ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში მცხოვრები ჩინელები თვითიზოლაციაში არიან


რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში მცხოვრებ ჩინელთა ნაწილმა გადაწყვიტა თვითიზოლაცია გამოეცხადებინა. ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში დაახლოებით 500-მდე ჩინელი მცხოვრებია, რომლებიც იზოლაციის რეჟიმში 1 აპრილიდან იმყოფებიან.

"ვკვდებით, ისე გვინდა, სახლში წასვლა", - ამბობს ლიუ ჰაიჯუნი, რომელიც ჩინეთის სასაზღვრო ქალქის, სუიფენის მკვიდრია. იზოლაციის შესახებ ის "ტიანიუ გესტჰაუზიდან" "როიტერს" ტელეფონით ესაუბრა.

"მაგრამ საზღვრები დაკეტილია, ფრენები გაუქმებული, ამბობენ, რომ ხალხი უკან დაბრუნებისას ავად ხდება, ჩემი ბიზნესი აქ არის და ამიტომ უნდა დავრჩეთ რუსეთში და თავს გავუფრთხილდეთ".

რუსეთში ვირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდის შედეგად იქ მცხოვრებ ჩინეთის 150 000-მდე მოქალაქეს იზოლაციაში ყოფნა ან ჩინეთში დაბრუნება მოუხდა.

თუმცა მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი ჩინეთში დაბრუნდა, ქვეყანა აცხადებს, რომ მათ "თან ვირუსი ჩაიტანეს" და ამის გამო საზღვარი კიდევ ერთი თვით დაიკეტა, ქალაქი სუიფენი კი ფაქტობრივად კარანტინშია. მაღაზიების უმეტესობის ფანჯრები და კარები აჭედილია.

რუსეთში მცხოვრები ჩინელები ამბობენ, რომ მათ კარგად ნახეს რა ხდებოდა ვუჰანში, მაგრამ რუსები საკმარის სიფრთხილეს არ იჩენენ, არ იყენებენ ნიღბებს და შესაძლოა ბევრი კიდევ დაინფიცირდეს.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსებს სახლში დარჩენის, სახლიდან მუშაობის და სოციალური დისტანცირებისკენ 1 აპრილს მოუწოდა. ხუთშაბათს ქვეყანაში ოფიციალური ინფორმაციით 3 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამურმა ოდენობამ კი 28 000-ს მიაღწია. რუსეთმა კრიტიკა ჩინური მხარისგანაც დაიმსახურა. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებში კრტიკული განცხადებები ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვმა ვერ მიიღო საკმარისი ზომები იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შეეკავებინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG