გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ევროპელები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. ეს პირობა ბორის პისტორიუსმა ორშაბათს, ბრიტანელ, ფრანგ, პოლონელ და იტალიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ უკრაინას მივცეთ შესაძლებლობა, ძლიერების პოზიციიდან იმოქმედოს", - უთხრა ჟურნალისტებს პისტორიუსმა ბერლინში. ევროპელ ლიდერთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა ამერიკის წვლილი უკრაინის სამხედრო დახმარებაში შემცირდეს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ კამიშმა პისტორიუსის პირობა გაიმეორა და თქვა, რომ კიევი მეტ დახმარებას მიიღებს.
"ევროპამ თავისი ძალისხმევის მეტი კოორდინირება უნდა შეძლოს, მისი ქმედებების ჰარმონიზება. მისი მიზანი უფრო დიდი უნდა იყოს და ასევე, იყოს შეერთებული შტატების კარგი პარტნიორი", - თქვა მან.
"ჩვენ, დღეს ვალდებულები ვართ მკაფიოდ ვთქვათ - ევროპამ უნდა გაზარდოს თავისი ძალისხმევა, როცა საქმე უკრაინას ეხება და რაც ყველაზე მთავარია, როცა საუბარი ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზეა. უფრო მეტი დანახარჯების, მეტი ცოდნის გარეშე ყველა ევროპულ საზოგადოებაში, დღევანდელ ეპოქაში, ყველაფერი უმნიშვნელო იქნება", - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.