“სიცოცხლისთვის აუცილებელ ზონაში მდებარეობითა და დედამიწასთან შედარებით ახლოს ყოფნით, ამ პლანეტას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს მომავალ კოსმოსურ მისიებში, რომლებიც ეგზოპლანეტების ატმოსფეროს ისეთი ბიოლოგიური ნიშნების საპოვნელად აღწერს, რაც პოტენციურად სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს”, - მაიკლ კრეტინიერი, ფიზიკის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში.
კაცობრიობის ისტორიაში ეგზოპლანეტის არსებობის პირველი დადასტურება, პლანეტის, რომელიც არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, დაახლოებით 30 წლის წინ მოხდა. მართალია, ეჭვი გაცილებით ადრე ჰქონდათ, მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი, მაგრამ დადასტურებულად მათი დეტექცია გასული საუკუნის 90-იან წლებამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ახალი ეგზოპლანეტების აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის "ნასას" კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებას. დღეისთვის, მეცნიერებმა 5 800-ზე მეტი ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს, მაშინ როცა მათი რაოდენობა "ნასას" ვარაუდით, მილიარდობით იქნება.
ერთ-ერთი ბოლო ეგზოპლანეტის არსებობის დამადასტურებელი პუბლიკაცია სამეცნიერო ლიტერატურაში სულ რამდენიმე დღის წინ, 13 თებერვალს გამოჩნდა. მისი ავტორია საერთაშორისო მეცნიერთა დიდი ჯგუფი. ახალი ეგზოპლანეტა ყურადღებას სიცოცხლისთვის გაცილებით ხელსაყრელი პირობებითა და დედამიწასთან შედარებით ახლო მდებარეობით იპყრობს.
ეგზოპლანეტას HD 20794 d მეტსახელად “სუპერ-დედამიწას” უწოდებენ, რადგან ის დედამიწას რადიუსით დაახლოებით ორჯერ და მასით თითქმის ხუთჯერ აღემატება. პლანეტის არსებობის ნიშნები პირველად 11 წლის წინ დააფიქსირეს. მის აღმოჩენას კი ორი წლის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერს, ფიზიკურ მეცნიერებათა დოქტორ მაიკლ კრეტინიერს მიაწერენ. თუმცა, ეგზოპლანეტის არსებობის დადასტურებას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდა.
საქმე იმაშია, რომ აღმოჩენის შემდეგ, ეგზოპლანეტებს ჯერ მხოლოდ კანდიდატის სტატუსით მოიხსენიებენ, რადგან არის შემთხვევები, როცა მათი არსებობა მეცნიერულად არ დასტურდება. შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს, "ნასას" განმარტებით, საბოლოო დადასტურება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ეგზოპლანეტის არსებობას კიდევ ორი სხვა ტელესკოპით ჩატარებული კვლევები დაამტკიცებს.
ეგზოპლანეტა HD 20794 d მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. მისი ორბიტა ვარსკვლავური სისტემის ისეთ ზონაში მდებარეობს, რომელიც მასზე სიცოცხლის თეორიულ არსებობას უწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის მსგავსად, HD 20794 d-ც თავისი ვარსკვლავისგან ისეთ სწორ, ოპტიმალურ მანძილზე ბრუნავს, რომ ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება შეუძლია. წყალი კი, რამდენადაც ცნობილია, სიცოცხლის არსებობის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
ეს ეგზოპლანეტა დედამიწიდან დაახლოებით 20 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, რაც პროფესორ კრეტინიერის თქმით, გვაძლევს შესაძლებლობას, “ვიქონიოთ იმედი, რომ მისი ფოტოების მოსაპოვებლად, მომავალში კოსმოსური მისიები შედგება”. შედარებისთვის, დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ეგზოპლანეტა Proxima Centauri b ჩვენი პლანეტიდან 4 სინათლის წლით არის დაცილებული. ის 2016 წელს აღმოაჩინეს, მისი მასა დედამიწისას 1.27-ით აღემატება და ვარსკვლავის გარშემო შემოვლას ის 11.2 დღე ანდომებს. Proxima Centauri b, ისევე როგორც სხვა დანარჩენი დადასტურებულად არსებული ეგზოპლანეტების უმეტესი ნაწილი, ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს.
განმარტებისთვის: სინათლის წელი მანძილია, რომელსაც სინათლის სხივი კოსმოსურ ვაკუუმში ერთი წლის განმავლობაში ფარავს (გრავიტაციული ველების ზემოქმედების გარეშე). დედამიწაზე გამოყენებული მანძილის საზომი ერთეულებით, 1 სინათლის წამი დაახლოებით 300 000 კილომეტრს უდრის. მაგალითად, მთვარე დედამიწიდან ოდნავ მეტ, საშუალოდ 380 000 კილომეტრშია.
მიუხედავად იმისა, რომ ახლადდადასტურებული ეგზოპლანეტა ვარსკვლავური სისტემის ე.წ. სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს, ჯერ მაინც ძალზე ნაადრევია იმაზე საუბარი, შესაძლებელია თუ არა იქ სიცოცხლის არსებობა. საინტერესოა ის გარემოება, რომ პლანეტების უმეტესობისგან განსხვავებით, HD 20794 d ორბიტაზე არა წრიულად, არამედ ელიფსურად მოძრაობს. შესაბამისად, სისტემის ვარსკვლავთან მისი დაცილება პერიოდულად მნიშვნელოვნად იცვლება. მაგრამ, ეგზოპლანეტა წლის განმავლობაში სიცოცხლისთვის აუცილებელი ზონის გარე ზღვრიდან შიდა ზღვრამდე მოძრაობს და მის ფარგლებს არ სცდება.
ეგზოპლანეტის შესახებ გამოქვეყნებული ნაშრომის, ასევე კვლევის შესაძლო ლიმიტების უფრო დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში “ასტრონომია და ასტროფიზიკა”. 40-ზე მეტი საერთაშორისო მეცნიერის ავტორობით შექმნილი პუბლიკაციის ონლაინ ვერსია უფრო ადრე, 28 იანვარს გამოქვეყნდა.
Facebook Forum