მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი მიიღო, რომელიც თბილისს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ არაფორმარული მინისტერიალის ფარგლებში სტუმრობს. მანამდე, მაკეის აუდიენცია ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან ჰქონდა.
ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვიზიტი, ალბათ, არც მიიქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არა ის ფაქტი, რომ ვლადიმერ მაკეის აკრძალული აქვს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა. ჯერ კიდევ, 2011 წლის 31 იანვრიდან, როცა მაკეი, ბელორუსიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
ბელორუსში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების გამო, „შავ სიაში“ ბელორუსის კიდევ 160-მდე მაღალჩინოსანია შეყვანილი. შავ სიაში პირველია ბელორუსის დიქტატორი ალექსანდერ ლუკაშენკო. ამის მიუხედავად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მინისტრ ვლადიმერ მაკეის შორის ხაზგასმულად თბილი დიალოგი გაიმართა:
მაკეი: „პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მთხოვა გადმომეცა უდიდესი მადლობა იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ბელორუსისთვის, მე მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა, მათ შორის, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თქვა, რომ ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრება.“
სააკაშვილი: „ჩვენ კი მეტად ვაფასებთ, რაც თქვენ გააკეთეთ საქართველოსთვის“
მაკეი: „დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, განვიხილეთ ეს საკითხები. რაღაც მომენტში ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ორმხრივია და ჩვენს გვესმის რომ ეს დაკავშირებულია ერთამანეთთან. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გადმოგცათ რომ თუ გექნებათ სურვილი ნებისმიერ დროს შეიძლება შეხვედრა.“
მაშინ როცა, მინისტრი მაკეი თბილისში შეხვედრებს მართავდა, ბელორუსის დიქტატორი ლუკაშენკო, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიწვევით, სოჭში ჰოკეის თამაშობდა. მკაცრი საერთაშორისო იზოლაციის გამო როგორც ლუკაშენკოს, ისე ბელორუსის პოლიტიკური ელიტის სხვა წევრებს მოგზაურობისთვის დიდი არჩევანი არც აქვთ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო განწყობას ბელორუსის რეჟიმის მიმართ, ყოველმხრივ იზიარებდა საქართველოს პრეზიდენტიც. 2005 წლის აპრილში, სუამის სამიტზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ „ბელორუსიში არ არის დემოკრატია და თავისუფლება“ და „ბელორუს ხალხს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება.“
2006 წელს, ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მინსკში, საქართველოს ხელისფლების მიერ გაგზავნილი მოძრაობა „კმარას“ აქტივისტებიც კი დააკავეს.
სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2007 წლის სექტემბრიდან, როცა მინსკს სრულიად მოულოდნელად, მიხეილ სააკაშვილი დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი ეწვია და პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეხვდა.
2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი, როცა ბელორუსმა, რუსეთის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად არ სცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, იძულებითი მეგობრობა უკვე პრაგმატულ სიყვარულში გადაიზარდა.
ბალტიისპირეთის, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს ჟურნალისტებისთვის მოწყობილ ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე მინსკში ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ახსნა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთთობას:
„რა არის სამხრეთ ოსეთი? ეს არის პატარა ანკლავი ორ ხეობას, მთებს შორის. აქ უფრო ეროვნული გრძნობებია შეხებული, ეს უნდა გადაიჭრას. ჩემი აზრით, გონივრულად არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აწყობილი. მე დარწმუნებული ვარ, ისინი არ გეგმავენ ძალის გამოყენებით, ამ მიწების დაპრობას.
მათ უნდა კონტრასტის ჩვენება. აი, ბათუმი, აი საქართველო, აი, განვითარება. და, ეს ტერიტორიები. ეს მუშაობს! ეს ზუსტად ვიცი! ეს სწორი პოლიტიკაა. ადამიანები მიხვდებიან.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთსაც აღარ აქვს ახლანდელ ხელმძღვანელზე ალერგია. ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. თუ თქვენ ხვალ დაიწყებთ გაერთიანების პროცესს ჩვენ თქვენს გვერდზე ვინებით!
რუსეთს მიწა აქვს, მას არც აფხაზეთი უნდა და არც ოსეთი. ღმერთმა ქნას, რომ ივანიშვილის მხრიდან ისეთივე ურთიერთობა იყოს ბელარუსთან, როგოც სააკაშვილი მხრიდან იყო. „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამერიკის წინაშე იგი პირველი იცავდა ბელარუსს.“
ბელორუსისთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ იგი მიწვეული იქნას 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე. მინსკს ამ საქმეში თბილისის დახმარების იმედიც აქვს, ისევე როგორც 2011 წელს, ვარშავის სამიტის დროს.
თავის მხრივ, თბილისმა ლუკაშენკოს რესურსი შეიძლება მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენისთვის გამოიყენოს. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს:
„ბელორუსის პოზიცია აღიარება-არაღიარების თვალსაზრისით, არის საკმაოდ სერიოზული არგუმენტი მასთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.
ბელორუსი განიცდიდა და ალბათ, ეხლაც განიცდის ამ თემაზე რუსეთის მხრიდან ზეწოლას, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს საკითხი მინსკში არ განიხილება.“
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რომელმაც ოქტომრის შემდეგ, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება დააკომპლექტა, ბელორუსიის რეჟიმის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ საქართველო აღარ დაბრუნდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ამ ინიციატივით, გასული წლის დეკემბერში სწორედ ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო გამოვიდა.
ამავე დროს, კოალიციის წევრმა, რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ მიესალმება ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში.
„თუ ლუკაშენკო მაინც ჩამოვა თბილისში, პირადად მე და ჩემი პარტია ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან შეიგნოს, თუ რა ელის იმ ადამიანების დაპატიმრებისთვის, რომელიც მან ციხეში გამოკეტა. ჩემი პირადი მეგობრები არიან პოლიტიკური ნიშნით ბელორუსში დაპატიმრებულები“ - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.
არაოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოს და ბელორუსის პრეზიდენტები, შეიძლება, ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ, ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. თუმცა, სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა, ან გაიმართება თუ არა საერთოდ, ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.