ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალური ქსელების პოპულარობა


რუბრიკა გალილეო: რამდენი მომხმარებელი ჰყავდა ფეისბუქს გასულ წელს და სად რეგისტრირდებოდნენ ისინი ყველაზე ხშირად? რამდენი გზავნილია ყოველდღიურად „ტვიტერზე“ და „ინსტაგრამზე“?

სოციალური მედიის პოპულარობამ 2013 წელს აქამდე არსებულთან შედარებით, პიკს მიაღწია. „ფეისბუქის“ განცხადებით, მისი აქტიური, ყოველთვიური მომხმარებლის რაოდენობამ მილიარდ 19 მილიონს გადააჭარბა. „ტვიტერის“ ანგარიშის მფლობელები ყოველდღიურად 500 მილიონზე მეტ გზავნილს, ე.წ. ტვიტს ავრცელებენ. „ინსტაგრამის“ ფოტოებს კი დღეში საშუალოდ მილიარდ 2 მილიონი ადამიანის მოწონება აქვს.
სოციალური ქსელები საკმაოდ თვალსაჩინოდ ასახავს იმას, თუ რა აინტერესებს ყველაზე მეტად მის მილიარდობით მომხმარებელს. რა მოსწონს, ან არ მოსწონს და შემდეგ რას უზიარებს ის საკუთარ მეგობრებს „ფეისბუქის“, „ტვიტერის“, „ინსტაგრამის“, თუ სხვა რომელიმე პლატფორმის გვერდებზე. „ინსტაგრამზე“, მაგალითად, ყველაზე მეტი ფოტო გასულ წელს 2 დღეს იდებოდა, მადლიერების და შემდეგ, ხანუკას დღესასწაულზე. ფოტოების გაზიარების ცნობილმა სოციალურმა ქსელმა სურათის გადაღების ყველაზე პოპულარული ადგილების სიაც გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ტაიმს-სქვერი გავიდა, შემდეგ მოდის ნიუ იორკის ცენტრალური პარკი და დისნეი-ლენდი.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:55 0:00
ბმული

„ფეისბუქის“ მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული თემა 2013 წელს რომის პაპის, ფრანცისკე პირველის არჩევა იყო. მეორე ყველაზე ხშირად გაზიარებული ახალი ამბავი კი - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალშობილი. ქვეყნების მიხედვით თემებიც, რა თქმა უნდა, იცვლებოდა. შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული სუპერ-თასის, ე.წ სუპერბოლის გათამაშების თემა იყო, შემდეგ მოდის მთავრობის დახურვა და მესამე ადგილზეა ბოსტონის მარათონი. ამერიკელები, როგორც ჩანს, მარტო საშინაო საკითხებით არ იყვნენ დაკავებული. ათეულში მეოთხე ადგილზე სირიის კრიზისია. მერვე ადგილი დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ახალ წევრს უჭირავს, მეცხრეზე კი ნელსონ მანდელა გავიდა, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი და ცნობილი უფლებადამცველი.

როგორც ქსელის ერთგულ მომხმარებელს მოეხსენება, „ფეისბუქი“ იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ადამიანმა ნებისმიერ მომენტში საკუთარი ადგილმდებარეობა დააფიქსიროს. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტ ადამიანს საკუთარი ვიზიტის მეგობრებისთვის გაზიარება დისნეი-ლენდში მოუნდა. „ფეისბუქის“ მონაცემებით, 2013 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი კალიფორნიის შტატის დისნეი-ლენდში დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის ჰონგ კონგის და ტოკიოს დისნეი-ლენდები.
მიკრო-ბლოგ „ტვიტერმაც“ გამოაქვეყნა წლიური შეჯამება. ხელახლა გაზიარებული გზავნილების მიხედვით, რომელთაც მოკლედ ტვიტებს უწოდებენ, პირველ ადგილზე მსახიობ ლია მიშელის ცნობაა პარტნიორი მსახიობის, კორი მონტისის გარდაცვალების შესახებ. ისინი ერთად პოპულარულ სერიალში „გლი“ თამაშობდნენ. მეორე ადგილზეც მსახიობის გარდაცვალების ფაქტია. ამჯერად ეს პოლ უოკერის ტვიტი გახლდათ. მესამე ადგილზე ნელ ჰორანის ცნობა გავიდა იმის შესახებ, რომ მას 20 წელი შეუსრულდა. ჰორანი ცნობილი ანსამბლის One Direction (ერთი მიმართულება) სოლისტია. სამივე ტვიტი ქსელის 300 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გაავრცელა.

თუმცა, „ტვიტერი“ აღნიშნავს, რომ გასულ წელს ქსელის მომხმარებლებისთვის მთავარი თემები მხოლოდ ცნობილი ადამიანები არ ყოფილან. სოციალური მედიის ეს ფორმა ფართოდ გამოიყენა ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტმა, როდესაც ქალაქის პოლიციამ ბოსტონის მარათონის ორგანიზატორებზე ძებნა გამოაცხადა. როცა პანამის პრეზიდენტმა პანამის არხში საბრძოლო მასალა აღმოაჩინა, ინფორმაციის გასავრცელებლად, უპირატესობა სწორედ „ტვიტერს“ მიანიჭა და მსოფლიოს ამ ამბის შესახებ თავად, პირადი ანგარიშის საშუალებით აუწყა. ასევე მოხდა ირანის შემთხვევაშიც. მსოფლიო ლიდერებმა ირანთან ბირთვული იარაღის თაობაზე მოლაპარაკების პროცესში მიღწეული წარმატების შესახებ, ცნობა ოფიციალური წყაროებით გამოქვეყნებამდე, ჯერ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელეს.
XS
SM
MD
LG