსების მიერ "რესტავრირებული" ილორის ეკლესია, ოკუპირებული აფხაზეთი
რუსების მიერ "რესტავრირებული" ილორის ეკლესია, ოკუპირებული აფხაზეთი
რუსული წარწერა კომანის მონასტერთან, იქ სადაც 1993 წელს, აფხაზებმა და რუსებმა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი და იპოდიაკონი იური ანუა დახვრიტეს
რუსული წარწერა კომანის მონასტერთან, იქ სადაც 1993 წელს, აფხაზებმა და რუსებმა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი და იპოდიაკონი იური ანუა დახვრიტეს
ე.წ „აფხაზთა წმინდა სამიტროპოლიტოს“ "არქიმანდრიტი დოროფეი დბარი
ე.წ „აფხაზთა წმინდა სამიტროპოლიტოს“ "არქიმანდრიტი დოროფეი დბარი



Facebook Forum

XS
SM
MD
LG