2011 წლის 11 მარტს იაპონია ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა უძლიერესმა მიწისძვრამ ჯერ შეარყია, შემდეგ კი ცუნამით გაანადგურა ის, რაც სტიქიის პირველ დარტყმას გადაურჩა. თავს დატეხილი უბედურების ეპიცენტრში ტოკიოდან ჩრდილოეთით მდებარე ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული სადგური აღმოჩნდა.
ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ატომური რეაქტორები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რასაც მათი უსაფრთხო გაგრილებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. მაშველი სამსახურების გმირული ქმედების მიუხედავად რეაქტორებში ტემპერატურამ მატება დაიწყო. შემდეგ მოხდა ის, რისიც მთელ სამყაროს ყველაზე უფრო ეშინოდა: ერთმანეთის მიყოლებით სამივე რეაქტორი დაზიანდა და ნიადაგში, ჰაერში და წყალში რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა.
იაპონიის მთავრობამ ფუკუშიმას ირგვლივ ოცკილომეტრიან რადიუსში მყოფი დასახლებები რისკის ზონად გამოაცხადა და მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია დაიწყო. თითქმის ნახევარ მილიონ ადამიანს მოუხდა სახლის დატოვება და დროებით თავშესაფარში გადასვლა. ზონის გარეთაც მოიმატა რადიაციის დონემ. რადიოაქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობა საკვებში და წყალში ტოკიოშიც დაფიქსირდა და სამხრეთ კორეის სანაპიროებზეც.
რადიაციის გაჟონვა ცვალებადი რაოდენობით იაპონიაში დღესაც გრძელდება. ინჟინრები და მთავრობის წარმომადგენლები ყურადღებით ადევნებენ თვალს რკინაბეტონით ნაგებ სპეციალურ დამცავ კორპუსს, ერთგვარ შრეს, რომელიც რეაქტორებზე რადიაციის შეკავებისთვის არის გამიზნული. ექსპერტების ვარაუდით ფუკუშიმას რეაქტორზე ერთ-ერთი კორპუსი შესაძლოა გარღვეული იყოს.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი, ფილიპ ჯამეტი ამბობს, რომ დამცავი კორპუსის გაუმტარობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს:
„ისინი ერთგვარ ჯავშანს, ბარიერს წარმოადგენენ. მათი ფუნქცია სწორედ ავარიის შემთხვევაში ადამიანების და გარემოს რადიაციის შესაძლო გაჟონვისგან დაცვაა“, ამბობს ის.
25 წლის წინ უკრაინის ჩერნობილის ელექტროსადგურზე მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა მოხდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ინჟინრების მიერ აგებულ მოძველებული ტიპის რეაქტორებს სწორედ ეს დამცავი კორპუსის შრე აკლდა. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის მეოთხე რეაქტორი გადახურდა. მისმა აფეთქებამ იმ შენობასაც ახადა სახურავი, რომელშიც რეაქტორი იყო მოთავსებული. რაციაციამ უზარმაზარი რაოდენობით გაჟონა და სანამ მიმდებარა ქალაქს - პრიპიატს - ღრმა ძილით ეძინა, მთელ დასახლებულ ტერიტორიას დაუბრკოლებლად მოედო.
მეოთხე რეაქტორზე ხანძარი რამდენიმე დღე მძვინვარებდა, იწვოდა გრაფიტი და ბირთვული საწვავი. მაშველები ვერტმფრენებით ქვიშას და ცეცხლის ჩამქრობ მასალას ყრიდნენ. ქარმა რადიოაქტიური ნივთიერებები ევრაზიის კონტინენტის ფართო რადიუსზე გაშალა. უკრაინის შემდეგ მისი მაღალი დონე დაფიქსირდა ბელარუსში, რუსეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში და მრავალ სხვა ქვეყანაში.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ პირველი სამი დღე ავარიის გასაიდუმლოებით უმნიშვნელოვანესი დრო დაკარგა. მოგვიანებით ჩერნობილის ირგვლივ 30 კილომეტრიანი რისკის ზონა გამოცხადდა, სადაც ცხოვრება განუსაზღვრელი ვადით აიკრძალა. 200 ათასამდე ადამიანი იყო ჩართული სამაშველო სამუშაოებში. დიდმა ნაწილმა არც იცოდა, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ იყო. მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ნარჩენებისგან გაასუფთავეს ბირთვული სადგურის ტერიტორია და სპეციალური სარკოფაგი ააშენეს, რათა შემდგომი გაჟონვა აეცილებინათ თავიდან.
ჩერნობილში ჯერ კიდევ 200 ათასი ტონა რადიოაქტიური ნივთიერებაა დამარხული და მთელი ევრაზიისთვის ის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. სარკოფაგს 6 თვის მანძილზე აგებდნენ. მას ექსპლუატაციის ვადა მხოლოდ10 წელი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას ვადა 15 წლის წინ გაუვიდა. უკრაინის ხელისუფლება ახალი დამცავი საფარისთვის ფონდების მოზიდვას ცდილობს.
პრიპიატი დღეს მკვდარი ქალაქია. 50 ათასმა მოსახლემ სამუდამოდ დატოვა იგი. პრიპიატის სახლები, ეზოები, სკოლები და პარკები მოჩვენებათა სამკვიდროს ჰგავს.
საბჭოთა ხელისუფლების ცნობით პირველ დღეებში ჩერნობილში მხოლოდ 31 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით მათი რიცხვი საშუალოდ 2 200-იდან 4 000-მდე შეიძლება იყოს.
რეაქტორების დამცავი კორპუსის აუცილებლობაზე საუბარი ჩერნობილამდე სამი წლით ადრე, ამერიკაში სამი მილის კუნძულზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაიწყო. 1979 წლის 28 მარტს პენსილვანიის აღმოსავლეთით მდებარე ატომურ სადგურზე მეორე რეაქტორი დაზიანდა. ბირთვულმა საწვავმა გამაგრილებელი წყლის დაკარგვის გამო ნაწილობრივი დნობა დაიწყო, მაგრამ დამცავი კორპუსის შრემ რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა შეაჩერა და მისი შემდგომი კონტროლი შესაძლებელი გახადა.
სამი მილის კუნძულის შემთხვევის შემდეგ ამერიკაში ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტები და ყოველდღიური მუშაობის მართვის მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდა. ატომურ სადგურებზე რეაქტორების საკონტროლო სპეციალური სიმულაციური დარბაზები შეიქმნა, რომლებშიც პერსონალს სისტემატური თრეინინგი უტარდება.