ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როკ-ჯგუფი Jinjer: “საქართველოში კანონზე მაღლა რელიგია დგას”


მონაზონი და მუსიკოსი, სოვას ფოტო
მონაზონი და მუსიკოსი, სოვას ფოტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილმა, თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე, საერთაშორისო როკ-მეტალ ფესტივალი, დაწყებიდან მალევე ჩაშალა და ორგანიზატორები, სტუმრები და მძიმე როკის ფანები მუქარით აიძულა სხვა ადგილი ეძებნათ.

Tbilisi JAM! Fest 2016-მა ჯამში 16-ი როკ ჯგუფი შეკრიბა, მათ შორის: უკრაინიდან - Jinjer, შვედეთიდან - Summoned Tide და Tiamat, ისრაელიდან - Walkways, აზერბაიჯანიდან - Pyraweed და Serumhatred, სომხეთიდან Nairi, Perfect Legacy და Euphoria და მასპინძელი საქართველოდან: Mentalisty, Infadus, Dismorial, Dagdagani, E.T.C, Hird Side Justice და xResistenciAx.

JAM! Fest-ის ორგანიზატორებმა, თითქოს, ყველაფერი სწორად გააკეთეს: ნებართვა აიღეს თბილისის მერიისგან; საფესტივალო ადგილად შეარჩიეს ზაჰესის საბაჟო ტერმინალის თავისუფალი სივრცე, რომელსაც არ აქვს არც კულტურული ან არქიტექტორული ძეგლის სტატუსი და შესაბამისად, კულტურის სამინისტროსგან დამატებითი ნებართვა არ სჭირდება.

"სასაფლაოსა და მონასტრის შორის ტერიტორია ქართველი ადამიანისთვის წმინდათაწმინდაა"
გიორგი რაზმაძე, ავჭალის წმიდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის მამაო

კონტრაქტი გააფორმეს ამ ტერიტორიის მფლობელთან (კომპანია „ზაჰესი 2007“), იპოვეს სპონსორი ისრაელის საელჩო; დახარჯეს ფული, მოაწყვეს ლაუნჯ-ზონები; გამართეს სცენა თანამედროვე აპარატურით; გაყიდეს ბილეთები, რომელთა ფასი 30-დან 80 ლარამდე მერყეობდა, გასწიეს სარეკლამო ხარჯი და უსაფრთხოების დასაცავად მიმართეს პოლიციას.

თუმცა, როგორც ჩანს, მათ ვერ გაითვალისწინეს, მთავარი - რაზეც JAM! Fest-ზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ავჭალის წმიდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე აკეთებს აქცენტს.

მამაოს თქმით, ასეთ „ხმაურიან“ ღონისძიებას თურმე სჭირდება, დამატებით, „საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმება“ მოგვიანებით, იგივე გაიმეორა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა მიქაელ ბოტკოველმა. მართლმადიდებელი ეკლესიის აზრით, ზაჰესის ეს ტერიტორია, „ეკლესიებთან და სასაფლაოსთან სიახლოვის გამო ქართველებისთვის წმინდა ადგილია“.

„ეს იყო სასაფლაოსა და მონასტერს შორის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ქართველი ადამიანისთვის წმინდათაწმინდა ადგილია და მათ შეურაცჰყოფას არავის ვაპატიებთ! იყო შემთხვევები, ჩვენი თვალით მნახეთ, რომ ზოგი სასაფლაოზე შარდავდა, ზოგი, ერთმანეთს ეხვეოდა და კოცნიდა. ჩვენ მხოლოდ მივუთითეთ და დავაშოშმინეთ.“ - აღნიშნა მამა გიორგი რაზმაძემ.

მამა გიორგი: "თბილისის მერიის ნებართვა არ მაინტერესებს"
მამა გიორგი: "თბილისის მერიის ნებართვა არ მაინტერესებს"

სინამდვილეში, ფესტივალის გამართვის ადგილიდან, სვიმეონ შოთაძისა და არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩებიდან, მოშორებულია, როგორც წმიდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის ავჭალის ეკლესია, სადაც მამა რაზმაძე მოღვაწეობს, ისე ზაჰესის პანტანასას ღვთისმშობლის დედათა მონასტერი

მძიმე როკის მოყვარულები ამბობენ, რომ ამ ლოგიკით, ფანატიკოსს მამაოებს და მრევლს თავისუფლად შეეძლოთ, 27 მაისს, "დინამო არენაზე", რობი უილიამსის კონცერტის ჩაშლაც.

დინამოს სტადიონთანაც ახლოს მდებარეობს, როგორც დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია, ისე დიდუბის პანთეონი. პლუს, ბრიტანელი ვარსკვლავის კონცერტზე უფრო ძლიერი ხმის აპარატურა მუშაობდა.

Tbilisi JAM! Fest-ის დაწყებიდან, 40 წუთში, ფანატიკოსებმა კონტრაქტორი კომპანია „ზაჰესი 2007“-ის ადმინისტრაცია შეაშინეს, ელექტრო კაბელი გათიშეს ან დააზიანეს და ფესტივალი უშუქოდ დარჩა. არაოფიციალურად ცნობილია, რომ „ზაჰესი 2007“ ძებნაში მყოფი გიორგი უდესიანის საკუთრებაა.

აგრესიული რელიგიური ფანატიკოსების წინაშე, რომლებიც Tbilisi JAM! Fest-ის დარბევით იმუქრებოდნენ, ტრადიციულად, სრულიად უძლური აღმოჩნდა პოლიცია.

შსს-სთვის ფანატიკოსი მრევლის განწყობა და „მიცვალებულთა სულების პატივისცემა“ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ათასობით საქართველოს და უცხოეთის მოქალაქე, რომლებმაც ფესტივალზე დასასწრებად ბილეთები შეიძინეს და შემდეგ გაწბილებულები, თან პოლიციის დაცვის ქვეშ, სახლში მიაბრუნეს, როგორც „სატანისტური სექტა“. ფესტივალის დირექტორი ერიკ ჩუმოვი ამბობს:

"დროზე დაასრულეთ ეს სატანური მუსიკა, ვაქხანალია და დაიშალეთო"
ერიკ ჩუმოვი, Tbilisi JAM! Fest-ის დირექტორი

მამაოს და სხვების მხრიდან, სამწუხაროდ იყო აგრესიული სიტყვები, რომ შემოგივარდებით და ჯობია ჩხუბის გარეშე, თქვენით მორჩეთ ეს სატანური მუსიკა და დაასრულოთ ეს ვაქხანალიაო. სამწუხაროდ, ფესტივალის პირველი დღე ჩაგვეშალა.“

საბოლოოდ, ორდღიანი ფესტივალი (4-5 ივნისი) ერთ დღეში დასრულდა. Tbilisi JAM! Fest-ის ორგანიზატორებმა სასწრაფო წესით, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, მიწისქვეშეს, U-Bahn კლუბი იპოვეს და ფესტივალი იქ დაასრულეს.

ამჯერად უკვე უექცესოდ, რადგან, მიწისქვეშა კლუბის სიახლოვეს ეკლესიები და სასაფლაოები არ აღმოჩნდა. „ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა რელიგია დგას“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს უკრაინული როკ ჯგუფ Jinjer-ის შოკირებული წევრი ტატიანა შმაილიუკა.

Tbilisi JAM! Fest-ი საბოლოოდ მიწისქვეშეთში დასრულდა
Tbilisi JAM! Fest-ი საბოლოოდ მიწისქვეშეთში დასრულდა

Tbilisi JAM! Fest-ი საქართველოში 2006 წლიდან ტარდება და ცნობილი გერმანული ფესტივალის Wacken Open Air-ის ოფიციალური პარტნიორია. თბილისში გამოვლენილი საუკეთესო კავკასიური როკ ჯგუფი, შემდეგ სამხრეთ კავკასიას, სწორედ გერმანიის ფესტივალზე წარადგენს. დიდი არეულობის მიუხედავად, წელს, ეს პატივი აზერბაიჯანულ ჯგუფ Pyraweed-ს ხვდა წილად.

XS
SM
MD
LG