ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომში, "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა


იტალია, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. რომში, მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების პირველი დიპლომატების შეხვედრაზე, მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება.

დიდი შვიდეულის ქვეყნები ოპტიმისტურად უყურებენ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს და იმედოვნებენ, რომ დიპლომატიური ძალისხმევით ცეცხლი შეწყდება. ამ მოლოდინებს კიდევ უფრო მეტად სარწმუნოს ხდის ამერიკაში ისრაელის ელჩის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ, შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა „დღის განმავლობაში“ მოხდეს.

„ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა. ეს შეაჩერებს მკვლელობებს, ნგრევას“, - ამბობს იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საფადი.

რომში მიმდინარე დიდი შვილდეულის შეხვედრას საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, არაბერთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღის მეორე ნახევარში შეუერთდნენ.

„პარტნიორებთან დიალოგი აუცილებელია“, - თქვა შეხვედრაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზედ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა იმსჯელეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერები გასცა. იტალია, რომელიც სასმართლოს დამფუძნებელი წევრია, ამბობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ იტალიის მემარჯვენე მთავრობა შეეცდება შექმნას წინააღმდეგობრივი ფრონტი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან ექვსი სასამართლოს ხელმომწერია, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო უკრაინაც, სადაც უკვე 1000 დღეზე მეტია რუსეთის ომი მიმდინარეობს.

რომში, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოლოჯერ წარმოადგენდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. შემდეგ შეკრებაზე ამერიკას ახალი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეყოლება და დიდი ალბათობით, შეხვედრაზე ამერიკას, ახალი სახელმწიფო მდივნის რანგში, მარკო რუბიო წარმოადგენს. სახელმწიფო მდივნის პოსტზე რუბიოს კანდიდატირურა, არჩეულმა პრეზიდენტმა უკვე წარადგინა და ის ამ თანამდებობაზე სენატმა უნდა დამტკიცოს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის ფიცს 2025 წლის 20 იანვარს დადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG