საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპე აცხადებს, რომ შემდეგ საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით, სამართალდამცავებს დამატებით 60 000 პოლიციელს მიაშველებს. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საწვავზე გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება შეაჩერა, საფრანგეთში მომიტინგეები დაშლას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
პარიზი შიშობს, რომ გასულ უქმეებზე მომხდარი ძალადობის ფაქტები თუ განმეორდა, ეს ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაასუსტებს. გასულ შაბათს, არეულობის დროს ქალაქის ცენტრში მოხდა მაღაზიების ძარცვის, მანქანების დაწვის ფაქტები და სხვა დანაშაულებები.
მასობრივი საპროტესტო აქციები ნოემბერში დაიწყო, როცა გამოცხადდა, რომ პირველი იანვრიდან საწვავზე გადასახადი გაიზრდება. ორგანიზატორებმა დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყვეს. მათ გამოსვლებს თან ახლდა არეულობა და პოლიციასთან შეტაკება, რომელიც მათ დასაშლელად ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდა. შედეგად, საფრანგეთში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ამდენივე დაშავდა.
4 დეკემბერს საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა საწვავზე ფასების მატების პროცესი 6 თვით გადაედო. პარიზი ამ ნაბიჯს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილად განიხილავს. პრეზიდენტი მაკრონი თხევადი საწვავიდან თანდათან უფრო განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას გეგმავს.
Facebook Forum