ათობით ფრანგი კანონმდებელი ამბობს, რომ ვაქცინების მოწინააღმდეგეებისგან სასიკვდილო მუქარებს იღებს. პარლამენტი აგრძელებს იმ კანონმდებლობაზე მუშაობას, რომლის თანახმადაც მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან საზოგადოებრივ დაწესებულებებში - რესტორნებში, კინო-თეატრებში და ტრანსპორტში აცრის დამადასტურებელი ბარათი წარმოადგინონ.
ახალი კანონი მოქალაქეებს აღარ მისცემს შესაძლებლობას აცრის გაკეთება კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენებით აიცილონ თავიდან. კანონპროექტს სხვადასხვა პარტიის მხარდაჭერა აქვს და დიდი ალბათობით, ორშაბათ საღამოს ან სამშაბათ დილით პარლამენტის ქვედა პალატა მას დაამტკიცებს.
საფრანგეთში ვაქცინების მოწინააღმდეგე იმაზე მეტი მოქალაქეა, ვიდრე ევროკავშირის წევრ, მის მეზობელ სახელმწიფოებში. თუმცა ამავე დროს ვაქცინაციის უმაღლესი მაჩვენებლებიც აქვს. 12 წელზე უფროსი მოქალაქეების თითქმის 90% სრულადაა აცრილი.
თუმცა რეგულაციების გამკაცრებამ ანტივაქსერული განწყობების მქონე მოქალაქეები კიდევ უფრო გააღიზიანა და კანონმდებლები ამბობენ, რომ ისინი ძალადობრივ და სასიკვდილო მუქარებს იღებენ. მათ შორისაა მათი ჯანმრთელობის თუ ქონების დაზიანების შესახებ მუქარები.
გასულ კვირას მმართველი პარტიის კანონმდებლის ავტოფარეხს ცეცხლი წაუკიდეს, ერთ-ერთ კედელზე კი ვაქცინების საწინააღმდეგო წარწერა დატოვეს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "დემოკრატია საფრთხეშია", ზოგიერთი კანონმდებელი მისი მკვლელობის გრაფიკულ ფოტოკოლაჟებს იღებს, ნაწილიც სხვაგვარ მუქარას.
საფრანგეთში უკვე თვეებია საჯარო დაწესებულებებში ვაქცინაციის მოწმობის ან ტესტის უარყოფით პასუხს ითხოვენ, თუმცა დელტა და ომიკრონის ვარიანტების სწრაფი გავრცელების გამო, მთავრობამ მაინც გადაწყვიტა ტესტის პასუხით დაწესებულებებში შესვლა შეზღუდულიყო. ახალი რეგულაცია სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს. ვაქცინების მოწინააღმდეგეები კი საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობენ.
Facebook Forum